სუპერპრეზიდენტი?
ორიოდე დღეში – 20 თებერვალს – მთიან ყარაბაღში საკონსტიტუციო რეფერენდუმი ჩატარდება. მოქალაქეები მხარს დაუჭერენ, ან უარყოფენ ქვეყნის მთავარი კანონის ახალ კონცეფციას. საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური ძალები მოსახლეობას გადამწყვეტი არჩევანის გაკეთეთებისთვის ამზადებენ.
დოკუმენტით გათვალისწინებულ ცვლილებებს შორის აღსანიშნავია წინადადება, რომლის მიხედვითაც არსებული ნახევრადსაპრეზიდენტო მოდელი საპრეზიდენტო მმართველობის სისტემით შეიცვლება.
იქნება თუ არა არცახის მორიგი პრეზიდენტი “სუპერპრეზიდენტი”?
საპრეზიდენტო მმართველობის კრიტიკოსები შემოთავაზებულ მოდელს „სუპერსაპრეზიდენტოს“ უწოდებენ. ყარაბაღის პარლამენტის ოპოზიციური პარტიის,“ეროვნული აღორძინების“ ლიდერი, აიკ ჰანუმიანი მიიჩნევს, რომ სინამდვილეში კონსტიტუცია იმისთვის იცვლება, რათა უფლებამოსილებების კონცენტრაცია მოქმედი ხელისუფლების ხელში მოხდეს და მმართველმა ჯგუფმა თვითაღწარმოება შეძლოს. მისი აზრით, გამორიცხულია, სხვა მიზეზი არსებობდეს, რადგან მოქმედი კონსტუტუცია სულ რაღაც 10 წლის წინ იქნა მიღებული. “ქვეყნის პრეზიდენტი ცდილობს, კონსტიტუცია პირადად მოირგოს. სახელმწიფოს ხელმძღვანელის სავარძელთან „შეზრდა“ კი, შესაძლოა, საბედისწერო გამოდგეს“.
მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტ ბაკო სააკიანს უფლება აღარ აქვს, ხელისუფლების სათავეში დარჩეს, საკონსტიტუციო ცვლილებების შემოთავაზებულ ვარიანტში კი გაწერილია არაერთგვაროვანი ფორმულირება, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფოს მეთაურს შეუძლია 2020 წლამდე (ძველიდან ახალ კონსტიუტუციაზე გადასვლის პერიოდში) შეინარჩუნოს ძალაუფლება. ამის შემდეგ პრეზიდენტს კიდევ ერთხელ მიეცემა საშუალება, ერთი, ან ორი ვადით იყაროს კენჭი.
თუმცა, ხელისუფლების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ეს ფორმულირება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მმართველ გუნდს ასეთი მიზნები აქვს. როგორც მთიანი ყარაბაღის ეროვნული კრების ფრაქცია „დემოკრატიის“ ხელმძღვანელი, ვარდგეს ბაგრიანი აღნიშნავს, საკონსტიტუციო რეფორმები თვითმიზანი ვერ იქნება, კონსტიტუცია რომელიმე ადამიანის პირადი ინტერესების მიხედვითა და კონკრეტული პოსტის შენარჩუნების მიზნით არ უნდა იცვლებოდეს. მით უმეტეს მაშინ, როდესაც თავად ბაკო სააკიანს არ განუცხადებია, სურს თუ არა ხელისუფლებაში დარჩენა გარდამავალ პერიოდში, და იყრის თუ არა კენჭს მომავალში.
ვის გამო, ან რის გამო?
თუ ასეა, მაშ რატომ დაიწყო ყარაბაღში მმართველობის მოდელის შეცვლის პროცესი?
მთიანი ყარაბაღის იუსტიციის მინისტრი, არარატ დანიელიანი დარწმუნებულია, რომ საპრეზიდენტო მმართველობის შემოთავაზებული მოდელი მაქსიმალურად ითვალისწინებს ყველა ფაქტორს – მოსახლეობის უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივ განწყობას. დანიელიანის თქმით, ის გამოწვევების დასაძლევად, რომლებიც ამჟამამდ დგას ყარაბაღის წინაშე, ძლიერი და ერთ მუშტად შეკრული აღმასრულებელი ხელისუფლებაა საჭირო, ხელმძღვანელობა, რომელიც ქვეყნის რესურსების მობილიზებასა და არსებულ სიტუაციაზე ოპერატიულად რეაგირებას შეძლებს – როგორც მშვიდობიან დროს, ისე საომარ სიტუაციაში.
“მე პრინციპულად ვეწინააღმდეგები ტერმინ „სუპერსაპრეზიდენტო მსოდელი“ გამოყენებას, იმიტომ რომ, ჩვენ შემთხვევაში, პირიქით, ჩვენ ვანიჭებთ განსაკუთრებულ მნიშვნელობას პარლამენტის გამაწონასწორებლებს. ვერ დაარქმევ „სუპერსაპრეზიდენტოს“ ქვეყანას, სადაც ყველა ინსტანციის მოსამართლეებს პარლამენტი დაამტკიცებს, პრეზიდენტი კი ამ პროცესში არ იქნება ჩართული; ქვეყანაში, სადაც, კონსტიტუციით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, პრეზიდენტის გადაყენება იქნება შესაძლებელი და სადაც გარანტირებულია ადგილობრივი თვითმმართველობა”.
იუსტიციის მინისტრი არ დაეთანხმა მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც კონსტიტუცია იმისთვის იცვლება, რომ ბაკო სააკიანმა ხელისუფლების შენარჩუნება შეძლოს. დანიელიანმა აღნიშნა, რომ „ქვეყანაში არ არსებობს ხელისუფლების მემკვიდრეობით გადაცემის, ან თვითაღწარმოების ტრადიცია“.
