კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციას სომეხი დიპლომატი აღარ უხელმძღვანელებს
კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის გენერალური მდივანი იური ხაჩატუროვი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებულია. გადაწყვეტილება კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის საბჭომ მიიღო.
ხაჩატუროვის გაწვევის გადაწყვეტილება ერევანმა მიიღო. ის ე.წ. „1 მარტის“ საქმეზე ბრალდებულია.
რა არის კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაცია?
კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაცია – საერთაშორისო რეგიონული ორგანიზაციაა, რომელიც რუსეთის ეგიდით მოქმედებს. როგორც კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის წესდებაში წერია, ორგანიზაციის მიზანია – „მშვიდობის, საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გამყარება,კოლექტიურ საფუძველზე, წევრი ქვეყნების დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვა“.
• რატომ დააპატიმრეს სომხეთის ექს-პრეზიდენტი კოჩარიანი და რის საფუძველზე გაათავისუფლეს
• რუსეთი სომხეთისთვის იარაღის მიწოდებას გააგრძელებს
• მათ შესახებ, ვინც 1999 წელს სომხეთის პარლამენტში ისროლა
ორგანიზაცია 1992 წელს, სსრკ-ს დაშლისთანავე შეიქმნა. საქართველომ, აზერბაიჯანმა და უზბეკეთმა ორგანიზაციის რიგები ძალიან სწრაფად დატოვეს. და ახლა მის ექვს წევრს წარმოადგენს – სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, რუსეთი და ტაჯიკეთი.
რატომ გაათავისუფლეს ხაჩატუროვი თანამდებობიდან
ორგანიზაციის ოფიციალურ შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება სომხურმა მხარემ მიიღო.
„დადგენილი წესის შესაბამისად, სომხური მხარის მიერ ინიცირებული პროცედურა კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის გენერალური მდივნის, სომხეთის რესპუბლიკის წარმომადგენლის იური გრიგორევიჩ ხაჩატუროვის თანამდებობიდან გაწვევის შესახებ დასრულებულია“.
კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის გენერალური მდივნის მოვალეობებს დროებით ვალერი სემერიკოვი – ხაჩატუროვის მოადგილე შეასრულებს.
ოფიციალურმა ერევანმა იური ხაჩატუროვის გაწვევის გადაწყვეტილება „1 მარტის“ საქმეში მისი ბრალდებულის სახით ფიგურირების გამო მიიღო. სისხლის სამართლის საქმე, მუხლით „საკონსტიტუციო წყობის დამხობა“, იური ხაჩატუროვის წინააღმდეგ ამ წლის ივლისში აღიძრა. ის თავდებით გაათავისუფლეს.
2006 წლის 19 თებერვალს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში მღელვარება დაიწყო. იმ პოლიტიკური ბლოკის მომხრეები, რომელსაც სომხეთის პირველი პრეზიდენტი ლევონ ტერ-პეტროსიანი ხელმძღვანელობდა, ირწმუნებოდნენ, რომ არჩევნებში სწორედ მან გაიმარჯვა, და კენჭისყრის შედეგების გადახედვას მოითხოვდნენ.
2008 წლის პირველ მარტს დემონსტრაციის დარბევის დროს გამოიყენეს სამხედრო იარაღი, დაიღუპა ათი ადამიანი – რვა სამოქალაქო პირი და პოლიციის ორი თანამშრომელი.
იური ხაჩატუროვი მასობრივი საპროტესტო აქციების დროს ერევნის შეიარაღებულ ძალთა გარნიზონს მეთაურობდა და გამოძიების ვერსიით, დემონსტრანტების დარბევას ხელმძღვანელობდა.
რა იქნება შემდეგ?
ახლა კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციამ ახალი გენერალური მდივანი უნდა აირჩიოს. ეს ალბათ უფრო 8 ნოემბერს, კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის საბჭოს სესიაზე მოხდება. ორგანიზაციის რეგლამენტის თანახმად, გენერალური მდივნის მანდატი კიდევ ერთი წლის განმავლობაში სომხეთს უნდა დარჩეს.
ოფიციალური ერევნის კომენტარი
ამ სიტუაციის შესახებ უკვე გააკეთა კომენტარი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზოგრაბ მნაცკანიანმა. მისი თქმით, დღეს განიხილება საკითხი, შეინარჩუნებს თუ არა სომხეთი გენერალური მდივნის მანდატს:
„ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ამ ფუნქციის შესრულება შეგვიძლია. ჩვენ საკმაო რესურსი გვაქვს, რათა კანდიდატი წამოვაყენოთ. დაინტერესება პირველ რიგში ის არის, რომ ორგანიზაცია ეფექტიანი დარჩეს“.
შეძლებს თუ არა სომხეთი მანდატის შენარჩუნებას?
კითხვა, შეძლებს თუ არა სომხეთი ამ თანამდებობის თავისთვის შენარჩუნებას, საექსპერტო წრეებში იური ხაჩატუროვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის დღიდან განიხილებოდა. სიტუაციას ოფიციალური მოსკოვის მწვავე რეაქცია ართულებდა. იქ მიიჩნიეს, რომ სომხეთს იური ხაჩატუროვი ჯერ გენერალური მდივნის თანამდებობიდან უნდა გაეწვია, და მხოლოდ ამის შემდეგ დაეწყო მის წინააღმდეგ სისიხლის სამართლის დევნა. შექმნილმა სიტუაციამ კი სტრუქტურის ავტორიტეტს ზიანი მიაყენა.
პოლიტტექნოლოგი ვიგენ აკოპიანი მიიჩნევს, რომ სომხეთი მანდატს ვერ შეინარჩუნებს, და გენერალური მდივნის თანამდებობა სხვა ქვეყანას გადაეცემა:
„არავის მოუნდება, რომ ეს პრეცედენტად იქცეს. ვფიქრობ, შუალედურ გადაწყვეტილებას მიიღებენ: თავმჯდომარეობა ალფავიტის მიხედვით მომდევნო ქვეყანას გადაეცემა“.
იური ხაჩატუროვის შესახებ
1987წლიდან 1989 წლამდე იური ხაჩატუროვი ავღანეთში, სარაკეტო ჯარისა და არტილერიის შტაბის უფროსად მსახურობდა. 92-წლიდან ის მივლენილია სომხეთის თავდაცვის სამინისტროში. 2008 წლიდან გენერალ-პოლკოვნიკი იური ხაჩატუროვი სომხეთის შეიარაღებულ ძალთა გენერალური შტაბის უფროსის და თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობებს იკავებდა. 2016 წელს ის სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივნად დაინიშნა.კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობა მან 2017 წლის მაისში დაიკავა.