სომხეთში მძაფრად განიხილავენ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარის მიერ თანამდებობიდან წასვლისას გაკეთებულ განცხადებას
სომხეთში რიჩარდ ჰოგლანდის განცახადებაზე მსჯელობა „ამერიკის ხმის“ სომხური სამსახურის ეთერში მისი გაჟღერებისთანავე დაიწყო და აქამდე გრძელდება. ამის საბაბად იქცა შეტყობინება, რომ დროებითი თანათავმჯდომარის თანამდებობაზე ჰოგლანდის უფლებამოსილება 28 აგვისტოს იწურება, და მას ამ თანამდებობაზე – უკვე მუდმივი თანათავმჯდომარის სტატუსით – ენდრიუ შაფერი შეცვლიდა.
„ის გამოცდილი, მაღალი რანგის დიპლომატია, რომელიც ბოლო დროს აშშ-ის მისიების საერთაშორისო ორგანიზაციებში დროებით რწმუნებულად მუშაობდა. მას რეალური გამოცდილება აქვს კვიპროსისა და სხვა კონფლიქტების მოგვარების საქმეში. აშშ-ის ახლანდელი ადმინისტრაცია ყარაბაღის საკითხში პოზიციას არ იცვლის. თანათავმჯდომარის შეცვლის მიუხედავად, ამ საკითხისადმი ამერიკული მიდგომები უცვლელია“, – თქვა ჰოგლანდმა.
რა გაიმეორა ჰოგლანდმა
ჰოგლანდის განცხადებაში წარმოდგენილია ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების ჯერ კიდევ 2009 წლიდან ცნობილი პუნქტები.
ეს პუნქტები სრულად მოგვყავს:
- მთიანი ყარაბაღის რთული ისტორიის გათვალისწინებით, მხარეებმა მისი საბოლოო სტატუსი უნდა განსაზღვრონ ურთიერთშეთანხმებისა და ნების ორმხრივად სავალდებულო გამოხატვის გზით;
- ყოფილი მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის ტერიტორიამ, რომელსაც ბაქო არ აკონტროლებს, უნდა მიიღოს დროებითი სტატუსი, რომელიც, სულ მცირე, ავტონომიის უსაფრთხოებასა და გარანტიებს უზრუნველყოფს;
- მთიანი ყარაბაღის გარშემო მდებარე ტერიტორიებზე კონტროლი აზერბაიჯანს უნდა გადაეცეს. იქ აზერბაიჯანის სუვერენიტეტის გაუთვალისწინებლად არ შეიძლება დასახლება. ამ ტერიტორიების მიმართ აზერბაიჯანის სუვერენიტეტი უნდა აღდგეს.
- უნდა არსებობდეს კორიდორი, რომელიც სომხეთს მთიან ყარაბაღთან დააკავშირებს. ის საკმაოდ ფართო უნდა იყოს გადაადგილების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, თუმცა ლაჩინის რაიონს მთლიანად არ უნდა მოიცავდეს.
- გრძელვადიანი დარეგულირება უნდა აღიარებდეს ყველა გადაადგილებული პირის და დევნილის თავდაპირველ საცხოვრებელ ადგილებზე დაბრუნების უფლებას;
- დარეგულირება თავის თავში უნდა გულსიხმობდეს საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტიებს, რომლებსაც სამშვიდობო მისიები მოიცავს.
რა დაინახეს ჰოგლანდის განცხადებაში სომხეთში
სომხეთის პოლიტიკურ წრეებში აუცილებლად მიიჩნიეს საკუთრივ განცხადების და მისი შინაარსის თაობაზე კომენტარის გაკეთება, თანაც ყველა თანხმდებოდა, რომ მისი ყველა ნათქვამი ადრეც არაერთხელ გაჟღერებულა. ექსპერტები აღნიშნავდნენ: თუ ეს განცხადება იმის მისახვედრად გაკეთდა, თუ როგორ რეაგირებენ კონფლიქტში ჩართული მხარეების საზოგადოებები, მაშინ სომხეთის რეაქცია უნდა გამოჩნდეს: აზერბაიჯანისთვის მიწების გადაცემის შესახებ პუნქტი სომხეთისთვის მიუღებელია, განსაკუთრებით – 2016 წლის აპრილში გამყოფ ზოლზე მომხდარი ესკალაციის შემდეგ.
