სომეხი სამხედრო მოსამსახურეების თვითმკვლელობის ორი შემთხვევა ერთ კვირაში
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ორი სომეხი ჯარისკაცის თვითმკვლელობა მოხდა. ამასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეების მუხლების მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეები თვითმკვლელობამდე თანამსამსახურეებმა და ოფიცრებმა მიიყვანეს. საზოგადოება შეშფოთებულია – ბოლო დროს სომხეთის ჯარში ამგვარი შემთხვევები არ შეინიშნებოდა.
• სომხეთის სამხედრო ბიუჯეტი 25 პროცენტით გაიზარდა
• ფაშინიანი: „ყარაბაღთან დაკავშირებით პირველი ნაბიჯი აზერბაიჯანმა უნდა გადადგას“
ოფიცრის მოკვლა სცადა, შემდეგ კი თავი მოიკლა
მთიან ყარაბაღში მომსახურე 19 წლის ვალოდია გალოიანის გვამი სათვალთვალო პუნქტიდან 50 მეტრში აღმოაჩინეს. გამოძიების ვერსიით, ჯარისკაცმა თავიდან საბრძოლო პოზიციის მეთაურის მიმართ სროლა სცადა, თუმცა ოფიცრის მოკვლა ვერ შეძლო.
ამის შემდეგ გალოიანმა საბრძოლო პოზიცია მალევე დატოვა. რამდენიმე საათში, ყბის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით, აღმოაჩინეს მისი გვამი, რომლის გვერდით მისი კუთვნილი ავტომატი АК-47 იდო.
„მკვლელობის მცდელობისა“ და „თვითმკვლელობამდე მიყვანის“ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. დაკავებულია საბრძოლო პოზიციის მეთაური, ის „ხელქვეითის ცემაშია“ ეჭვმიტანილი.
ნათესავებს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერათ
მეორე ინციდენტის მსხვერპლია 19 წლის ამიკ ვარდანიანი. ჯარისკაცის გვამი, შუბლში მიყენებული ჭრილობით, საბრძოლო პოზიციაზე აღმოაჩინეს. თუ რა ვითარებაში მოხდა ტრაგედია, არ იუწყებიან. თუმცა, სისხლის სამართლის საქმე „თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით“ უკვე აღძრულია.
ამიკ ვარდანიანი ოჯახში ერთადერთი შვილი იყო. ვალოდია გალოიანის მსგავსად, სამხედრო სავალდებულო სამსახურში ისიც ამ წლის იანვარში გაიწვიეს. ნათესავებს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერათ და აცხადებენ, რომ ის ფიზიკურად მომზადებული, გაწონასწორებული ადამიანი იყო, თავის დაცვა შეეძლო და ასეთ ნაბიჯს არ გადადგამდა. მათი თქმით, ახლახან ამიკი შვებულებით შინ იმყოფებოდა, და თავისიანებთან არანაირ სულიერ განცდებსა და პრობლემებზე არ ულაპარაკია.
რას ფიქრობენ უფლებადამცავები
ამიკ ვარდანიანის საქმე უფლებადამცავებს კითხვებს უჩენს. თვითმკვლელობის ვერსიის არც მათ სჯერათ. უფლებადამცავი ჟანა ალექსანიანი, მრავალი წელია, სამხედრო მოსამსახურეების უფლებების დაცვით არის დაკავებული, და მიიჩნევს, რომ გამოძიების ვერსია ძალიან საეჭვოა:
„არ მესმის, ორ საათში როგორ დაადგინეს, რომ ეს თვითმკვლელობა იყო, თანაც შუბლში გასროლის შედეგად. თუმცა, არ მიკვირს, საგამოძიებო კომიტეტს თვითმკვლელობად ზურგიდან კეფაში ნასროლიც კი დაუკვალიფიცირებია“.
ექსპერტი თავის დაკვირვებას გვიზიარებს იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთ საქმეებში სასამართლო, როგორც წესი, პროკურატურის მხარეს იჭერს:
„უკეთეს შემთხვევაში, ბრალს წაუყენებენ რამდენიმე სამხედრო მოსამსახურეს, რომლებსაც 2-3 წლით დააპატიმრებენ, ან არ დააპატიმრებენ. უფრო ხშირად მათ არც კი აკავებენ. გეტყვით, რომ ჯერ არასდროს არც ერთი ოფიცერი ან მეთაური არ ყოფილა მსჯავრდებული“.
ოფიციალური სტატისტიკა სამხედრო პროკურატურიდან
სომხეთის სამხედრო პროკურატურამ 25 ივლისს გამოაქვეყნა ოფიციალური სტატისტიკა, რომელიც შეიარაღებულ ძალებში დანაშაულის რაოდენობის შემცირებაზე მეტყველებს. როგორც ჩანს, ეს პუბლიკაცია სომხეთის მედიასა და საზოგადოებაში არსებული ხმაურიანი განხილვებით იყო გამოწვეული.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2019 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში 425 დანაშაული მოხდა. და ეს, 2018 წლის იმავე პერიოდთან შედარებით,16,5 პროცენტით ნაკლებია.
აღსანიშნავია, რომ სამხედრო ხასიათის დანაშაულები 18,5-ით შემცირდა. სამხედრო პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, წელს 5 სამხედრო მოსამსახურე მოკლეს, ორი მათგანი – აზერბაიჯანული მხარიდან სროლის შედეგად.
კიდევ ექსპერტის მოსაზრება
ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის ვანაძორის ოფისის ხელმძღვანელმა არტურ საკუნცმა სამხედრო პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების შესახებ JAMnews-ისთვის კომენტარი გააკეთა.
უფლებადამცველი მიიჩნევს, რომ ჯარში არსებული ბევრი მანკიერი შემთხვევა არ ფიქსირდება, რის შედეგადაც ეს ოფიციალურ სტატისტიკაში ვერ ხვდება:
„ არასაწესდებო ურთიერთობების შედეგად ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების შემთხვევების შესახებ ხშირად ვერ ვიგებთ. ლეტალური შემთხვევების მიჩქმალვა კი უფრო რთულია, თუმცა შეიძლება ასეთი რამაც მოხდეს. მაგრამ ოფიციალური სტატისტიკა იმაზე მიუთითებს, რომ მოწინააღმდეგის ქმედებების მსხვერპლთა რაოდენობამ იკლო. ამავდროულად შეინიშნება საპირისპირო ტენდენცია, სამშვიდობო პირობებში მსხვერპლის რაოდენობა მატულობს.“
არტურ საკუნცი მიიჩნევს, რომ ორი სამხედრო მოსამსახურის სიკვდილის გარემოებებს, რომლებმაც წინასწარი ვერსიით თავი მოიკლეს, გამოძიება დაადგენს, თუმცა ის მუხლები, რომელთა მიხედვითაც სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული, მაინც იმაზე მიუთითებს, რომ იმ ნაწილებში, სადაც სამხედროები მსახურობდნენ, არასაწესდებო ურთიერთობები იყო გამეფებული.
მას ასევე მიაჩნია, რომ ჭეშმარიტ დამნაშავეებს ხშირად პასუხისგებას საერთოდ არ აკისრებენ, ან ისინი მსუბუქ სასჯელს იხდიან :
„ასეთი შემთხვევები იმაზე მეტყველებს, რომ ჯერ არ არსებობს სისტემური გადაწყვეტილება, რომელიც ამგვარ შემთხვევებს აღკვეთს. სამხედრო მოსამსახურეები საკუთარი პრობლემების პირისპირ რჩებიან. მათ თავდაცვის საშუალებები არ გააჩნიათ. და ასეთი მოვლენები ამიტომაც ხდება“.