სომხეთი - თავშესაფარი უცხოელებისთვის
27 წლის ლამარანა ჯიბა სომხეთში 7 წლის წინ ჩამოვიდა გვინეიდან. როდესაც მშობლიურ აფრიკასა და შორეულ მხარეში დარჩენილ ოჯახს იხსენებს, თვალები ცრემლებით ევსება, მაგრამ როდესაც მასთან მისი ვაჟი ალვინი მორბის, სახეზე ღიმილი ეფინება – ბიჭი დედას ეხუტება და სომხურად წარმოთქვამს: „დე, წავიდეთ“.
«მიყვარს სომხეთი. აქ უსაფრთხოდ და მშვიდად ვგრძნობ თავს. ფაქტობრივად, ჩემი მეორე სახლია. სამი წლის წინ აქ ჩემი ვაჟი ალვინი დაიბადა. იგი ჩემზე უკეთესად მეტყველებს სომხურად. ალვინი საბავშვო ბაღში დადის. მას აქ მეგობრები ჰყავს. ჩემი ვაჟი სომხეთის მოქალაქეა. სწორედ აქ გავიცანი ჩემი მეუღლე. იგი გვინეელია. ჩემი ქმარი განათლებით პროგრამისტია, მაგრამ აქ თავისი სპეციალობის შესაფერისი სამსახური ვერ იპოვა. ერევანში მუშაობს – „დიჯეის“ ფუნქციებს ასრულებს და ასე გვარჩენს», – ამბობს ის.
გვინეაში ლამარანა ლაბორატორიაში მუშაობდა. ცხოვრების ჩვეული წესი მაშინ დაერღვა, როდესაც ქვეყანაში სამხედრო კონფლიქტი გაჩაღდა. სწორედ ამ დროს გაიცნო მან ერთი სომეხი კაცი, რომელმაც სომხეთში გადმოსვლა შესთავაზა.
«სომხეთი მშვიდი ადგილია, აქ კეთილი ადამიანები ცხოვრობენ, რომლებიც დაგეხმარებიან. ნუ გეშინია», – ამბობს ის. ამ ადამიანმა მიშვილა – იმისათვის, რათა სომხეთში ცხოვრების უფლება მქონოდა. აქ კარგად ვგრძნობ თავს – ისე, როგორც საკუთარ ქვეყანაში. ჭრა-კერვა ვისწავლე და მსურველებს მოდურ აფრიკულ ნაწნავებს ვუკეთებ და საერთოდ, მზად ვარ, ნებისმიერი სამუშაო შევასრულო.
სომხური ენა ხალხთან ურთიერთობით ვისწავლე. ენის კურსებზეც დავდიოდი. ყველაფერს ისე ვაკეთებ, როგორც სომეხი ქალები. უნდა ნახოთ, რამდენი კონსერვი მოვამზადე ზამთრისთვის!» – ამბობს ლამარანა, რომელიც მეორე შვილის გაჩენისათვის ემზადება.
იგი დარწმუნებულია, რომ სომხეთში დარჩენას შეძლებს. მას აქ ყველაფერი მოსწონს და მხოლოდ სამსახურის საკითხი აღელვებს.
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საგარეო კავშირების კოორდინატორი, ანაით აირაპეტიანი ამბობს, რომ სომხეთი პატარა ქვეყანაა, რომელიც ბლოკადაში იმყოფება და ეკონომიკურ სიდუხჭირეს განიცდის, მაგრამ ამის მიუხედავად, ქვეყანაში სხვადასხვა ეროვნების უამრავი უცხოელი გადავიდა საცხოვრებლად (სხვადასხვა გარემოებების, ომებისა და კონფლიქტების გამო).
«ისინი მშობლიურ ქვეყნებს ტოვებენ და იმ გზით, რომლითაც ისინი ევროპაში ჩასვლას გეგმავდნენ, ზოგჯერ სომხეთში, ან საქართველოში ხვდებიან ხოლმე. მიზეზი კი უბრალო შეცდომაა – ამბობენ, რომ ალბანეთისა და რუმინეთის სახელები სომხეთის სახელწოდებას ჰგავს და მიუხედავად ამისა, საბოლოოდ სომხეთი მათ მეორე სამშობლოდ იქცევა ხოლმე“, – ამბობს ანაით ჰაირაპეტიანი.
