სომხეთში ერევნის ეუთოს ოფისის დაკეტვასთან დაკავშირებით მსჯელობას განაგრძობენ. პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ჯგუფებში ცდილობენ, გაიგონ, თუ როგორ შეძლო აზერბაიჯანმა ოფისი საქმიანობის გაგრძელებისთვის ვეტოს დადება.
როგორც ეუთოს გენერალური მდივნის ოფისში იუწყებიან, ორგანიზაციის წარმომადგენლობა ერევანში უახლოეს თვეებში დაიკეტება. ამის შემდეგ ორგანიზაცია სამხრეთ კავკასიაში წარმოდგენილი აღარ იქნება, რადგან სომხეთი რეგიონის ერთადერთი ქვეყანა იყო, სადაც ჯერ კიდევ მოქმედებდა ეუთოს ოფისი. ოფისის დაკეტვის მიზეზი გახდა მისთვის მანდატის არგაგრძელების გადაწყვეტილება, რისი ინიციატორიც აზერბაიჯანი იყო. შეტყობინების თანახმად, ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნები – გერმანია და ავსტრია – ცდილობდნენ ორგანიზაციის რეგიონში დარჩენილი ერთდერთი სივრეცე შეენარჩუნებინათ, მაგრამ აზერბაიჯანი ამას არ დათანხმდა.
ფონდ „ევრაზია-თანამშრომლობის“ ხელმძღვანელმა გევორგ ტერ გაბრიელიანმა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე თქვა, რომ ეუთოს ერევნის ოფისის დაკეტვა აზერბაიჯანის დიდი თამაშის მხოლოდ პირველი ნაბიჯია. მაგრამ, არ აღნიშნა, თუ მისი აზრით, რა ქმედებები მოჰყვება ამას. ყოველ შემთხვევაში, ის დარწმუნებულია, რომ წარმომადგენლობის დახურვას უშუალო ნეგატიური გავლენა არ ექნება, რადგან ეუთოსა და სომხეთის ერთობლივი პროგრამები სხვა გზებით განხორციელდება.
ტერ გაბრიელიანს მიაჩნია, რომ სომხეთის მხარეს შეეძლო მეტი გაეკეთებინა იმისთვის, რომ ოფისის დაკეტვა არ დაეშვა, საამისოდ კი მანამდე უნდა გადაედგათ გარკვეული ნაბიჯები, რომ ეს საფრთხე თავიდან აეცილებინათ.
ფონდის ხელმძღვანელმა ასევე თქვა, რომ მოცემულ პროცესში რუსეთის დაინტერესებაც არსებობს – ამყოფოს სომხეთი საერთაშორისო საზოგადოებრიობისგან იზოლაციაში. სომხეთმა კი ასეთი სცენარი არც გაითვალისწინა, თუმცა მანამდე რუსეთმა ეუთოს ოფისი საქართველოშიც დახურა.
სომხეთის ეროვნული საკრებულოს საგარეო სქმეთა კომისიის ხელმძღვანელს ოვანეს იგნატიანს მიაჩნია, რომ აზერბაიჯანმა ერევანში ეუთოს ოფისის დახურვის შედეგები უნდა იგრძნოს, ამისთვის კი აუცილებელია, რომ სომხეთმა უკვე ახლავე დაიწყოს ეუთოს მომდევნო სამიტისთვის მზადება და „დესტრუქციული ქმედებების“ დამგმობი განცხადებით გამოვიდეს.
ოპოზიციური დეპუტატი ედმონ მარუკიანი ასევე მიიჩნევს, რომ სომხეთისა და ეუთოს ურთიერთობა პოლიტიკური თვალსაზრისით არ დაზარალდება, მაგრამ არ ეთანხმება იმ აზრს, თითქოს სომხეთმა ყველანაირი ძალა არ იხმარა ორგანიზაციის ოფისის შესანარჩუნებლად. მისი სიტყვებით, „აზერბაიჯანმა სიჯიუტე გამოავლინა და თავისი გაიტანა“.