სომხეთში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში ინვესტორთა არაფორმალური ქსელი შეიქმნა – STAN (Science and Technology Angels Network). ინიციატივის ავტორია – მენიერებისა და ტექნოლოგიების ფონდი FAST (The Foundation for Armenian Science and Technology). ფონდის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ეს სომხური სტარტაპების საერთაშორისო ბაზარზე გასასვლელად შესანიშნავი შანსია.
სომხეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ფონდი (FAST) 2016 წელს შეიქმნა. FAST-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ფონდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მისი მისიაა ტექნოლოგიური ინოვაციებისა და სამეცნიერო პროგრესისთვის „ეკოსისტემის“ შექმნა სომხეთსა და მის ფარგლებს გარეთ. ფონდი აპირებს, რომ „სომხეთის, დიასპორისა და საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებრიობის სამეცნიერო, ტექნოლოგიური და ფინანსური რესურსები გააერთიანოს“
„STAN-ის ინიციატივის გარშემო სომხეთიდან და სხვა ქვეყნებიდან გაერთიანდა 18 ინვესტორი და მეწარმე, რომლებიც თავს „ანგელოზებს“ უწოდებენ. ისინი „ბიზნეს-ანგელოზები“ არიან და ფინანსური სახსრების გარდა, კონსულტაციებსაც გაწევენ, ასევე ხელს შეუწყობენ სტარტაპის ავტორებს აუცილებელი კონტაქტების და კავშირების დამყარებაში“, – თქვა ქსელის თანათავმჯდომარემ რუბენ არუთიუნიანმა.
ამრიგად, მეწარმეს, რომელიც საინტერესო იდეის განხორციელებას გეგმავს, შეუძლია დახმარებისთვის ამ ქსელს მიმართოს, მიიღოს დაფინანსება და კონსულტაციები იმ 18 პირისგან, რომლებიც მეცნიერებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მდიდარ გამოცდილებას ფლობენ.
STAN-ის ავტორებმა განაცხადეს, რომ უპირატესობა იმ სტარტაპებს მიენიჭება, რომლებიც, სავარაუდოდ, საერთაშორისო ბაზრის დაპყრობას შეძლებენ, ანუ, არამხოლოდ სომეხი მომხმარებლისთვის იქნება საინტერესო, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.
ქსელის თანათავმჯდომარეთა თქმით, “ისინი იმ კომპანიებში მოახდენენ ინვესტირებას, რომლებიც საქმიანობის ადრეულ ეტაპზე იმყოფებიან“ – არსებობს იდეა, რომელსაც ავტორები ცხოვრებაში ახორციელებენ, მაგრამ მისი განვითარებისთვის დაფინანსება ესაჭიროებათ.
საქმიანობის პირველი ოთხი წლის განმავლობაში ინვესტორთა ქსელის თითოეული წევრის ყოველწლიური შენატანი 10 000 დოლარს შეადგენს, მეხუთე წლიდან კი – 20 000 დოლარს.