საქართველო რუსულ საფრთხეს ოფიციალურად აღიარებს
ფოტო: Reuters
თავდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ახალი სტრატეგიის მიხედვით, ქვეყნის უპირველესი საფრთხე რუსეთი და მის მიერ განხორციელებული “მცოცავი ოკუპაციაა”. სტრატეგიაში აღიარებულია რუსული რბილი ძალისა და ჰიბრიდული ომის საშიშროება.
დოკუმენტი 2017-2020 წლებზეა გათვლილი და აქ მხოლოდ ზედაპირულადაა ნახსენები ტერორიზმი.
თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის (თსმ) დოკუმენტი ერთ-ერთია იმ სტრატეგიათა შორის, რომელიც ეროვნულ დონეზე იქმნება. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის, საფრთხეების შეფასების დოკუმენტისა და ეროვნული სამხედრო სტრატეგიის შემდეგ, თავდაცვის სტრატეგიულ მიმოხილვას ქვეყნის თავდაცვის პოლიტიკის გრძელვადიან დაგეგმვაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია. ის, რაც აქ წერია, არის არა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს მოსაზრება, არამედ, ზოგადად, მთავრობის ხედვა.
დოკუმენტი საკმაოდ მოცულობითია (46 გვერდი, 6 ძირითადი თავი) და ითვალისწინებს როგორც არსებული გამოწვევების მიმოხილვას, ისე რისკების შეფასებასა და რეკომენდაციებს.
მთავარი საფრთხე – რუსეთი და მცოცავი ოკუპაცია
დოკუმენტში მთავარი ადგილი უჭირავს რუსეთის ფედერაციისგან მომდინარე სამხედრო საფრთხეებს.
კერძოდ, საქართველოს უსაფრთხოების უმთავრეს გამოწვევას ოკუპირებული ტერიტორიები და ე.წ “მცოცავი ოკუპაცია” წარმოადგენს.
“მცოცავი ოკუპაციის” ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა 28 აპრილს მოხდა – გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის მოსაზღვრე ზუგდიდის სოფელ ხურჩაში რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო საზღვარი 300 მეტრით გადმოსწიეს. შედეგად 2 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი ოკუპირებულ ტერიტორიას შეუერთდა. ასეთი შემთხვევები ხშირია როგორც აფხაზეთის, ისე სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ახალ სტრატეგიაში კრემლიდან მომდინარე სამხედრო საფრთხესა და ოკუპაციაზე ხაზგასმითაა საუბარი, ამ მოცულობით დოკუმენტში ვერსად იპოვით შესაძლო სცენარებს, თუ როგორი სახის ანტისაოკუპაციო და ანტიანექსიური სტრატეგიის შემუშავებაა საჭირო.
რუსული რბილი ძალა
თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი სიახლეა რუსული რბილი ძალისა და პროპაგანდის აღიარება. მანამდე საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტები რუსეთის ფედერაციის ამ ყველაზე ეფექტურ იარაღს უმნიშვნელოდ მიიჩნევდნენ და სახელმწიფო დონის დოკუმენტებში არ ასახავდნენ.
მაშინ როცა მთელი დასავლეთი აქტიურ ნაბიჯების გადადგმას იწყებდა კრემლის პროპაგანდისტულ მანქანასთან დასაპირისპირებლად, საქართველომ პოლიტიკურ დონეზე მხოლოდ წელს აღიარა, რომ რუსეთის საინფორმაციო ომი და პროპაგანდა რეალური საფრთხეა. (აშშ-ში ობამას ადმინისტრაციის დროს დამტკიცდა პორტმან-მერფის კანონპროექტი, რომელიც დეზინფორმაციის გამოვლენისა და საპასუხო ნაბიჯების შემუშავებისთვის ინფორმაციის ანალიზის ცენტრის შექმნას ითვალისწინებს. გარდა ამისა 2015 წლის მარტში ევროკავშირის ფარგლებში დაფუძნდა აღმოსავლეთ სტრატეგიული კომუნიკაციის სპეციალური ჯგუფი (EEAS East Stratcom Task Force), რომლის მიზანია რუსეთის დეზინფორმაციული კამპანიის პრევენცია).
თავდაცვის სტრატეგიულ მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ „კრემლი განსაკუთრებულ აქცენტს გააკეთებს რბილი ძალის ელემენტების გაძლიერებაზე იმისათვის, რომ უზრუნველყოს სახელმწიფო ინსტიტუტების შესუსტება, პრორუსული საზოგადოებრივი და პოლიტიკური ჯგუფების გაძლიერება და მოახდინოს დასავლური საგარეო პოლიტიკური კურსის დისკრედიტაცია“.
