საქართველოს მაღალშემოსვლიანი მოქალაქეები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ვეღარ ისარგებლებენ
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებების თანახმად, სხვადასხვა შემოსავლების მქონე მოქალაქეებს ჯანდაცვის სერვისები განსხვავებულად დაუფინანსდებათ. როგორც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ აღნიშნა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსარგებლეები რამდენიმე ჯგუფად დაიყოფა. მიზნობრივი ჯგუფებს – 1 მილიონ 700 ათასამდე ადამიანს, სადაც შედიან 5 წლამდე ბავშვები, სტუდენტები, პენსიონრები, შშმ პირები, პედაგოგები, სოციალურად დაუცველები, საყოველთაო ჯანდაცვის სერვისების მოცულობა უცვლელად შეუნარჩუნდება. ექვსივე ქვეჯგუფს მიენიჭებათ პრივილეგია, ერთდროულად ისარგებლონ საყოველთაო ჯანდაცვის სერვისებითა და კერძო სადაზღვევო პაკეტით. სოციალურად დაუცველებსა და პენსიონერების იმ ნაწილს, ვისაც ყიდვის შესაძლებლობა არ აქვთ, გაუჩნდებათ ამბულატორიული მედიკამენტების დაფინანსების კომპონენტი.
შემდეგი კატეგორიაა დაბალი და არარეგულარული შემოსავლის მქონე მოქალაქეები და მოზარდები, ყოველთვიურად 900 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე მოქალქეები და თვითდასაქმებული პირები – ასეთი დაახლოებით 1 მილიონ 154 ათასია. ამ კატეგორიას ურგენტული ამბულატორია, 100%-ის ნაცვლად, დაუფინანსდებათ 50%-ით. გეგმიური ამბულატორიისა და ურგენტული სტაციონარის კომპონენტი უცვლელი დარჩება. გეგმიური სტაციონარი დაუფინანსდებათ იმ შემთხვევაში, თუკი ხარჯები 500 ლარს გადააჭარბებს. ეს კატეგორიაც შეძლებს ერთდროულად ისარგებლოს საყოველთაო ჯანდაცვის სერვისებითა და კერძო სადაზღვევო შემავსებელი პაკეტით.მათ შეუნარჩუნდებათ ჯანდაცვის სხვა სახელმწიფო პროგრამები და გარდამავალი ეტაპის შეღავათები მიეცემათ.
შემდეგი კატეგორიაა მოქალაქეები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-დან 100 000-მდეა – 102 ათასი ადამიანი. ამ კატეგორიას საყოველთაო ჯანდაცვის სერვისების მოცულობა უცვლელად შეუნარჩუნდება. მათ ექნებათ შესაძლებლობა ერთდროულად ისარგებლონ საყოველთაო ჯანდაცვის სერვისებითა და კერძო სადაზღვევო კომპანიების მომსახურებით. იგივე პირობებით ისარგებლებს და კიდევ ერთი კატეგორია – 6-18 წლის მოზარდები (503 ათასი) ადამიანი.
ვის ეზღუდება საყოველთაო ჯადაცვით სარგებლობა:
მაღალი და საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეები, რომელთა შემოსავალი წელიწადში 40 000 ლარზე მეტია – სულ ასეთი 32 ათასი ადამიანია, ვეღარ მიიღებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებულ სამედიცინო სერვისებს. თუმცა, დარჩებიან ჯანდაცვის სხვა პროგრამების მოსარგებლეებად – მაგალითად, C ჰეპატიტის პროგრამა, მშობიარობის დაფინანსება. მოქალაქეებისთვის, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 900 ლარზე მეტია, მაგრამ, წლიური შემოსავალი არ აღემეტება 40 000 ლარს (300 000) ადამიანი, სტაციონარი 100%-ის ნაცვლად, დაუფინანსდებათ 90%-ით. გეგმიური სტაციონარი, თუკი ხარჯები 1000 ლარს არ აღემატება, დაუფინანსდებათ 70%-ით. ხოლო თუ 1000 ლარს გადააჭარბა, აღარ დაფინანსდება. პროგრამის ფარგლებში ცლილებები არ ეხება მშობიარობას, რომელიც ყველა ჯგუფს დაუფინანსდება.
საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა საქართველოში 2013 წლიდან ფუნქციონირებს.