სიყვარულმა სიძულვილს სძლია
რა კავშირი აქვს კლუნის ‘ავრორასთან’?
ახლახან ერევანში გამოჩენილი პლაკატები, წარწერით ‘მე მიხსნა ‘ავრორას’ გმირმა’, არავის ჩამოუხევია და არც რაიმე მიუხატავთ. სხვათა შორის, გამვლელები გულგრილობის გამო არ იქცევიან ასე. ამ პლაკატების შინაარსი მხოლოდ ტურისტებს არ ესმოდათ, თუმცა ადგილობრივები გულმოდგინედ უხსნიდნენ მათ, რომ ‘ავრორა’ პრემიაა. ერევნელებს ძალიან უხაროდათ ჰოლივუდის ვარკვლავის, ჯორჯ კლუნის ვიზიტი, რომელსაც ჯილდო პირადად უნდა გადაეცა ლაურეატისთვის.
პრემია ‘ავრორას’ შესახებ
პრემია ‘ავრორა’ საერთაშორისო ინიციატივის 100 LIVES ფარგლებში დაფუძნდა, რომლის საფუძველი სომხების გენოციდი გახდა. სომხების ოსმალური თურქეთიდან დეპორტირების დროს დაახლოებით 1,5 მილიონი ადამიანი დაიღუპა. ძალიან ცოტა ადამიანი გადაურჩა სიკვდილს – მამაცი ადამიანებისა და ჰუმანიტარული მისიების წყალობით.
სახელწოდება ‘ავრორა’ შემთხვევითი არ არის. ეს სახელი ერქვა არშალუის (ავრორა) მარტიკანიანს, ერთ-ერთ გადარჩენილს, რომელმაც 1915 წლის მოვლენების შემდეგ წიგნი დაწერა. ამ წიგნის სახელწოდებაა ‘დაფლეთილი სომხეთი’. მარტიკანიანმა ამავე ნაწარმოების მიხედვით გადაღებულ ფილმში მთავარი როლი შეასრულა. სურათის ჩვენებიდან მიღებული შემოსავალი (30 მილიონი დოლარი) მთლიანად გადაეცა ახლო აღმოსავლეთში დარჩენილ 60 ათას სომეხ, ობოლ ბავშვს.
სომხეთში ასი წლის წინათ მომხდარი დანაშაული არ ავიწყდებათ. სომხებს მსოფლიო გენოციდს გადარჩენილი ადამიანების წყალობითაც იცნობს. შთამომავლებმა არ დაივიწყეს ის, რაც მათ წინაპრებს თავს გადახდათ. სომხეთის ხელისუფლება მოითხოვს, რომ სომხების გენოციდი მთელმა მსოფლიომ აღიაროს. თურქეთის ამჟამინდელი ხელისუფლება აღარ უარყოფს ამ რეალობას, რადგან არ სურს, ოსმალურ თურქეთში მომხდარი დანაშაულის თანამონაწილე იყოს.
ვინ და რა მიზნით დააარსა ‘ავრორა
სომხეთი, რომელიც კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის მსხვერპლია, დანარჩენ კაცობრიობას მოუწოდებს, უკვე მომხდარი შემთხვევების აღმოჩენისა და დაგმობის გზით, თავიდან აიცილონ ახალი ტრაგედიები. სწორედ ეს იდეა ჩადეს ინიციატივაში 100 LIVES მისმა ავტორებმა – მეწარმეებმა რუბენ ვარდანიანმა, ნუბარ აფეიანმა და კარნეგის ნიუ-იორკის კორპორაციის თავმჯდომარემ, ვარდან გრეგორიანმა.
