სომხეთში მათ, ვისაც არასდროს უმუშავია, პენსიებს უმატებენ
სომხეთში პენსიები იზრდება იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც არასდროს უმუშავიათ. ახლა, აქამდე არსებული 16 ათასი დარმის ნაცვლად, (33$) ისინი სახელმწიფოსგან 25 500 დრამის (52,5$) ოდენობის პენსიას მიიღებენ.
რამდენ ადამიანს შეეხება ცვლილებები
2019 წლის 1 იანვრიდან ხანდაზმულობის პენსიას მთლიანობაში სომხეთის 85 ათასი მოქალაქე მიიღებს.
მათ შორის არიან არამხოლოდ ისინი, ვისაც არასდროს უმუშავია, არამედ ისინიც, ვისაც სამუშაო სტაჟი აქვს, მაგრამ თვეში 25 ათას 500-ზე (52,5$) ნაკლებ პენსიას იღებდნენ. ამის შესახებ სომხეთის შრომისა და სოციალური საკითხების მინისტრმა სმბატ საგიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ინიციატივის მთავარ მიზანს პენსიონერებს შორის უკიდურესი სიღარიბის რისკის გამორიცხვა წარმოადგენს:
„სომხეთში დაახლოებით ნახევარი მილიონი პენსიონერია, 17 ათასი პენსიონერის პენსიის ოდენობა უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა“.
სწორედ ამ მიზეზით, დანარჩენი პენსიონერებისთვის, ანუ მათთვის, ვინც მუშაობდა და შედარებით მაღალ პენსიას იღებდა, მატება არ იგეგმება. სომხეთში პენსიები და შემწეობები ბოლოს 2015 წელს გაიზარდა. მაშინ დანამატი თვიურად დაახლოებით 4 დოლარს შეადგენდა.
კიდევ ვის შეეხება რეფორმები
საგიანმა განაცხადა, რომ პენსიის მატება შეეხებათ ასევე შშმ პირებს. იმავდროულად მან აღნიშნა, რომ წინათ სხვადასხვა ჯგუფის ადამიანებისთვის თანხების გაცემაში უსამართლობა შეინიშნებოდა. ისინი თანაბარ შემწეობას იღებდნენ, ერთადერთი განსხვავება კი მხოლოდ იმ წამლების რაოდენობასა და მათ დასახელებებში იყო, რაც მათ უფასოდ ეძლეოდათ.
„ახალი კანონპროექტის მიხედვით, შეთავაზებულია, რომ შემწეობები 40%-ით გაეზარდოთ იმ მოქალაქეებს, ვისაც პირველი ჯგუფის ინვალიდობა აქვს, მეორე ჯგუფის ინვალიდობის მქონეთ კი – 20%-ით. ამგვარად, პირველი ჯგუფის ინვალიდობის მქონე პირებისთვის განკუთვნილი თანხა 6400 დრამით[$13] გაიზრდება, მეორე ჯგუფისთვის კი – 3200 დრამით [$6,5]“ – თქვა საგიანმა.
ხაზინას მთელი ეს რეფორმა 110 მილიონი დრამი (დაახლოებით $227) დაუჯდება.
სხვა რეფორმები
სომხეთის მთავრობამ წლის დასაწყისში მიიღო კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, 2019 წლიდან ხანდაზმულობის პენსიების მატების გამო, ადამიანები ოჯახური და სოციალური შემწეობების, ინვალიდობის ან ოჯახის მარჩენალის დაკარგვის შემთხვევაში, შემწეობის მიღების უფლებას არ დაკარგავენ. არსენ მანუკიანიმა, რომელიც მაშინ შრომისა და სოციალური საკითხების მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, განმარტა, თუ რისთვის იყო მიღებული ასეთი გადაწყვეტილება:
„ჩნდება რისკი, რომ [სოციალურად დაუცველი] ოჯახების დიდი ნაწილი სოციალური შემწეობის მიღების უფლებას დაკარგავს. მაგალითად, გადასახადის ზომა, შესაძლოა, 4-6 ათასი დრამით [$8 – 12] გაიზარდოს, რის გამოც, ოჯახი 18 დრამის [$37]ოდენობის სოციალურ შემწეობას დაკარგავს . ხსენებული ცვლილებების წყალობით კი, მოცემული უარყოფითი შედეგების თავიდან აცილება შეიძლება“.