სომხეთის პოლიტიკური ძალები რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩაშლით იმუქრებიან
სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მომავალი წლის გაზაფხულზეა მოსალოდნელი, თუმცა ეს არჩევნები უკვე გახდა პოლიტიკური დაპისრისპირების მიზეზი.
„ხავერდოვანი რევოლუციის“ შედეგად მოსული ფაშინიანის ახალი მთავრობის წინააღმდეგ პარლამენტში ფრაქცია “ცარუკიანში” შემავალი პოლიტიკური ძალა “აყვავებული სომხეთი” გამოვიდა.
ამ პარტიის წარმომადგენელმა ნაირა ზოგრაბიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი პოლიტიკური ძალისთვის განსაკუთრებულად მიუღებელი აღმოჩნდა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადება, სადაც მან აღნიშნა, რომ „ზოგიერთი პოლიტიკური ძალა” “რესტორნებსა და მოფარებულ ადგილებში” ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებს წინა ხელისუფლებასთან, ანუ რესპუბლიკურ პარტიასთან.
სომხეთში დღეს აქტიურად ხდება საზოგადოების და პოლიტიკური ძალების დაყოფა ფაშინიანისა და “ხავერდოვანი რევოლუციის” მომხრეებად და წინა ხელისუფლების მხარდამჭერებად.
2018 წლის გაზაფხულზე სომხეთში მომხდარი ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ ხელისუფლების სათავეში მოვიდა პოლიტიკური ძალა, რომელსაც იმ მომენტისთვის ქვეყნის პარლამენტში უმრავლესობა არ ჰქონდა. სომხეთის რესპუბლიკურმა პარტიამ, რომელმაც 2017 წელს საპარლამენტო არჩევნებში ხმათა უმრავლესობა მიიღო, ქუჩაში გამოსული და ოპოზიციური მოძრაობის მხარდამჭერი ათასობით ადამიანის ზეწოლის შედეგად ძალაუფლება დათმო. მოძრაობას სათავეში ედგა საპარლამენტო ფრაქცია „ელკის“ ხელმძღვანელი ნიკოლ ფაშინიანი.
8 მაისს ეროვნულმა საკრებულომ ის პრემიერ-მინისტრად აირჩია. ვინაიდან სომხეთი მმართველობის საპარლამენტო ფორმაზე გადავიდა, შექმნილი სიტუაცია გადაწყვეტას საჭიროებს. ანუ აუცილებელია რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, რომელიც ახალ უმრავლესობას გამოავლენს.
საზოგადოები პოლიტიკური დაყოფა „შავებისა“ და „თეთრების“ ბანაკებად დღეს სომხეთში მწვავე განხილვის და კამათის თემაა.
ამ ნიშნით წარიმართა ერევნის უხუცესთა საბჭოს წინასაარჩევნო კამპანიაც. მაგალითად ერევნის მერობის კანდიდატმა, ფაშინიანიანი თანაგუნდელმა აიკ მარუტიანმა თავის სიტყვაში დიდხანს ისაუბრა „შავებისა“ და „თეთრების“ ბრძოლაზე.
მას მხარი აუბა თავად პრემიერმა ფაშინიანმაც, რომელმაც თქვა, რომ:
„ერევნის მერის არჩევნები ეს არის არჩევანი რევოლუციასა და კონტრრევოლუციას შორის“.
პრემიერის გამოსვლა საკმაოდ მკვეთრი იყო:
„არსებობს მრავალი პოლიტიკური ძალა, რომლებიც დღესდღეობით თავს რევოლუციის მოკავშირეებად წარმოაჩენენ, ჩემს მეგობრებად, მომხრეებად, კოალიციაზე ლაპარაკობენ. თუმცა, კონტრრევოლუციასაც ეკეკლუცებოდნენ და ახლაც ეკეკლუცებიან. და მე თქვენ მოგიწოდებთ, რომ კონტრრევოლუციას არც ერთი ხმა არ მისცეთ“.
ზოგიერთი საპარლამენტო ფრაქციის წარმომადგენლები აღაშფოთა პრემიერ-მინისტრის იმ განცხადებამ, რომ ერევნის უხუცესთა საბჭოს არჩევნები – „შავებსა“ და „თეთრებს“ შორის არჩევანია.
პარტია „აყვავებულმა სომხეთმა“ უკვე განაცხადა, რომ კიდევ იფიქრებს, მისცეს თუ არა ხმა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს.
