სომხეთის ეკონომიკის თითქმის მეოთხედი ჩრდილოვანია
სომხეთში საგადასახადო ბეგარის გარეშე დარჩენილი ნაშთი 22 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავიდ ანანიანმა განაცხადა; ყველაზე ხშირად გადასახადებს ვაჭრობის სფეროში არიდებენ თავს.
• როგორ მოქმედებს თურქული ლირის გაუფასურება სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ეკონომიკაზე?
• ბიზნესი ხელისუფლებას უნდა ჩამოშორდეს – რა მოხდა სომხეთის ეკონომიკაში
კიდევ რომელ სფეროებში არ იხდიან გადასახადებს
სომხეთში ჩრდილოვანი ეკონომიკის მნიშვნელოვანი წილი მცირე და საშუალო ბიზნესზე მოდის. 2018 წლის გაზაფხულზე მომხდარი „ხავერდოვანი რევოლუციის“ შემდეგ მსხვილი ბიზნესი გადასახადებს იხდის, რადგან დიდი ფინანსური ნაკადების დაფარვა რთულია.
„დიდ საწარმოებში ფულის გადამალვა და წლობით ასე მუშაობა რთულია; თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენი საგადასახადო უწყება ასეთ საწარმოებთან ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს“, – ამბობს სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარე დავიდ ანანიანი.
მისი თქმით, ეკონომიკის „ყველაზე ჩრდილოვან“ სექტორს ვაჭრობის სფერო წარმოადგენს. ჩრდილოვანების ნაწილი ასევე არსებობს სოფლის მეურნეობაშიც. სტრუქტურა დამრღვევებთან ბრძოლას შემოწმებების გამკაცრებით ცდილობს.
ექსპერტის მოსაზრება
სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის მიერ გამოცხადებული 22 პროცენტი რეალობასთან საკმაოდ ახლოს არის, – მიაჩნია ეკონომისტ გრანტ მიქაელიანს. ის ჩრდილოვანი ეკონომიკის წილის საკუთარ კვლევას ატარებს და ირწმუნება, რომ აგვისტოში სომხეთის ეკონომიკის 24 პროცენტი ჩრდილოვანი იყო.
ექსპერტი ეთანხმება იმ აზრს, რომ მსხვილი ბიზნესი მთლიანობაში გადასახადებს იხდის. ამის შესახებ ოფიციალურად ახლად დარეგისტრირებული თანამშრომლების რიცხვი და გადახდილი გადასახადების მოცულობა მეტყველებს.
მცირე ბიზნესის შემთხვევაში კი, ეკონომისტის აზრით, ჩრდილოვანებასთან ბრძოლა რთულია, ზოგ შემთხვევაში კი – უსარგებლოც:
„მაგალითად, ის ადამიანები, ვინც ბინებს აქირავებენ. დღეისათვის დადგენილია 10-პროცენტიანი გადასახადი. რეგისტრირდება მხოლოდ 1 პროცენტი. ახლა შესაძლოა 2 პროცენტამდე დაიკლოს, მაგრამ თუ ყველა გარიგება დარეგისტრირდება. თეორიულად ამის გაკეთება შეგვიძლია. თუმცა, რთული იქნება თვალ-ყურის დევნება, რომ გარიგებები ყველამ დაარეგისტრიროს, ეს უბრალოდ არარენტაბელურია“.
JAMnews-სთან საუბრისას ექსპერტმა სახელმწიფო სტრუქტურის ის განცხადებაც დაადასტურა, თუ რომელ სფეროებში მეტად არის ჩრდილოვანება.
„სფეროების თანაფარდობა უჩვენებს, რომ ჩრდილოვანების მეტი წილი ვაჭრობასა და მომსახურების სფეროებშია. მაგალითად, წარმოებაში ჩრდილოვანება ნაკლებია“.
გრანტ მიქაელიანი ასევე ამბობს, რომ რევოლუციამდე ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი საერთო მოცულობის 26 პროცენტს აღწევდა. ახლანდელი მაჩვენებლის – 22 პროცენტის – 12 პროცენტამდე შემცირება კი რეალურად შესაძლებელია.