სომხეთის პრეზიდენტმა პირველად არ მოაწერა ხელი პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს
სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა ქვეყნის პარლამენტს ფაქტობრივად გამოწვევა გაუგზავნა. 6 თებერვალს პრეზიდენტმა უარი განაცხადა იმ კანონების შესწორებების ხელმოწერაზე, რაც ეროვნულ საკრებულოს უკვე მიღებული აქვს.
არმენ სარქსიანი ორ კანონში შეტანილი შესწორებების კონსტიტუციურობაში დაეჭვდა, და ამ საკითხის გასარკვევად საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.
ეს საკმაოდ მოულოდნელი იყო – როგორც პარლამენტარებისთვის, ისე მთელი საზოგადოებისთვის.
საქმე ისაა, რომ ქვეყნის საპარლამენტო მმართველობის ფორმაზე გადასვლის შემდეგ პრეზიდენტს ძველებური უფლებამოსილებები აღარ გააჩნია, ქვეყნის მეთაური ახლა – პრემიერ-მინისტრია. პრეზიდენტის თანამდებობა კი უფრო წარმომადგენლობით ხასიათს ატარებს.
2019 წლის ბოლოს კომპანია GALLUP International-ის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, პრეზიდენტი სარქისიანი ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პოლიტიკოსად აღიარეს.
JAMnews-სთვის ამ რეიტინგის კომენტირებისას პოლიტოლოგმა გრანტ მიკაელიანმა თქვა:
„ის [არმენ სარქისიანი] არცერთ პოლიტიკურ საკითხთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას არ გამოთქვამს, არავისთან დაპირისპირებაში არ შედის და არავის ვნებს. შესაბამისად, მისი არსიყვარულის მიზეზი ცოტაა“.
მაინც რა მოხდა?
• სკანდალი სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ საერთაშორისო არენაზე გადის
სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა პირველად ისარგებლა უფლებით და „საბანკო საიდუმლოს“ შესახებ და „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ პარლამენტის მიერ მიღებული კანონების შესწორებებსა და დამატებებს ხელი არ მოაწერა, ამის შესახებ ნათქვამია მის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
აქამდე კანონი მხოლოდ ეჭვმიტანილი და ბრალდებული მოქალაქეების საბანკო მონაცემების მიღების საშუალებას იძლეოდა. თუკი პარლამენტის მიერ მიღებული შესწორებები კანონად იქცევა – საგამოძიებო ორგანოებს იმ ადამიანების ანგარიშებზეც მიუწვდებათ ხელი, რომლებიც ეჭვმიტანილ ადამიანებთან არიან კავშირში.
პრეზიდენტი ეჭვობდა, შეესაბამება თუ არა ამგვარი ცვლილებები კონსტიტუციას. სწორედ ამ საკითხის გასარკვევად მიმართა მან საკონსტიტუციო სასამართლოს.
ექსპერტები: „პრეზიდენტი მართალია, ამგვარი ცვლილებები, შესაძლოა, ეკონომიკისთვის საშიში იყოს“
პარლამენტში ცვლილებების შესახებ მსჯელობისას მათი კანონში მიღების წინააღმდეგ ბევრი ეკონომისტი გამოვიდა, რადგან ეს ფინანსურ-ეკონომიკური სისტემისთვის საშიშია.
„თუკი კანონი მუდმივად ამოქმედდება – ამან, შესაძლოა, ინვესტიციების ისედაც შესუსტებული ნაკადი უფრო შეამციროს“, – მიაჩნია ევრაზიული თანამშრომლობის საბანკო-ფინანსური ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილეს, სომხეთის ბანკების კავშირის ყოფილ ხელმძღვანელს, სამველ ჩზმაჩიანს.
სომხეთის ეროვნული საკრებულოს ყოფილი დეპუტატის , ეკონომისტ ვარდან ბოსტანჯანიანის აზრით, შეთავაზებული ცვლილებები ქვეყნიდან კაპიტალის გადინებას გამოიწვევს.
არსებობს სხვა მოსაზრებაც. ეკონომისტი, კვლევითი ცენტრის „ალტერნატივას“ ხელმძღვანელი, პროფესორი ტატულ მანასარიანი მიიჩნევს, რომ საბანკო საიდუმლოს გასახსნელად სერიოზული საფუძველი უნდა არსებობდეს, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში ეს სრულიად დასაშვებია – მაგალითად, „როდესაც საკითხის გადაწყვეტის სხვა ვარიანტები უკვე შეუძლებელია“
„ვერცერთი ის ქვეყანა, რომელიც კორუფციას ებრძვის, პირველ ან მეორე ათეულში ვერ მოხვდებოდა, შესაძლებელი რომ არ იყოს იმ საბანკო ანგარიშების გახსნა, სადაც სერიოზული მტკიცებულებები არსებობს“, – თქვა მანესარიანმა.