სომხეთში დარეგისტრირებულ ნარკოდამოკიდებულთა რაოდენობა გაიზარდა. 2019 წლის იანვრის მდგომარეობით, მათი რაოდენობა 6951 იყო, რაც ადრინდელზე 6 პროცენტით მეტია.
ჯანდაცვის სამინისტროს მთავარმა ნარკოლოგმა პეტროს სემერჯიანმა განაცხადა:
„ჩვენ მათი სახელები, გვარები, მისამართები და დიაგნოზები ვიცით“.
ამავდროულად ნარკოლოგმა თქვა, რომ არსებობს სხვა სტატისტიკაც, რომელიც 2011 წელს ჩატარებულ, უფრო ძვირად ღირებულ კვლევას ეყრდნობა. ამ კვლევის მაჩვენებელი – დაახლოებით 30 ათასი ადამიანია.
მაგრამ ასეთი სიღრმისეული კვლევა, მისი ძვირად ღირებულების გამო, უფრო ხშირად არ ტარდება.
მოზარდები და ქალები
რაც შეეხებათ მოზარდებს, სემერჯიანის თქმით, მათ შორის ნარკოდამოკიდებული ბევრი არ არის:
„დარეგისტრირებული არასრულწლოვნები არ გვყავს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ შორის ნარკოდამოკიდებულები არ არიან. ვფიქრობთ, რომ ვიღაცები ნარკოლოგიური სამსახურის მხედველობის არეში უბრალოდ ვერ მოხვდნენ. მაგრამ ნარკომანია უფრო ხშირად 30-40 წლის ადამიანებს შორის გვხვდება“.
მიუხედავად იმისა, რომ ნარკოდამოკიდებულთა უმეტესობა მამაკაცია, დისპანსერში დარეგისტრირებულია ასევე 116 ქალი.
რეაბილიტაციის შესახებ
ქვეყნის მთავარი ნარკოლოგის თქმით, სომხეთში ნარკომანიით დაავადებულ ადამიანებს ყველაზე მოწინავე მეთოდებით პროფესიონალურ დახმარებას სთავაზობენ. თუმცა, რეაბილიტაციაგავლილთა ნახევარი რაღაც დროის გასვლის შემდეგ ნარკოტიკებს ისევ უბრუნდება. ეს, შესაძლოა, რამდენიმე წლის შემდეგაც კი მოხდეს.
სიტუაცია რეგიონში
ნარკოლოგის თქმით, დღესდღეობით სომხეთი, ნარკოდამოკიდებულთა რაოდენობის ზრდის მიუხედავად, უფრო უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე რეგიონის სხვა ქვეყნები:
„საერთაშორისო შეხვედრების დროს, როდესაც მე 6-7 ათას მომხმარებელზე ვლაპარაკობ, ჩვენი მეზობელი საქართველო 400 ათას ადამიანს ასახელებს. საერთაშორისო ექსპერტებს არც ჩვენი სჯერათ, და არც საქართველოსი, რადგან მიაჩნიათ, რომ დათვლის სისტემაში პრობლემებია“.
რაც შეეხება მეზობელ ირანს, სემერჯიანის თქმით, იქ ოპიუმის მოხმარებაა გავრცელებული.