„ნურავის ეგონება, რომ ხალხს ეროვნული საკრებულოს შენობასთან მიიყვანს… და იმისთვის ხმის მიცემას მაიძულებენ, რასაც არ მინდა, რომ ხმა მივცე“, – განაცხადა პარტია „აყვავებული სომხეთის წარმომადგენელმა და ფრაქცია „ცარუკიანის“ დეპუტატმა ნაირა ზოგრაბიანმა.
და შემდეგ უშუალოდ პრემიერს მიმართა:
თქვენ ცივილიზებული პოლიტიკური კულტურისა და ურთიერთობების ყველა საზღვარს გასცდით“.
ნიკოლ ფაშინიანი მისმა თანამოაზრემ, ფრაქცია „ელკის“ შემადგენობაში მყოფი პარტია „აყვავებული სომხეთის“ მეთაურმა (რევოლუციამდე მას თავად ფაშინიანი მეთურობდა), ედმონ მარუკიანმაც გააკრიტიკა
მარუკიანმა განაცხადა, რომ პრემიერმა ამ განცხადების გამო პატიება უნდა ითხოვის:
„იმის მტკიცება, რომ „ჩვენ თეთრები ვართ, დანარჩენები კი შავები არიან“, – ეს არის ყველაფრის საწყისი. მე ვამბობ, რომ რესპუბლიკური პარტია არჩევნებში არ მონაწილეობს, მაგრამ მონაწილეთა შორის შავებად და თეთრებად გამყოფი ხაზები წარმოიშვა, და ზოგიერთი ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერას ცდილობს“.
პოლიტოლოგი სტეპან გრიგორიანი აღნიშნავს, რომ ნიკოლ პაშინიანის მისამართით კრიტიკის გაძლიერება წინასაარჩევნო პროცესებს და ამომრჩევლების მხარდაჭერის მოპოვების სურვლს უკავშირდება:
„წინასაარჩევნო პერიოდში კრიტიკა – ნორმალურია. თითოეულ პარტიას იმის ჩვენება უნდა, რომ თავად უკეთესია. ისეთ ქვეყნებშიც კი, სადაც სერიოზული მრავალპარტიული სისტემის ტრადიცია არსებობს, არჩევნების დროს ძალიან მკვეთრი ბრალდებები გაისმის. ვინ თქვა, რომ ამ ძალებმა მუდმივად ნიკოლ პაშინიანს უნდა დაუჭირონ მხარი, ისე როგორც რევოლუციიის დროს?“
ამავდროულად ექსპერტი აღნიშნავს, რომ ის პარტიები, რომლებიც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მხარდაჭერის ინიციატივის უარყოფით იმუქრებიან, ერევნის მერის არჩევის შემდეგ თავის თვალსაზრისს მაინც შეიცვლიან.
„ყველა ხვდება, რომ ასეთი სიტუაცია დიდხანს ვერ გაგრძელდება, და რომ ასეთი პარლამენტით შორს ვერ წახვალ. იყო რევოლუცია, თუნდაც მშვიდობიანი, მაგრამ არ ყოფილა ხელისუფლებაზე ნებაყოფლობით უარის თქმა. და როდესაც რევოლუციური გარდაქმნები ხდება, ძველ პარლამენტს უკვე აღარ შეუძლია ახალი ხელისუფლების საჭიროებების დაკმაყოფილება. ადამიანებმა პრემიერი აირჩიეს, მანდატი მისცეს, მას კი პარლამენტში უმრავლესობა არ აქვს, რათა საკუთარი ინიციატივები განახორციელოს“.
სტეპან გრიგორიანი არ გამორიცხავს, რომ სომხეთში ისევ დაიწყოს მასობრივი საპროტესტო აქციები, თუკი ეროვნული საკრებულო ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს კენჭს არ უყრის.
„ნიკოლ პაშინიანს დიდი მხარდაჭერა აქვს, და რეიტინგის დაწევის ტენდენცია არ შეინიშნება. საზოგადოებაში არსებობს განცდა, რომ რევოლუცია ჯერ არ დასრულებულა. და შესაძლოა, მიტინგები დაიწყოს. თუკი ასეთი რამ მოხდება, პარლამენტი იძულებული გახდება, რომ ვადამდელ არჩევნებს ხმა მისცეს“,- მიაჩნია სტეპან გრიგორიანს.