სომხეთში ჰუმანიტარული პრემია „ავრორას“ მორიგი ლაურეატი აირჩიეს
ჰუმანიტარული სამართლის სფეროში უდიდესი ჯილდო „ავრორა“ წელს მიანმელ ადვოკატს ჩჟო ლა აუნს მიენიჭა. ის უკვე მრავალი წელია იბრძვის მუსლიმი-როჰინჯა ხალხის უფლებებისთვის, რომლებიც მიანმის ტერიტორიაზე ცხოვრობენ და დევნას განიცდიან.
წელს ამ პრემიის პრეტენდენტი 750 ადამიანი იყო 115 ქვეყნიდან. როგორც კომისიის ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, ჩჟო ლა აუნა დაჯილდოვდა „მიანმაში როჰინჯა [ხალხის] უფლებებისთვის, მათ შორის მათი განათლების უფლებისათვის ბრძოლისადმი თავისი ერთგულების გამო“.
პრემიის ლაურეატმა ჩჟო ლა აუნმა თავისი უფლებადამცავი საქმიანობის პერიოდში 12 წელი ციხეში გაატარა, თუმცა მას მიანმაში მუსლიმთა ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლაზე უარი არ უთქვამს. პრემიის გადაცემის ცერემონიის დროს ის კიდევ ერთხელ მოჰყვა როჰინჯა ხალხთან დაკავშირებული სიტუაციის შესახებ, და მსოფლიოს მოუწოდა, რომ ამას ყურადღება მაიქციონ:
„ჩემი ხალხი სასტიკ შევიწროებას განიცდის. ჩემს ხალხს სიმამაცე და საკუთარი თავის რწმენა აქვს დაკარგული, მათ განათლებაზე ხელი არ მიუწვდებათ, და შედეგად, ძალიან გაღარიბდნენ. გული მისკდება, როდესაც ვხედავ, თუ რა დისკრიმინაციას განიცდის ჩემი ხალხი. პრემია „ავრორას“ მხარდაჭერა ადამიანის უფლებების დარღვევით დაზარალებულ მუსლიმებს საშუალებას მისცემს, რომ აღიარებას მიაღწიონ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თანდათან როჰინჯა ხალხის ტანჯვის შესახებ მსოფლიოში სულ უფრო მეტი ადამიანი შეიტყობს”.
უფლებადამცავი მიღებული 1,1 მილიონიდან 100 ათას დოლარის საკუთარ პროექტებში დახარჯვას შეძლებს. კონკურსის წესების მიხედვით, ის ვალდებულია, რომ დანარჩენი თანხა სხვა ორგანიზაციებს გადაუხადოს. ჩჟო ლა აუნი ამ ორგანიზაციების ჩამონათვალთან დაკავშირებით უკვე ჩამოყალიბებულია. ეს არის „ექიმები საზღვრებს გარეშე“ (დიდი ბრიტანეთი), სასწრაფო დახმარების აღმოჩენის მალაიზიური საზოგადოება და მიგრაციის საერთაშორისო კათოლიკური ორგანიზაცია (აშშ, შვეიცარია).
Amnesty International მუსლიმი-როჰინჯა ხალხის სიტუაციას მოცემული მომენტის მთავარ ჰუმანიტარულ კატასტროფას უწოდებს. მიანმაში არსებული კონფლიქტი ასწლეულზე მეტ ხანს გრძელდება. როჰინჯა ხალხი თავს მიანმას შტატ რაკჰაინის ძირძველ მოსახლეობად მიიჩნევს, თუმცა ქვეყნის ოფიციალური ხელისუფლება და ბუდისტი მოსახლეობა ამას არ ეთანხმება. მთავრობა მათ მოქალაქეობის უფლებაზე უარს ეუბნება და როჰინჯა ხალხს არალეგალურ მიგრანტებს უწოდებს.
უკანასკნელი გამწვავების პერიოდში, რომელიც 2016 წელს მოხდა, როგორც დევნილები ირწმუნებიან, მიანმას ჯარისკაცები, მოხალისე ბუდისტებთან ერთად, როჰინჯა მოსახლეობას ხოცავდნენ და აუპატიურებდნენ. შედეგად, 700 ათასზე მეტი ადამიანი ბანგლადეშში გაიქცა. იმ დროისთვის მეზობელ ქვეყანაში უკვე ცხოვრობდა თითქმის 300 ათასი როჰინჯა, რომლებიც იქ წინა შეტაკებების დროს გადავიდნენ.
გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტიერესმა 2018 წლის თებერვალში მიანმადან მუსლიმი მოსახლეობის გაძევებას ეთნიკური წმენდა უწოდა:
„მოქალაქეობაჩამორთმეული ეს ხალხი შეიარაღებული ძალებისა და სხვა ადამიანების მხრიდან უკიდურესად სასტიკ მოპყრობას განიცდის. ისინი საკუთარი სახლებიდან და ქვეყნიდან გააძევეს, რაც ეთნიკური წმენდის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს“.