სომხეთში პირველადი მოხმარების საქონელზე ფასის მატება იგეგმება
სომხეთში შემოტანილი 800 ტიპის საქონლის საბაჟო გადასახადი 2020 წლის 1 იანვრიდან მოიმატებს. საუბარია იმ საქონელზე, რომლებიც სომხეთში ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებიდან არ შედის.
ევრაზიის ეკონომიკური კავშირი – ეკონომიკური ინტეგრაციის საერთაშორისო კავშირია, რომელიც რუსეთის ეგიდით მოქმედებს და აერთიანებს სომხეთს, ბელარუსს, ყაზახეთს და ყირგიზეთს. ორგანიზაცია თავის წევრებისთვის მუშახელის, საქონლის, მომსახურებისა და კაპიტალის თავისუფალ გადაადგილებას უზრუნველყოფს.
სომხეთი ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს 2015 წლიდან შეუერთდა და ავტომატურად გახდა ამ ორგანიზაციის საბაჟო კავშირის წევრი. იმავე 2015 წელს გადაწყდა, რომ ამ კავშირის ყველა წევრ ქვეყანაში საბაჟო გადასახადი გათანაბრებულიყო. ამ პროცესის საბოლოო მიზანს საერთო ბაზრის ფორმირება წარმოადგენს.
მას შემდეგ, რაც სომხეთში მესამე ქვეყნებიდან – ანუ არა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებიდან საქონლის იმპორტის შესახებ ცვლილებები ძალაში შევიდა, საზღვარზე უფრო მაღალი საბაჟო გადასახადების გადახდა იქნება საჭირო. ამგვარად, ევრაზიის ეკონომიკური კავშირიდან შესულ საქონელს კონკურენტული უპირატესობა ექნება.
სომხეთში საბაჟო გადასახადების გაზრდა ჯერჯერობით გადაიდო, ანუ ზოგიერთი საქონლისთვის გამონაკლისი დაუშვეს. ივარაუდებოდა, რომ 2020 წლამდე სომხეთის ხელისუფლება ქვეყნის ეკონომიკის ცვლილებებისადმი ადაპტირებას მოახდენდა.
• სომხეთის პრემიერი სომხეთ-რუსეთის ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს ოპტიმისტურად უყურებს
რომელ საქონელზე გაიზრდება საბაჟო გადასახადები
800 დასახელებას შორის არის პირველადი მოხმარების საქონელიც. მაგალითად, 2020 წლიდან შინაური ცხოველების ხორცზე საბაჟო გადასახადი 25 პროცენტით მოიმატებს, მომავალში კი – 80 პროცენტით.
ცვლილებებს დაექვემდებარება ასევე ხორბლის, მზესუმზირის ზეთის, რძისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის საბაჟო გადასახადი.
ყველაზე მეტად მსუბუქი ავტომობილები გაძვირდება, რადგან განბაჟებისთვის ექვსჯერ მეტი თანხის გადახდა იქნება საჭირო. ექსპერტების შეფასებით, ეს მანქანების 4-ჯერ გაძვირებას გამოიწვევს.
რა მოჰყვება ამას
საბაჟო გადასახადების გაზრდას აუცილებლად მოჰყვება არამხოლოდ სიაში ჩამოთვლილი საქონლის გაძვირებაც. უდავოდ ამოქმედდება მულტიპლიკაციური ეფექტი, როდესაც საქონლის ერთი ნაწილის გაძვირება სხვა საქონლის გაძვირებას იწვევს – მიაჩნია ეკონომისტ ვააგან ხაჩატრიანს:
„ეს ყველაფერი ჩვენს მოქალაქეებს შეეხებათ და ეკონომიკაზე ნეგატიურ გავლენას მოახდენს. ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებში საბაჟო გადასახადი, საშუალოდ, 2,7-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე სომხეთში. ასევე აღვნიშნავ, რომ კავშირში შესვლამდე სომხეთი ატარებდა ღია კარის პოლიტიკას, რა დროსაც საბაჟო გადასახადი 5-10 პროცენტს არ აჭარბებდა“.
მესამე ქვეყნებიდან შემოსულ საქონელზე საბაჟო გადასახადების ცვლილებას ის მოჰყვება, რომ სომხეთის მაცხოვრებლებს არჩევანის შესაძლებლობა მნიშვნელოვნად შეუმცირდებათ:
„ჩვენ ბევრი ისეთი საქონლის შეძენას ვერ შევძლებთ, რასაც მიჩვეულები ვართ, რადგან, მაგალითად, საყოფაცხოვრებო ან სასოფლო სამეურნეო საქონლის იმპორტით დაკავებული ბიზნესი მიხვდება, რომ კონკურენციას ვერ უძლებს. ჩვენ შევიძენთ არა კორეულ, არამედ რუსულ ტელევიზორებს“, – ამბობს ეკონომისტი ვააგან ხაჩატრიანი.
იმისთვის, რომ ამგვარი სიტუაცია არ დაუშვას, სომხეთის ხელისუფლებამ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ კოლეგებთან მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს, – დარწმუნებულია ეკონომისტი თათულ მანასერიანი:
„შესაძლოა, ზოგი დასახელების საქონელზე მიაღწიონ შეთანხმებას, რომ ამჟამად არსებული ტარიფების ვადა გაგრძელდეს; რადგან ეს არამხოლოდ სომხეთისთვის, არამედ კავშირის სხვა წევრებისთვისაც პრობლემაა“.
2019 წელს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის თავმჯდომარეობა სომხეთს გადაეცა, და 30 აპრილს ამ ორგანიზაციის ყველა წევრი ქვეყნის მთავრობის მეთაურები ევრაზიის ეკონომიკური კავშირის მთავრობათაშორისი საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად ერევანში ჩავიდნენ.
ერევანში გამართული სხდომის დროს ერთ-ერთ მთავარ განსახილველ საკითხს საბაჟო გადასახადებთან დაკავშირებით არსებული სიტუაცია წარმოადგენდა. თუმცა, სხდომის დასრულების შემდეგ თავად რუსეთის პრემიერმა დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ შემოსული საქონლის საბაჟო გადასახადების თაობაზე კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.