პრემია ‘ავრორას’ დაფუძნებით ისინი, გენოციდს გადარჩენილი სომხების სახელით, მადლიერებას გამოხატავენ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად სომხების გადარჩენას ახერხებდნენ. მაგრამ ‘ავრორა’ მხოლოდ სომხური ტრაგედიით არ შემოიფარგლება. მისი მიზანია, იმ სხვა საშინელებების გამოვლენაც, რაც ამჟამად ხდება მსოფლიოში და იმ ადამიანების დაჯილდოვება, ვინც ამ მხეცურ ქმედებებს წინ აღუდგება.
‘ავრორას ნომინანტები’ და შესარჩევი ჟიური
არჩევანი პრემია ‘ავრორას’ ლაურეატობის პრეტენდენტებს შორის 9 ადამიანისგან შემდგარ ჟიურის უნდა გაეკეთებინა. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ – მსახიობი ჯორჯ კლუნი, ჰუმანიტარული ფონდი ‘ელი ვიზელის’ ხელმძღვანელი, ელი ვიზელი, და გაერო-ს გენერალური მდივნის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, ხინა ჯილანი.
მათ შემდეგ კანდიდატებს შორის უნდა გამოევლინათ გამარჯვებული:
- დოქტორი ტომ კატენა, ერთადერთი ექიმი სუდანში მდებარე ნუბიის მთებში, რომელიც გამუდმებული სროლების პირობებში ცხოვრობს და 500 ათასი ადამიანის ჯანმრთელობაზეა პასუხისმგებელი;
- საიდა გულამ ფატიმა, რომელმაც ათასობით პაკისტანელი, მათ შორის ბავშვებიც, გადაარჩინა. მან ის ადამიანები იხსნა, რომლებიც აგურის ქარხნებში მუშაობდნენ და ვალებს საკუთარი შრომით იხდიდნენ. სამოქალაქო აქტივისტობის გამო, საიდა თავდასხმების მსხვერპლიც ხშირად გამხდარა;
- კათოლიკე მღვდელი მამა ბერნარ კინვი, რომელმაც ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფების, მეამბოხეთა დაჯგუფება ‘სელეკასა’ და ქრისტიანული შეიარაღებული ფორმირება ‘ანტიბალაკას’ წევრებს თავშესაფარი და სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა;
- მარგერიტ ბარანკიტსი, რომელმაც ბურუნდიში 30 000 ბავშვი გადაარჩინა და მათთვის თავშესაფარი დააფუძნა.
ვის ერგო პრემია ‘ავრორა’
‘სიყვარულმა სიძულვილს სძლია’, – ამ სიტყვებით მიიღო მარგერიტ ბარანკიტსმა ჯორჯ კლუნისგან ‘ავრორას’ პირველი პრემია, რომელიც მას ერთგულების, სიმამაცისა და მისი მოღვაწეობის მნიშვნელობის გამო გადაეცა.
არანკიტსმა (Marguerite Barankitse) დააარსა თავშესაფარი სახელწოდებით ‘შალომის სახლი’, რომელიც 1990-იან წლებში ბურუნდიში, რუანდასა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მომხდარი ეთნოწმენდების შედეგად დაობლებული 30 ათასი ბავშვისთვისაა განკუთვნილი.
ზუსტად ერთი წლის წინათ, 24 აპრილს იგი იძულებული გახდა, დაეტოვებინა ბურუნდი, რადგან პოლიტიკურ ზეწოლას განიცდიდა. ახლა კი იგი დარწმუნებლია, რომ პრემია ძალადობის ჯაჭვის გაწყვეტაში დაეხმარება.
ჰუმანიტარული საქმიანობის გასაგრძელებლად, ‘ავრორას’ სახელით, მან ჯილდოდ 100 ათასი დოლარი მიიღო, რომელსაც ის მასთან ერთად მომუშავე ადამიანებს გადასცემს გაჭირვებული ბავშვების დასახმარებლად.
ჰუმანიტარული ესტაფეტის გასაგრძელებლად კი ბარანკიტსმა მიიღო 1 მილიონი დოლარის ოდენობის გრანტი, რომელსაც იგი ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს გადასცემს.