სხვათაშორის, ეს უკვე მეორე დოკუმენტია, რომელიც წელს საქართველომ ამ მიმართულებით მიიღო – 13 აპრილს მთავრობამ „ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების კომუნიკაციის შესახებ 2017-2020 წლების სამთავრობო სტრატეგია“ დაამტკიცა, რომელშიც რუსეთის მხრიდან საინფორმაციო ომი ასევე საფრთხედ არის აღიარებული.
ჰიბრიდული ომები
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული დოკუმენტი რუსეთის მხრიდან კიდევ ერთ საფრთხესაც განიხილავს – ჰიბრიდულ ომს.
ჰიბრიდული ომი მტრულად განწყობილი მხარის მოქმედებაა, რომლის დროსაც ის კლასიკურ სამხედრო ინტერვენციას კი არ მიმართავს, არამედ ოპონენტს ებრძვის სხვადასხვა მეთოდის ერთობლიობით – ფარული სამხედრო ოპერაციები, დივერსიები, კიბერშეტევები, საინფორმაციო ომი, მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე მცხოვრები ამბოხებულების მხარდაჭერა.
მოსკოვმა საკუთარი ჰიბრიდული ომის არსენალი უკვე “წარმატებით” გამოსცადა უკრაინასთან ომში, სადაც საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ერთდროულად მიმართა საომარ მოქმედებებს, კონვენციურ იარაღს, ტერორიზმს, კრიმინალურ ქცევებს, კიბერშეტევებს.
საქართველოს თავდაცვის სტრატეგიულ დოკუმენტში არის მცდელობა გამოაშკარაოს, გააანალიზოს და შეიმუშაოს ეფექტური მექანიზმები კომპლექსურ ამგვარ ძალასთან დასაპირისპირებლად.
დოკუმენტის სუსტი მხარეები
შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული სტრატეგია წინამორბედ დოკუმენტებზე მიზანმიმართული და ამბიციურია, თუმცა მას აქვს თვალშისაცემი სუსტი მხარეებიც.
46-გვერდიანი დოკუმენტი, ფაქტობრივად, გვერდს უვლის ისეთ საფრთხეს, როგორიცაა ტერორიზმი.
ქვეყნისთვის, რომლის 200-მდე მოქალაქე სირია-ერაყში ისლამური სახალიფოსა და ალ-ნუსრას რიგებში იბრძვის და სადაც კვლავ მაღალია რადიკალიზაციისა და ტერორისტულ ორგანიზაციებში მოქალაქეების გადინების რისკი, ტერორიზმის უგულებელყოფა, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია.
მით უმეტეს, რომ საქართველოს ჯერ კიდევ 2001 წლიდან შეაქვს წვლილი მსოფლიო ტერორიზმთან ბრძოლაში. სწორედ ამ დროიდან მონაწილეობენ ქართველი სამხედროები ხმელთაშუა ზღვაზე მიმდინარე ანტიტერორისტულ ოპერაციაში – აქტიური ძალისხმევა (Active Endeavour), რომელიც აშშ-ში მომხდარი 11 სექტემბერის ტერაქტების შემდეგ დაიწყო და 2016 წლის ნოემბერში დასრულდა.
ფინანსური რესურსი
სტრატეგიაში ბევრი ამბიციური გეგმაა, რომელიც 2020 წლამდე უნდა განხორციელდეს – ძლიერი სამხედრო რეზერვის შექმნა, ტოტალური თავდაცვის პოლიტიკის შემუშავება, არმიის სრული გადაიარაღება და ძველი შეიარაღების უტილიზაცია, სამხედრო პერსონალის კვალიფიკაციის გაზრდა. თუმცა, ამ ყველაფერს ზურგს არ უმაგრებს ფული, რომელიც საჭიროა ამ რევოლუციური ცვლილებების აღსასრულებლად – 2020 წლისთვის დაგეგმილი ბიუჯეტით ამის გაკეთება რთული იქნება (2017 წლის თავდაცვის ბიუჯეტია 670 მლნ. ლარი, ხოლო 2020 წლისათვის დაშვება შეადგენს 720 მლნ ლარს).
თუმცა, უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ 2020 წლისთვის თავდაცვის უწყება შტატების სერიოზულ ოპტიმიზაციას აპირებს. გეგმის თანახმად, 2020 წლისთვის თავდაცვის ბიუჯეტში პერსონალზე დახარჯული თანხის პროცენტული წილი ნატოს ქვეყნების იმავე პარამეტრის საშუალო მაჩვენებელს (56%) უნდა გაუტოლდეს. ასევე, საბიუჯეტო გათვლებით, მნიშვნელოვნად მცირდება სამხედრო შეიარაღებული ძალებში კვლევისა და განვითარების ხარჯები. თუმცა, დაგეგმილია შეიარაღების შესყიდვების ეტაპობრივი ზრდა.