ახალგზარდების ჯგუფმა ერევნის ქუჩებში მარშით მსვლელობა მოაწყო. მათ პლაკატებზე ეწერა – „მეცნიერების გამო გადავადება იარსებებს“ – ისინი მოითხოვდნენ, რომ მოქმედი კანონი არ შეიცვალოს და სტუდენტებს, რომლებსაც 18 წელი შეუსრულდათ, ჯერ სწავლის დასრულება შეეძლოთ და მხოლოდ ამის შემდეგ გაიწვიონ ჯარში.
საქმე ის არის, რომ სომხეთის მთავრობამ წარმოადგინა კანონის პროექტი, რომელიც სამხედრო სამსახურის შესახებ კანონის შეცვლას გულისხმობს და სამხედრო სამსახურის გადავადების უფლებას მხოლოდ იმ სტუდენტებს აძლევს, რომლებიც თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტს დადებენ.
ამჟამად გადავადება ეკუთვნის ყველას, ვინც სახელმწიფო უმღლეს სასწავლებლებში უფასოდ სწავლობს.
„ისინი ამბობენ, რომ სწავლის მიზეზით გადავადებას ბევრი სამხედრო სამსახურისგან თავის არიდების მიზნით იყენებს. შესაძლოა, ამგვარი პრობლემა მართლაც არსებობს. მაგრამ ჩვენი აზრით, საბოლოოდ სწორედ ისინი დაზარალდებიან, ვისაც მეცნიერული მუშაობა სურს. ესე იგი, თავად მეცნიერება დაზარალდება“, – უთხრა JAMnews-ს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთმა სტუდენტმა.
აქციის მონაწილეები ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ ისინი მხარს უჭერენ იმ იდეას, რომ სომხეთში სამხედრო სამსახური ყველა ახალგაზრდა მამაკაცმა უნდა გაიაროს. ისინი მხოლოდ იმას მოითხოვენ, რომ ანგარიში გაუწიონ იმათ ინტერესებს, ვინ საკუთარ კარიერას მეცნიერებაში ხედავს.
იმას, რომ სტუდენტური გადავადებები სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით არ უნდა გამოიყენებოდეს, სომხეთის თავდაცვის მინისტრი ვიგენ სარგსიანიც ეთანხმება.
მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამ საკითხის დასარეგულირებლად სტუდენტებს სთავაზობენ ხელშეკრულების ხელმოწერას, რომლის მიხედვითაც, ისინი ვალდებულებას იღებენ, რომ სასწავლო ზონაში სამხედრო მომზადებას და სამსახურს იმ ადგილას გაივლიან, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო განსაზღვრავს.
და თან, ის, ვინც სამინისტროსთან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს, არა – ორ, არამედ სამ წელიწადს იმსახურებს.
„გადავადების უფლება არ უქმდება, უბრალოდ ის სამსახურის სახეობას დაუკავშირდება. ის მოქალაქე, რომელსაც უმაღლესი განათლება აქვს მიღებული, და სურს, რომ სარგებლობა მოიტანოს და შეიარაღებულ ძალებში ოფიცრად იმასხუროს, ასეთ შესაძლებლობას მიიღებს“, – თქვა ვიგენ სარგსიანმა.
უფლებადამცველებმა ასევე გამოთქვეს შეშფოთება ახალ პროექტთან დაკავშირებით. ვანაძორში ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის ხელმძღვანელმა არტურ საკუნცმა თქვა, რომ ამგვარად საზოგადოება მნიშვნელოვანწილად მილიტარიზებული იქნება.
მალე ამ კანონპროექტს ეროვნულ საკრებულოში განიხილავენ.