სომხეთის საგანგებო საგამოძიებო სამსახურმა პოლიციის მაღალი თანამდებობის თანამშრომელთა მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ეს საქმე 2008 წლის 1 მარტის მოვლენების გამოძიებას ეხება.
2008 წლის 19 თებერვლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში მღელვარება დაიწყო. იმ პოლიტიკური ბლოკის მომხრეები, რომელსაც სომხეთის პირველი პრეზიდენტი ლევონ ტერ-პეტროსიანი მეთაურობდა, ირწმუნებოდნენ, რომ არჩევნებში სწორედ ტერ-პეტროსიანმა გაიმარჯვა და არჩევნების შედეგების გადახედვას ითხოვდნენ.
2008 წლის 1 მარტს დემონსტრაციის დარბევის დროს საბრძოლო იარაღი გამოიყენეს, დაიღუპა 10 ადამიანი – რვა სამოქალაქო პირი, და პოლიციის ორი თანამშრომელი.
გამოძიება ვარაუდობს, რომ მაღალი თანამდებობის პირებმა დოკუმენტები გააყალბეს. ამ დოკუმენტების თანახმად, 2008 წლის 29 თებერვალს სამართალდამცავმა ორგანოებმა მიიღეს შეტყობინება, რომ თავისუფლების მოედანზე შეკრებილ დემონსტრანტებს იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერებები ჰქონდათ.
„მაღალი თანამდებობის პირებმა, ჯგუფური ინტერესებიდან გამომდინარე, ყალბი ცნობები წარმოადგინეს, რათა პოლიციის ქმედებები გაემართლებინათ, უკანონო ქმედებები დაეფარათ და პასუხისმგებლობა თავიდან აეცილებინათ. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია შემდეგი მუხლებით – „თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება“, „თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტება“ და „სამსახურებრივი გაყალბება“, რაც 1-2 მარტს ერევანში მომხდარი მოვლენების საქმეს დაერთო“, – იუწყება სომხეთის საგანგებო საგამოძიებო სამსახური.
„1 მარტის“ საქმეზე ბრალდებულად მიჩნეულია ასევე სომხეთის მეორე პრეზიდენტი რობერტ კოჩარიანი.
დღეს გაჩნდა ცნობა, რომ ის ქვეყნის დატოვებას და გერმანიაში გამგზავრებას აპირებს, რათა ყოველწლიური სამედიცინო შემოწმება გაიაროს. თუმცა, მისი პასპორტი სამართალდამცავ ორგანოებს აქვთ.
მოცემულ მომენტში კოჩარიანი სომხეთში იმყოფება. ის გერმანიაში აპირებს გამგზავრებას… თუმცა ჯერჯერობით წინასწარი საგამოძიებო ორგანოების მხრიდან იურიდიული აკრძალვა არსებობს. დაცვა ამჟამად ამ წინააღმდეგობების დაძლევით არის დაკავებული“, – იუწყება კოჩარიანის ადვოკატი არამ ორბელიანი.