სასამართლოს ირგვლივ ატეხილი სკანდალი სომხეთიდან საერთაშორისო არენაზე გადავიდა
სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ ატეხილ სკანდალს, უკვე რამდენიმე თვეა, სომხეთის ყველა მედია აშუქებს. საუბარია მთავრობასა და საკონსტიტუციო სასამართლოს შორის არსებულ დაპირისპირებაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრსა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შორის ღია კონფრონტაციამდე მივიდა.
კონფლიქტი 2018 წელს სომხეთში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაიწყო. „ხავერდოვანი რევოლუციის“ შემდეგ მოსული პოლიტიკური ძალისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს ახლანდელი თავმჯდომარე გრაირ ტოვმასიანი ღიად ასოცირდება „ყოფილ“ ხელისუფლებასთან, და მას ახალ, პოსტრევოლუციურ რეალობაში სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტილებების მიღების უნარის არმქონედ მიიჩნევს.
და სომხეთის ხელისუფლება ჯერჯერობით უშედეგოდ ეძებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან კანონიერი გზით გადაყენების მეთოდებს.
მაგრამ კონფლიქტზე უკვე ქვეყნის ფარგლებს გარეთ მსჯელობენ. სიტუაციის გამწვავებასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლები განცხადებით გამოვიდნენ.
ამავდროულად ვენეციის კომისიის თავმჯდომარე ჯანი ბუკიკიო მისი მოგვარებისკენ უკვე მეორედ მოუწოდებს.
• სომხეთის პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებას აპირებს
• სომხეთში მმართველი პარტიის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან ბრძოლა გრძელდება
განცხადებების შესახებ
ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის თავმჯდომარე ჯანი ბუკიკიო განცხადებით პირველად 2019 წლის ოქტომბერში გამოვიდა. მან მოუწოდა „ამ აღელვებული სიტუაციის შესარბილებლად თავშეკავების გამოვლენისკენ, რათა სომხეთის კონსტიტუციის ნორმალური ფუნქციონირება აღდგეს“.
3 თებერვალს ბუკიკიომ ისევ განაცხადა, რომ „შეშფოთებულია სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ არსებული ღია კონფლიქტით“.
„უკანასკნელი საჯარო გამოსვლები და ქმედებები… დაძაბულობის შესუსტებას ხელს არ შეუწყობს. დემოკრატიული კულტურა და სიმწიფე მოითხოვს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებმა ინსტიტუციური თავშეკავება, კეთილი ნება და ურთიერთპატივისცემა გამოავლინონ. მე ისევ მოვუწოდებ ყველა მხარეს… ამ აღელვებული სიტუაციის მოგვარებისკენ, რათა უზრუნველყოფილ იქნას სომხეთის კონსტიტუციის ნორმალური რეალიზაცია“ .
რა „საჯარო განცხადებების“ შესახებ ლაპარაკობს ბუკიკიო
როგორც ჩანს, საუბარია სომხეთის პრემიერ-მინისტრის და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებებზე.
2020 წლის იანვრის ბოლოს გამართულ პრეს-კონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა საჯაროდ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გრაირ ტოვმასიანი მას „ეპირფერებოდა“ და ახალ ხელისუფლებას საკუთარ პროფესიულ „მომსახურებას“ სთავაზობდა. მათ შორის, პრემიერის თქმით, ტოვმასიანი სთავაზობდა კონსტიტუციაში არსებულ იმ პრობლემებზე მიეთითებინა, რომელიც წინა ხელისუფლებისთვის თავად დაწერა.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს პრემიერის განცხადებაზე მკვეთრი რეგირება ჰქონდა. ის დაიმუქრა, რომ ფაშინიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლებდა, თუკი პრემიერი 20 დღის განმავლობაში ან საკუთარი ნათქვამის მტკიცებულებას არ წარმოადგენდა, ანდა მას არ უარყოფდა.