ქვემოთ მოვიყვანთ სომხეთში გაკეთებულ რამდენიმე კომენტარს:
სტიოპა საფარიანი, პოლიტოლოგი, საერთაშორისო საკითხებისა და უსაფრთხოების სომხური ინსტიტუტის დამფუძნებელი
ჰოგლანდის მიერ გაჟღერებული მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების ვარიანტი სომხური მხარისთვის დამამცირებელია… ეს არის გზა დესტაბილიზაციისკენ. დამამცირებელია ასეთი რამის იმ ქვეყნისთვის შეთავაზება, რომელსაც ომი თავს მოახვიეს, და მას ამ ომის მთავარი ბრძოლა მოგებული აქვს. ეს ხელისუფლების სირცხვილი და ტრაგედიაა, რომელიც ამგვარი ვარიანტის განხილვას დათანხმდა. ხელისუფლებას სულ ჰგონია, რომ მიწების მიცემას დავთანხმდებით, მაგრამ საქმე აქამდე არ მივა და რაღაც გარემოებები ხელს შეუშლის დანაპირების შესრულებას. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სომხეთი რომც დათანხმდეს, აზერბაიჯანი არ დათანხმდება. ალიევმა თავის საზოგადოებას ძალიან მაღალი მოთხოვნა დაუყენა.
სტეპან გრიგორიანი, გლობალიზაციის და რეგიონული თანამშრომლობის ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელი
“ჰოგლანდის განცხადებაზე სერიოზულად მსჯელობაც კი არ ღირს. ამგვარი რამ ადრეც განუცხადებიათ, საქმიანი მოლაპარაკებები კი არ არის. სინამდვილეში, ჰოგლანდის მიერ შემოთავაზებული ვარიანტი არც მე მომწონს. არ მგონია, რომ ახლა ტერიტორიებზე საუბარი მართებული იყოს. უბრალოდ, ამის განხილვა მოლაპარაკებების არარსებობის პირობებში უაზრობაა. შეთავაზებულმა „სატყუარამ“ ორივე მხარე უნდა დააინტერესოს.
გარიკ ისაგულიანი, სომხეთის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი, პარტია „ეროვნული უსაფრთხოების“ თავმჯდომარე
გამორიცხული არ არის, ჰოგლანდის ბოლო განცხდება იმით ყოფილიყო განპირობებული, რომ სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს უნდა შეხვედროდა. [ჰოგლანდის განცხადება რუსეთისა და სომხეთის პრეზიდენტების სოჭში შეხვედრის დღეს გაკეთდა] ეს უბრალოდ შეხსენებაა. ყოველ შემთხვევაში, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები ცდილობენ, განაცხადონ, რომ ამ თემის განხილვისას მათი აზრიც გათვალისწინებული იყო. სომხური მხარე მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით რაიმე ისეთ დათმობაზე წასვლას არ აპირებს, რაც სომხეთშიც და უშუალოდ მთიან ყარაბაღშიც სომეხი ხალხის ინტერესებს ხელს არ შეუწყობს.
ტევან პოღოსიანი, პოლიტოლოგი
ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით ეუთოს მინსკის ჯგუფის ამერიკელი ყოფილი თანათავმჯდომარის რიჩარდ ჰოგლანდის განცხადება სომხეთის სინამდვილეში ახალი დღის წესრიგის შეტანას ისახავდა მიზნად. მისი შეფასება შეიძლება როგორც საკმაოდ თავისებური დიპლომატიური ილეთის, რომელიც ყარაბაღთან დაკავშირებით აშშ-ის მომავალ პოლიტიკას ახასიათებს. აშშ-ის წარმომადგენელი ახალი თანათავმჯდომარე უკვე ჩამოყალიბებული მიდგომებით მოვა და თავის საქმიანობას მათზე დაყრდნობით დაიწყებს.