პოლიტოლოგი ალექსანდრ ქანანიანი კი დარწმუნებულია, რომ მოსალოდნელი ცვლილებები უარყოფითად აისახება მთიან ყარაბაღზე. “ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ შემცირდება ხალხის ჩართულობის მნიშვნელობა. მაგალითად, ხალხს ჩამოერთმევა რეფერენდუმის უფლება, რომელიც პარლამენტს გადაეცემა. ეროვნული კრების მართვა კი უფრო მარტივია, ვიდრე – საზოგადოების”.
პოლიტოლოგის თქმით, მიუღებელია ხელისუფლების არგუმენტი, რომლის მიხედვითაც, მოსახლეობამ ახალი კონსტიტუციის შემოღებას იმიტომ უნდა დაუჭიროს მხარი, რომ რეფორმის შემდეგ მთიანი ყარაბარის რესპუბლიკას „არცახის რესპუბლიკა“ დაერქმევა. „სრული უაზრობაა. შეურაცხყოფილი ვარ იმის გამო, რომ მე და სხვა არცახელებს გვასულელებენ იმით, რომ ამ კონსტიტუციაში ტერმინებს „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა“ და „არცახის რესპუბლიკა“ თანაბარი მნიშვნელობა აქვთ“.
თუმცა, ახალი კონსტიტუციის მიღების მომხრეებს სხვა არგუმენტებიც აქვთ.
მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ეროვნული კრების ფრაქცია „სამშობლოს“ ლიდერი, არტურ ტოვმასიანი აღნიშნავს, რომ კონსტიტუციის 175-ე მუხლი რესპუბლიკის იურისდიქციის საზღვრებს ადგენს, რაც მნიშვნელოვანია იმ სახელწიფოსთვის, რომელიც საომარ მდგომარეობაშია.
“აპრილის ომის შემდეგ მოლაპარაკების პროცესი ჩიხში შევიდა. აზერბაიჯანს კი საბრძოლო განწყობა აქვს. ასეთ პირობებში სამხედრო ძალების როლი იზრდება. მნიშვნელოვანია ის, რომ ახალი კონსტიუტუციის მიღება დადებითად აისახება პოლიტიკური სისტემისა და სამხედრო ძალების ეფექტიანობაზე”, – განაცხადა მმართველი პარტიის დეპუტატმა.
საზოგადოებრივი მოსაზრება
ვიდრე პოლიტიკური ძალები საკუთარ არგუმენტებსა და კონტრარგუმენტებს წარმოადგენენ, მოსახლეობა ცდილობს, გაარკვიოს, რა ხდება სინამდვილეში. ჟურნალისტი ბელა ლალაიანი მიიჩნევს, რომ რიგითმა მოქალაქეებმა ჯერ კიდევ ვერ მოასწრეს ახალი კონსტიტუციის შესწავლა; ხოლო პროპაგანდა, რომელსაც პარტიები (კერძოდ კი ამ დოკუმენტის მომხრეები) ეწევიან, “ობიექტური ინფორმაციის მიწოდების ნაცვლად, კიდევ უფრო მეტად აბნევს საზოგადოებას.”
“რეფერენდუმი 20 თებერვალსაა დანიშნული – არცახისათვის ისტორიულ დღეს. ეს თარიღი, მისი აღორძინების დღედ ითვლება. სწორედ იმ დღეს მიიღეს გადაწყვეტილება სომხეთთან მიერთების შესახებ. არცახელებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაა. ხოლო ლოზუნგები „კი არცახს“ და ფლაერები, რომლებზეც 1988 წლის 20 თებერვლის “მიაცუმის” [“გაერთიანების”] დემონსტრაციიის მონაწილეების გამოსახულებებია აღბეჭდილი, ხალხს აბნევს”, – ამბობს ბელა ლალაიანი.
ჟურნალისტის თქმით, მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, ვერ ხვდება, თუ რას უნდა მისცეს ხმა 20 თებერვალს და ხელისუფლებასთან შეხვედრისას მეტწილად სოციალური ხასიათის შეკითხვებს სვამს.
არიან არცახელები, რომლებიც სოციალურ ქსელებშიც აქტიურად განიხილავენ ამ საკითხს და საკუთარ “ფეიჯებზე” ტვირთავენ სურათებს წარწერებით “კი არცახს”, ან “მე წინააღმდეგი ვარ” (თითოეული სურათის ტექსტი მისი ამტვირთავის პოზიციას შეესაბამება). არიან ისეთი მომხმარებლებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ არაა მნიშვნელოვანი ის, რაც ხდება. მათი აზრით, მთავარია, ხელისუფლებამ მაღალი პენსიები დაარიგოს და მათ შვილებს სამსახურები ჰქონდეთ.
ყარაბაღში ჩატარებული ერთადერთი გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობა საპრეზიდენტო მმართველობის ფორმას ანიჭებს უპირატესობას. გამოკითხულთა 75% კენჭისყრაში მონაწილეობას აპირებს, მათგან 85 პროცენტი კი ცვლილებებს უჭერს მხარს. ასეთივე შედეგს ელოდება ხელისუფლებაც. იმას, რომ რეფერენდუმის შედეგები ხელისუფლებისათვის იქნება ხელმსაყრელი, ის ადამიანებიც აღიარებენ, რომლებიც ამ რეფორმას ეწინააღმდეგებიან.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, ტერმინები და პოზიცია მთლიანად ავტორს ეკუთვნის და, შესაძლოა, რედაქციის აზრს არ ემთხვეოდეს.