61 წლის პაოლამ ოჯახი კუბაში დატოვა და უკვე სამი წელია, რაც სომხეთში ცხოვრობს. აღიარებს, რომ მას რუსეთში გადაყვანას დაჰპირდნენ, მაგრამ ამის ნაცვლად სომხეთში მოხვდა – ქვეყანაში, რომლის არსებობის შესახებაც საერთოდ არ იცოდა.
«ახლა სომხეთი ჩემი ქვეყანაა. ეს საუკეთესო ადგილია ინტეგრაციისათვის. აქ კომუნიკაბელური და სტუმართმოყვარე ხალხი ცხოვრობს. ამ ადამიანებთან საუკეთესო ურთიერთობები მაქვს. კუბაში მშენებლობაზე ვმუშაობდი და მალე პენსიაზე უნდა გავსულიყავი. აქ სამსახურს ვეძებ, მაგრამ ენის არცოდნა სერიოზულ პრობლემას მიქმნის. რთული ენაა. მის შესასწავლად განსაკუთრებული სიბეჯითეა საჭირო», – ამბობს პაოლა.
41 წლის არლეტი პროფესიით ბუღალტერია. იგი წარმოშობით კონგოდანაა. სომხეთში ქალიშვილთან ერთად ჩამოვიდა. მათ აქ შვიდი წელი გაატარეს და სომხეთი მხოლოდ რამდენიმე თვის წინ დატოვეს. ჯერ კიდევ აქ იყვნენ, როდესაც არლეტმა გვითხრა, რომ სომხეთის არსებობის შესახებ ინტერნეტის საშუალებით შეიტყო.
«მომწონს სომხური სამზარეულო: ლავაში, ტოლმა… კარგი მეგობრები მყავს. სომხები კეთილი და გულისხმიერი ხალხია. ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ მუქკანიანი ადამიანის დანახვისას გაოცების გამოხატვას ვერაფრით გადაეჩვივნენ. ჩემი ქალიშვილი სკოლაში დადიოდა. ცეკვის გაკვეთილებზე რამდენჯერმე შევამჩნიე, რომ მშობლები შვილებს შავკანიან გოგოსთან ხელჩაკიდებით ცეკვას უკრძალავდნენ.
სომხეთში კანის ფერი ჯერ კიდევ პრობლემურ საკითხს წარმოადგენს. ჩემი CV რამდენიმე ადგილზე გავგზავნე, მაგრამ დანახვისთანავე უარს მეუბნებოდნენ. ალბათ, ჩემი კანის გამო ეგონათ, რომ უსუფთაო ვარ. მაგრამ თუკი კანს გავიჭრით და ჩემს ჭრილობას დავაკვირდებით, იმავე წითელ სისხლს დაინახავთ. ნამდვილად არ მაქვს შავი სისხლი», – ღიმილით ამბობს არლეტი, რომელიც ძალიან კარგად ფლობს სომხურ ენას.
სომხური ენის სწავლების პროცესში შვეიცარიული ჰუმანიტარული ფონდი „კაზაცაა“ ჩართული. მათ, ვისაც სომხეთში თავშესაფრის მიღება სურს, ან ლტოლვილის სტატუსი აქვს, „კაზა“ სთავაზობს პროექტს „შეუერთდი სამეზობლო თემს“, რომელიც გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
«პროგრამა სამი კომპონენტისგან შედგება: სომხური ენის კურსისგან, კულტურათაშორისი შეხვედრა-მასტერკლასებისგან და კლუბურ ფორმატის შეხვედრებისგან. ეს ყველაფერი კულტურათაშორის ინტეგრაციასთან, მრავალფეროვნებასთან და განვითარებასთანაა დაკავშირებული. წელიწადში სამჯერ (ან მეტჯერ) კი გასვლით ტურებს ვაწყობთ – როგორც ერევანში, ისე მის ფარგლებს გარეთ», – ამბობს პროგრამის ხელმძღვანელი სონა ხლგატიანი.