არამ სარკისიანი, სომხეთის დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე
ამგვარად, ჰოგლანდს ნიადაგის მოსინჯვა უნდოდა, და იმის გაგება, თუ რამდენად პოზიტიურად ან ნეგატიურად არიან მხარეები განწყობილი, უკვე ოც წელიწადზე მეტ ხანს ჩაობებული ამ კონფლიქტის გადასაწყვეტად. და მან მიზანს მიაღწია. რაც შეეხება მის განცხადებას, იმ პუნქტებზე მეტად, რომელბზეც მან მიუთითა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ის განცხადება მაღელვებს – როდესაც ამბობენ, რომ ახალი არაფერი თქმულა. ანუ, გამოდის, რომ რაკი ახალი არაფერია, მაშინ მოცემული პოზიციების განხილვას ვეთანხმებით. თუ რეფერენდუმი არ ჩატარდა, და მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა არ ცნეს, არაფერზე მოლაპარაკებას არ აქვს აზრი.
რას ფიქრობენ ამის შესახებ მთიან ყარაბაღში
ჰოგლანდის განცხადებაზე კომენტარი საგარეო საქმეთა მინისტრმა კარენ მირზოიანმაც გააკეთა.
„ამერიკელი თანათავმჯდომარის რიჩარდ ჰოგლანდის მიერ დასახელებული ელემენტები ახალს არაფერს შეიცავს და არაერთხელ გამოქვეყნებული მადრიდის პრინციპების პერიფრაზს წარმოადგენს.
ამგვარი წინადადებების მიმართ არცახის პოზიცია ცნობილია და უცვლელი რჩება. აზერბაიჯანი-ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების ნებისმიერი მოდელი, თუკი ის სტაბილური და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფისკენაა მოწოდებული, შეუძლებელია მოლაპარაკებების პროცესის ყველა ეტაპზე არცახის მხარის სრულფასოვანი მონაწილეობის გარეშე, და არ შეიძლება არსებულ რეალიებს არ ითვალისწინებდეს.
2016 წლის აპრილის ომმა თვალნათლივ აჩვენა, რომ რეალობას მოწყვეტილი მიდგომები საშიშია და შესაძლოა, გაუთვალისწინებელი პროცესების წინაპირობა შექმნას.
დღეს, პირველ რიგში, აუცილებელია თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმა შეუქცევადი სამშვიდობო პროცესის უზრუნველსაყოფად და მიღწეული შეთანხმებების განსახორციელებლად – კერძოდ, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის გამოძიების მექანიზმების დანერგვის მხრივ. განუხორციელებელი შეთანხმებები ბალასტად იქცევა და მოლაპარაკებების პროცესში შესაძლო დადებით წინსვლას აფერხებს.
უნდა ველოდოთ თუ არა გაუმჯობესებას მოლაპარაკებების პროცესში
ცენტრი “The Armenian Interest”-ის ხელმძღვანელმა, ამერიკანისტმა, ჟურნალების “Forbes”, „რუსეთი გლობალურ პოლიტიკაში“ მესვეტემ არეგ გალსტიანმა ასეთი არცთუ ოპტიმისტური აზრი გამოაქვეყნა – განსაკუთრებულ გაუმჯობესებას არ უნდა ველოდეთ: „დიდი ხნის განმავლობაში ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები ერთსა და იმავე განცხადებებს აკეთებენ: უნდა ჩაბარდეს გარკვეული ტერიტორიები, დაბრუნდნენ დევნილები და სხვა. მთელი ეს წინადადებები არაფრად არ ღირს და მათ გაანალიზებას არავითარი აზრი არ აქვს“.
გლობალიზაციისა და რეგიონული თანამშრომლობის ანალიტიკური ცენტრის დირექტორმა სტეპან გრიგორიანმა ამერიკული მხარის გააქტიურების მიზეზი აშშ-ის ადმინისტრაციის ცვლილებით ახსნა, და აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების პროცესის არარსებობა ჰოგლანდის განცხაებას აზრს უკარგავს: „ტარდება მხოლოდ შეხვედრები, რომლებზეც მოლაპარაკებების პროცესის შესაძლებლობები განიხილება. აზერბაიჯანის მხარე მოლაპარაკებების პროცესის დაწყების პირობად ჯარის გაყვანას აყენებს, სომხური მხარე კი უარზეა“.