‘ჩემთვის ეს პრემია, პირველ რიგში, არის საშუალება, რომელიც ბურუნდის პოლიტიკოსთა ქმედებებს ეჭვქვეშ აყენებს. ეს აიძულებს მათ, დაფიქრდნენ და მიხვდნენ, რომ არ შეიძლება ადამიანების – დედების, ქალების დევნა. ყველა დამნაშავემ საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს, სწორად იქცევა, თუ არა. მე არც ბურუნდის პრეზიდენტი მძულს (რომელიც ადამიანებს ხოცავს), და არც სხვა დამნაშავეები. მე ისინი მეცოდებიან,’ – აღნიშნა ლაურეატმა.
კომისიამ მარგერიტ ბარანკიტსის მოღვაწეობა შეაფასა როგორც ხიფათით სავსე და, ამავდროულად, განსაკუთრებული მნიშვნელობისა და ზემოქმედების მქონე.
ცერემონიაზე ჯორჯ კლუნიმ აღნიშნა, რომ პრემია ‘ავრორას’ ნომინანტებს გმირების სკოლა არ აქვთ დამთავრებული – მათ უბრალოდ გააცნობიერეს, რომ ადამიანებს მათი დახმარება სჭირდებოდათ და გულისხმიერად მოიქცნენ.
‘დღეს ჩვენ მათ პატივს მივაგებთ. მეტიც, პატივს მივაგებთ 101 წლის წინათ შეწყვეტილ მილიონ-ნახევარ სიცოცხლეს. პატივს მივაგებთ იმით, რომ ამ მოვლენას თავის სახელს ვარქმევთ – ჩვენ მას გენოციდს ვუწოდებთ, სომხების გენოციდს. ცნობილია, რომ ერთხელ ჰიტლერს უკითხავს: ‘ვის ახსოვს დღეს სომხები?’ პასუხი კი ასეთია – ‘ვის და – მთელ მსოფლიოს!’ – თქვა მსახიობმა.
კლუნიმ აღნიშნა, რომ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულები მომავალში თავიდან უნდა ავიცილოთ. ‘სომეხ ხალხს ეს 101 წლის წინ დაემართა, მაგრამ ამის შედეგებს გამუდმებით ვხედავთ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებში – გერმანიაში, კამბოჯაში, ბოსნიაში, რუანდაში… მე მინახავს, რა საშინელებებზეა წამსვლელი ადამიანი. მაგრამ ისიც მინახავს, რაც სიძულვილზე ბევრად ძლიერია. მინახავს სიმამაცე, სიკეთე და სიყვარულის გასაოცარი გამოვლინება. დღეს ამის საუკეთესო მაგალითებს აღვნიშნავთ,’ – განაცხადა ჰოლივუდის მსახიობმა.
მარგერიტ ბარანკიტსმა აღიარა, რომ ერთადერთი ოცნება აქვს – სურს, რომ მისი თავშესაფრის აღსაზრდელები მთელ მსოფლიოში დააგზავნოს მისიით ‘აღარასდროს’. ‘ჩემი ბავშვების სხვადასხვა ქვეყანაში გაგზავნას თუ შევძლებ, რათა ნახონ, თუ რა ხდება მსოფლიოში, შეიძლება შემდეგ მათ მორიგი ტრაგედიის თავიდან აცილება მოახერხონ; რადგან არ კმარა, უბრალოდ თქვა, – ‘აღარასდროს’. გენოციდებიც მეორდება და კაცობრიობის წინაშე ისევ სჩადიან დანაშაულს,’ – აღნიშნა მარგერიტ ბარანკიტსმა.
ნერსეს: auroraprizemedia.com
სტატიაში გამოთქმული აზრები და გამოთქმები, ასევე ტერმინოლოგია, მხოლოდ ავტორს ეკუთვნის, რასაც, შესაძლოა, რედაქცია არ იზიარებდეს
გამოქვეყნდა: 29.04.2016