სომხეთის ათი მაცხოვრებლიდან სამი - ღარიბია
ფოტო: გევორგ კაზარიანი, JAMnews
სომხეთის ათი მაცხოვრებლიდან სამი – ღარიბია. ეს სომხეთის ეროვნული სტატისტიკური სამსახურის ოფიციალური მონაცემებია. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ სიღარიბის ასეთი დონე უკიდურესად საშიშია ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც სომხეთია. ხელისუფლება ირწმუნება, რომ ღარიბების რაოდენობის შესამცირებლად მუშაობენ, თუმცა ჯერ შედეგისთვის არ მიუღწევიათ.
სომხეთში სიღარიბეში 880 000 ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის:
- ძალიან ღარიბია – 295 000 ადამიანი, მათი თვიური შემოსავალი დაახლოებით 33 ათას დრამს (69 დოლარს შეადგენს);
- უკიდურესად ღარიბია – 54 000 ადამიანი, რომელთა შემოსავალი 23 ათას დრამია (48 დოლარს).
ეკონომისტების დაკვირვებით, წინა წლებთან შედარებით, სიღარიბის დონე თითქმის არ შემცირებულა. მოქალაქეების ხელფასები და პენსიები არ გაზრდილა, სამაგიეროდ გაძვირდა პური, რძის პროდუქტები და რიგი სხვა პირველადი მოხმარების საქონელი, რის შედეგადაც მოქალაქეების მსყიდველუნარიანობა შემცირდა.
„სინამდვილეში ჩვენთან სიღარიბის უფრო მაღალი დონეა, ვიდრე ოფიციალურად ცხადდება. ყველა ვხედავთ, თუ რა სისწრაფით მატულობს ფასები და ყველაფერი ძვირდება. ვხედავთ, თუ როგორ აისახება ინფლაცია, განსაკუთრებით – პირველადი მოხმარების საქონელზე. ამ ფონზე სამრეწველო საქონლის გამყიდვლები ასევე უმატებენ ფასებს, რადგან თავადაც უკვე მომატებულფასიან საქონელს მოიხმარენ.
ჩვენმა თანამემამულეებმა, რომლებიც რუსეთში მუშაობენ, თავიანთი ოჯახებისთვის ნაკლები ფულის გამოგზავნა დაიწყეს, რადგან პრობლემები იქაც არის. ეს ყველაფერი არ შეიძლებოდა რომ სიღარიბის დონეზე არ ასახულიყო“, – მიაჩნია ეკონომისტ ზოია ტადევოსიანს.
სომხეთის ეროვნული სტატისტიკური სამსახურის კვლევის თანახმად, სომხეთში სიღარიბის დაძლევას დამატებით 63,2 მილიარდი დრამი (130 მილიონი დოლარი) ესაჭიროება. ასეთი სახსრები კი, ეკონომისტების აზრით, სომხეთს არ გააჩნია.
ეკონომისტი არამ კაიფაჯიანის თქმით, შესაძლოა, სიტუაცია ინვესტიციების წყალობით გამოსწორდეს:
„ვინაიდან სომხეთის ეკონომიკა მცირეა, მაგალითად, 300 მილიონი დოლარიდან 1 მილიარდ დოლარამდე ოდენობის ინვესტიციები შეიძლება სერიოზულ დახმარებად იქცეს. ეს დადებით იმპულსს გააჩენს და მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა გაიზრდება. თუმცა, ამის ერთ დღეში მიღწევა შეუძლებელია“.
დაახლოებით ბოლო 10 წლის განმავლობაში სომხეთში ხელისუფლების სათავეშია რესპუბლიკური პარტია, რომელიც არ ჩქარობს, სიღარიბის მაღალ დონეზე პასუხისმგებლობა აიღოს.
ეროვნული საკრებულოს მმართველი უმრავლესობის ხელმძღვანელი ვაგრამ ბაღდასარიანი მოწოდებით გამოდის, რომ დამნაშავეები არ ეძებონ:
„ჩვენ არ უარვყოფთ სტატისტიკურ მონაცემებს, ვამბობთ, რომ გვაქვს პრობლემები, რომელთა გადასაჭრელად ინსტრუმენტები უნდა გამოვიყენოთ. იმ მიზნების, საპროგრამო დებულებების მიმართულებით, რომლებიც დაინერგა, მათ შორის – საუბარია სიღარიბის შემცირებაზეც, სერიოზული სამუშაო უნდა ჩავატაროთ. არ უარვყოფთ, რომ ამგვარი მოვლენა არსებობს“.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ სიღარიბე მხოლოდ სომხეთში არ არის, ეს მოვლენა მსოფლიოს ყველა ქვეყანაშია:
„თუ თქვენ მოიტანთ სხვა ქვეყნების მაგალითს, სადაც 2000-იანი წლების შედეგ, დამოუკიდებლობის შემდეგ კეთილდღეობა სუფევს, და ეს კეთილდღეობა მკაფიოდ ვლინდება, მაშინ ვიტყვით, რომ ამ ინსტრუმენტებს არსაკმარისად კარგად ვიყენებთ. ეს საერთო ტენდენციაა“.
ხელისუფლების წარმომადგენელმა სხვა დეპუტატმა, რომელიც ამავდროულად სოციალურ საკითხებში საპარლამენტო კომისიას ხელმძღვანელობს, სენსაციური განცხდება გააკეთა; მისი აზრის შესახებ ახლა მთელი ქვეყანა მსჯელობს. აკოფ აკოფიანის სიტყვებით, ფასების მატება ღარიბებზე არ აისახება, რადგან „ღარიბები ცოტას ხარჯავენ“:
„ღარიბები იძულებით, ავტომატურად გაურბიან გაძვირებულ საქონელს. სახელმწიფო პოლიტიკა კი იმისთვის არის საჭირო, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ფასების ზრდა ღარიბ ფენას შეეხება, ის ამისგან დაიცვას. ახლა იმის აუცილებლობა არ არსებობს, რომ ამით სახელმწიფო დაკავდეს. ღარიბებს გაძვირებული ან ძვირად ღირებული საქონლის ყიდვისგან თავშეკავება ჩვევად აქვთ. ეს თვითგადარჩენის ინსტინქტია“.