სომხეთში აშშ-ის ელჩის კომენტარი
აშშ-ის ელჩმა რიჩარდ მაილსმა დაადასტურა, რომ თანამდებობიდან წასვლისას ჰოგლანდს კონფლიქტის დარეგულირების ახლი პუნქტები არ წარმოუდგენია, მაგრამ სოციალური ქსელების სომხური სეგმენტის კომენტარებს მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით უპასუხა:
“პირდაპირ ვიტყვი, რომ მთელი ეს პრინციპები მოლაპარაკებების საგანს წარმოადგენს, რომელიმე ერთი პუნქტი მეორეზე მნიშვნელოვანი არ არის; არ იგრძნობა იმის არანაირი ნიშნები, რომ ერთი უფრო მეტად განხორციელდება, ვიდრე სხვა. ეს ყველაფერი ერთი და იგივე პაკეტის ნაწილებია, და როდესაც დარეგულირებისთვის აუცილებელ ამ საკვანძო პრინციპებს განიხილავთ, მხოლოდ ერთ პრინციპზე კონცენტრირება არასწორი იქნება“.
ელჩი მაილსის კომენტარში საკვანძო მომენტი შემდეგი განცხადება იყო: აშშ-ს სურვილი აქვს, რომ სომხეთთან ურთიერთობა გააღრმავოს, თუმცა არა – სხვა ქვეყნებთან ურთიერთობის ხარჯზე.
„სომხეთი კარგ სამუშაოს ატარებს, როდესაც ყველა მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობებს აბალანსებს, მათ შორის – რუსეთთან და ირანთან, ასევე აშშ-სა და ევროკავშირთან. მაგრამ ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ჩვენი მიზანია, დარწმუნებული ვიყოთ სომხეთის მიერ გადაწყვეტილებების სუვერენულად მიღების შესაძლებლობაში, თუ რა გზას ირჩევს ის, რომელ ეკონომიკურ და პოლიტიკურ მოდელს.
ჩვენ გვსურს სომხეთს მივცეთ საიმისო ინსტრუმენტები, რომ მან სუვერენული გადაწყვეტილებების მიღება გააგრძელოს, და დარწმუნებული ვიყოთ, რომ სომხეთი არ დაექვემდებარება სხვების მხრიდან ზეწოლას, იმ გზით სიარულის მიზნით, რომლითაც მას სიარული არ სურს. ვფიქრობ, ჩვენ კარგი მაგალითი გვაქვს სომხეთის იმ უნარის სახით, რომ მას შეუძლია საკუთარი ინტერესების გაწონასწორება და აშშ-სთან თანამშრომლობა. ეს არის სომხეთის მონაწილეობა ნატოს წვრთნებში „ღირსეული პარტნიორი“, რომელიც ამ წლის აგვისტოს დასაწყისში საქართველოში ჩატარდა. სომხეთი იმით უნდა ამაყობდეს, რომ გახდა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ერთადერთი წევრი, რომელმაც ამ წვრთნებში მიიღო მონაწილეობა, და ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სამედცინო სამსახურის უზრუნველყოფით, რომელიც ყველა მონაწილე ქვეყანას ემსახურებოდა. ეს სომხეთის შეიარაღებულ ძალებს, ამ წვრთნებსა და ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფას დაეხმარა“.
პუბლიკაციის ტერმინები, ტოპონიმები, აზრები და იდეები აუცილებელი არ არის, რომ JAMnews-ის ან მისი ცალკეული თანამშრომლების შეხედულებებსა და იდეებს ემთხვეოდეს. JAMnews უფლებას იტოვებს, წაშალოს პუბლიკაციისთვის დართული ის კომენტარები, რომლებიც შეურაცხმყოფელად , მუქარის შემცველად ან ძალადობის მოწოდებად იქნება მიჩნეული, ანდა ეთნიკური და სხვა მიზეზით მიუღებელი აღმოჩნდება.