მომდევნო დღეს პრემიერ-მინისტრმა გამოქვეყნა იმ კალმის ფოტო, რომელიც გრაირ ტოვმასიანმა მას 2018 წლის მაისში აჩუქა. ფაშინიანმა განმარტა, რომ ის კალმის სიძვირფასემ (რამდენიმე ასეული ევრო) გააოგნა.
პრემიერის მიერ მოტანილი მტკიცებულება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს სუსტად მოეჩვენა. ტოვმასიანმა თავის ადვოკატებს პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ სარჩელის მომზადება დაავალა.
საკონსტიტუციო სასამართლოსა და მისი თავმჯდომარის ირგვლივ განვითარებული მოვლენების ქრონოლოგია
2019 წლის ოქტომბერში სომხეთის პარლამენტმა, მმართველი პარტია „ჩემი ნაბიჯის“ ინიციატივით, საკონსტიტუციო სასამართლოს მისივე თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნის საკითხთან დაკავშირებით მიმართა. თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ ეროვნული საკრებულოს მიმართვის განხილვაზეც კი უარი განაცხადა, იმ საფუძვლით, რომ მასში „დადგენილი რეგლამენტი დაცული არ იყო“.
ამის შემდეგ მმართველმა პარტიამ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებისთვის შეიმუშავა ეგრეთ წოდებული „ვადამდელი საპენსიო სისტემის კანონი“ . ამ კანონის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესა და მის წევრებს 2020 წლის 31 დეკემბრამდე ეძლევათ ვადა, რათა თანამდებობებიდან ნებაყოფლობით გადადგნენ, სანაცვლოდ კი, მათ სიცოცხლის ბოლომდე მათივე ხელფასის ოდენობის (ორი ათას დოლარზე მეტი) ყოველთვიური პენსიის დანიშვნას სთავაზობენ. საპარლამენტო ოპოზიციამ ამას „კანონიერი ქრთამი“ უწოდა და ხმა ამის წინააღმდეგ მისცა. მმართველმა უმრავლესობამ კანონი მიიღო – მათ საკმარისი ხმები აქვთ. ოღონდ მოსამართლეებიდან პენსიაზე ჯერ არავინ გასულა.
2019 წლის დეკემბერის ბოლოს გრაირ ტოვმასიანს ბრალი წაუყენეს „სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის, რასაც გაუფრთხილებლობით მძიმე შედეგები მოჰყვა“. საუბარია იმ პერიოდზე, როდესაც ტოვმასიანი იუსტიციის მინისტრი იყო (2010-2014).
სავარაუდოდ, მაშინ მან მერია აიძულა, რომ ერევნის ცენტრში საბაზროზე გაცილებით დაბალ ფასად მიეყიდა მისთვის შენობა, რომელსაც შემდეგ ნოტარიუსებზე აქირავებდა. მთლიანობაში გრაირ ტოვმასიანმა ამ გარიგებიდან 11 მილიონ 200 ათასი დრამი [ დაახლოებით $23 ათასი] მიიღო.
გამოძიების მასალების თანახმად, იმავე წლებში ტოვმასიანი ნოტარიულ პალატას მისი კუთვნილი საოფისე ფართების მისთვისვე ხელსაყრელ ფასად დაქირავებას აიძულებდა. ამ გარიგებიდან მან 10 მილიონ ოცი ათასი დრამი [ $21 ათასი] მიიღო.
გარდა ამისა, მიმდინარეობს გამოძიება „ხელისულფების უზურპაციის“ საქმეზეც. საუბარია იმის შესახებ, რომ სავარაუდოდ, ტოვმასიანმა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა „თაღლითური სქემების“ გამოყენებით მიიღო.
ტოვმასიანი ამ ბრალდებებიდან არც ერთს არ აღიარებს. ის მომხდარს სასამართლოსა და პირადად მასზე ზეწოლად მიიჩნევს.