სომხეთში წელს ტურისტების რაოდენობა გაიზარდა
სომხეთმა, 2018 წლის პირველ 9 თვეში, 8,8 პროცენტით უფრო მეტი ტურისტი მიიღო, ვიდრე 2017 წლის იმავე პერიოდში. მათმა საერთო რაოდენობამ, მილიონ 200 ათასი ადამიანი შეადგინა.
საიდან ჩამოდიან სომხეთში?
ყველაზე მეტი ტურისტი სომხეთში რუსეთიდან ჩამოვიდა – 525 ათასი ადამიანი. მეორე ადგილზე არიან ტურისტები მეზობელი საქართველოდან – 233 ათასი. ირანიდან სომხეთში გასული 9 თვის განმავლობაში 132 ათასი ტურისტი ჩამოვიდა.
დინამიკაში, შესამჩნევი ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან შემოსულ ტურისტებზე – ინდოეთი (ზრდა 131 პროცენტი), ჩინეთი (107 პროცენტი) და ყაზახეთი (83 პროცენტი).
რატომ გაიზარდა რუსი ტურისტების რაოდენობა?
წინასაახალწლო პერიოდში, სომხეთი აღმოჩნდა რუსებისთვის ყველაზე პოპულარული უცხოური ტურისტული მიმართულება. სომხეთზე მოთხოვნა ამ წელს, 76 პროცენტით გაიზარდა. რუსული მედიის შეფასებით, სიტუაციაზე გავლენა მოახდინა ავიაბილეთების ფასის 12 პროცენტით გაიაფებამ და ასევე, შედარებით იაფმა სერვისმა.
სიტუაციის შეფასება და შემდგომი ნაბიჯები
ტურისტების რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით ისაუბრა სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშინიანმა.
„ეს, რა თქმა უნდა, შანსია ბევრი სომეხი ბიზნესმენისთვის, განახორციელოს თავისი წილი ეკონომიკური რევოლუცია და შექმნას მყარი საფუძველი ზაფხულში, უფრო დიდი ტურისტული ბუმისთვის“, – განაცხადა მან.
იმისათვის, რომ დადებითი დინამიკა შეინარჩუნონ, ტურიზმის კომიტეტი უცხოურ ტურისტულ სააგენტოებს ინფორმაციას აწვდის ქვეყანაში მომხდარ ცვლილებებსა და „ხავერდოვან რევოლუციაზე“. მათი ამოცანაა, „გაამყარონ, როგორც ტურიზმისთვის უსაფრთხო და სტაბილური ქვეყნის პოზიციები“.
სააგენტო ასევე იტყობინება, რომ სომხეთში ტურიზმი „გაახალგაზრდავდა“, უფრო ზუსტად კი, ქვეყანაში მეტი ახალგაზრდა ჩამოდის. ისინი ინტერესდებიან ექსტრემალური, სპორტული და საფესტივალო ტურიზმით.
ირანიდან ჩამოსულთა რიცხვი შემცირდა
ირანიდან, საიდანაც ტრადიციულად ბევრი სტუმარი ჩამოდის, ამ წელს ტურისტთა რიცხვი შემცირდა. შედარებისთვის, 2016 წლის პირველ რვა თვეში ქვეყანას 160 ათასზე მეტი ადამიანი ესტუმრა, ამ წლის ცხრა თვეში კი – 132 ათასი ტურისტი.
ირანელებისთვის სომხეთში ჩასვლის მთავარი მიზეზი ნოვრუზ ბაირამია (მათი ახალი წელი). ის მარტის მეოთხე შაბათს იწყება და 13 დღის განმავლობაში გრძელდება. მხოლოდ ამ ორი კვირის განმავლობაში, სომხეთი, როგორც წესი, 20-25 ათას ირანელს მასპინძლობს. საქმე იმაშია, რომ ირანში ბევრი რელიგიური აკრძალვა მოქმედებს, სომხეთში კი ეს შეზღუდვები არ არის. ამ დღეებში ირანელები შეიძლება ნებისმიერ ადგილას შეგხვდნენ, დაწყებული მუზეუმებიდან, დამთავრებული ღამის კლუბებით.
რა თქმა უნდა, ევროპული ქვეყნები შესაძლოა უფრო სასურველი იყოს, მაგრამ სომხეთი ახლოსაა და ბევრი აქ საკუთარი ავტომობილით ჩამოდის.