იგი აცხადებს, რომ თითოეული ელემენტი ახალ სივრცეში ადაპტირების ხელშეწყობასა და ადგილობრივი და სხვა ჩამოსული პირების საზოგადოებაში ინტეგრირებას ისახავს მიზნად.
პროგრამა ძირითადად იმ ემიგრანტებზეა გათვლილი, რომლებიც სპეციალურ თავშესაფარში ცხოვრობენ და დიდი ხნის მანძილზე მოლოდინის რეჟიმში იმყოფებიან. ისინი სტატუსის მიღებას ელოდებიან. ხშირად ასეთი ლოდინი სტრესის გამომწვევ მიზეზად იქცევა ხოლმე.
ამ წამოწყების მთავარ მიზანს ადამიანების ცხოვრების შეცვლა, მათ ყოველდღიურ ყოფაში მოტივაციისა და ინტერესის შეტანა წარმოადგენს. ეს ყველაფერი მათი სომხეთში ადაპტირების პროცესის გამარტივებისთვის კეთდება.
სონა ხლგატიანი ამბობს, რომ მისი კურსები სახელწოდებით «სომხური ენა ფინჯან ყავასთან ერთად (Armenian over coffee)» არაფორმალურ და მეგობრულ გარემოში ტარდება. იგი თავშესაფრის მაძიებელ 39 ადამიანს სომხურ ენას ასწავლის. ლექციების თემებად ყოველდღიური სიტუაციები გამოიყენება: ექიმთან ვიზიტი, დიალოგები ბაზარში, მაღაზიაში და ა.შ.
«თუკი ამ საზოგადოებაში ინტეგრირება გსურს, პირველ რიგში ენა უნდა გამოიყენო. თუმცა, სომხური რთული ენაა. ჩემი კურსის ძირითად სირთულეს წარმოადგენს ის, რომ მას სხვადასხვა ენებზე მეტყველი და განსხვავებული კულტურის მატარებელი ადამიანები გადიან. ვცდილობთ, ეს გაკვეთილები ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს და ყველას ჰქონდეს ჩართულობის შეგრძნება. ჩვენი მეცადინეობები ოთხ-ხუთ ენაზე ტარდება – სომხურად, რუსულად, ინგლისურად, ესპანურად… გუნდურობის იდეა ამუშავდა და ერთმანეთის დახმარებითა და ერთმანეთის პრობლემებისა და თავისებურებების სწორად აღქმით მივიწევთ წინ»,- ამბობს სონა ხლგატიანი.
«სომხეთი ძალიან მოსწონთ დევნილებსა და იმ ადამიანებს, რომლებიც თავშესაფარს ითხოვენ. მათ ამ ქვეყანაში გამეფებული ატმოსფერო იზიდავთ. ამბობენ, რომ აქაურებს კარგად ესმით მათი. ენობრივი ბარიერი ყველა უცხოელისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს. ამ დაბრკოლების დაძლევის შემდეგ ისინი უფრო ადვილად ურთიერთობენ ადამიანებთან და სამსახურის ძებნისას ბევრად უფრო თავდაჯერებულად იქცევიან ხოლმე. ხშირად მეუბნებიან, რომ ამ ქვეყანაში აპირებენ დარჩენას და მომავალში აქ იცხოვრებენ და იმუშავებენ», – ამბობს ანაით ჰაირაპეტიანი.
იგი მიიჩნევს, რომ სომხეთის ყველა მოქალაქეს შეუძლია, დაეხმაროს ლტოლვილებს, ქვეყნის, კულტურისა და ტრადიციების გაცნობაში და თითოეულ მათგანს საზოგადოების სრულუფლებიან წევრად აგრძნობინოს თავი.
«მრავალფეროვნება ჩვენს ქვეყანას ახალ ძალებს მატებს და აჩენს „მეორე სუნთქვას“, რომელიც ჩვენ ძალიან გვჭირდება. არსებობს ფრაზოლოგიზმი, რომლის მიხედვითაც ლტოლვილს უცხო ქვეყანაში მხოლოდ პირადი ნივთების ბოხჩა არ ჩამოაქვს ხოლმე. ეს გამოთქმა ზუსტად შეესაბამება იმ ლტოლვილებსაც, რომლებიც სომხეთში ჩამოდიან», – ამბობს ანაით ჰაირაპეტიან.