სამხრეთი ოსეთი საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და კიდევ 76 ქართველ სამხედრო მოსამსხურის მიმართ საერთაშორისო ძებნის გამოცხადებას აპირებს
ფოტო: REUTERS/ კაზბეკ ბასაევი, ცხინვალი, 2015
საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და 76 ქართველი სამხედრო მოსამსახურე იმ ადამიანების სიაში შეიყვანეს, რომლებსაც სამხრეთი ოსეთი 2008 წლის აგვისტოში მომხდარი „ხუთდღიანი ომის“ დროს სამხედრო დანაშაულების ჩადენაში ადანაშაულებს. სამხრეთი ოსეთის პროკურატურამ ეს სია რუსეთის გენერალურ პროკურატურას გადასცა და მიმართა წინადადებით, რომ ამ სიაში შესულ ყველა ადამიანზე ინტერპოლის მეშვეობით საერთაშორისო ძებნა გამოცხადდეს.
სამხრეთი ოსეთის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ახლახან აფხაზეთში თავისი ვიზიტის დროს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამხრეთ ოსეთში 2008 წლის მოვლენებთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მომზადებულია საბუთები ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში განსახილველად, თუმცა აქამდე „საქმე ადგილიდან არ დაძრულა“.
ამის მიზეზი ის არის, რომ სამხრეთ ოსეთს ნაწილობრივ აღიარებული სახელმწიფოს სტატუსი აქვს, რაც მას საშუალებას არ აძლევს, რომ ინტერპოლს მიმართოს. მაგრამ რუსეთს, რომელიც ინტერპოლის მონაწილეა და ასევე სამხრეთი ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა, თუ მოისურვებს, შეუძლია, რომ ამ პროცესში შუამავლად გამოვიდეს.
მოისურვებს თუ არა მოსკოვი ამ პროცესის ინტერპოლის საშუალებით ინიცირებას?
რუსმა პოლიტოლოგმა მოდესტ კოლეროვმა ონლაინ-პლატფორმა „ეხო კავკაზასთან“ საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთის გენერალურ პროკურატურას არაფერი უშლის ხელს, რომ სამხრეთელი ოსი კოლეგების თხოვნა შეასრულოს, რადგანაც „თავად საქართველოც მზადაა, რომ სააკაშვილზე ძებნა გამოაცხადოს“.
ამ სიტუაციას სხვაგვარად აფასებს რუსეთის სამართალდამცავი ცენტრის „მემორიალის“ უფროსი იურისტი კირილ კოროტეევი.
“აქ საჭიროა გვესმოდეს, რომ რუსეთი, ამ სიტყვის ნორმალური პოლიციური მნიშვნელობით, ინტერპოლის სისტემის ბენეფიციარს წარმოადგენს. ეს საერთაშორისო ორგანიზაცია ზოგჯერ იმ ადამიანებსაც იჭერს, რომლებიც რუსეთს მართლაც სჭირდება. მოისურვებს კი რუსეთი, რომ საქართველოს რამდენიმე ათეული მოქალაქის გასამწარებლად ინტერპოლის მისადმი ისედაც სუსტი ნდობა კიდევ უფრო შეარყიოს, შედეგად კი, ის დამნაშავეები დაკარგოს, რომლებსაც ის რელურად ეძებს? ჩემი აზრით, ეს რუსეთისთვის სერიოზული განსჯის საგანი უნდა იყოს“, – უთხრა კოროტეევმა „ეხო კავკაზას“.
ის ასევე გვთავაზობს ყურადღება მიექცეს სამხრეთი ოსეთის ხელმძღვანელობის პოზიციაში უკვე დიდი ხნის განმავლობაში არსებულ „ერთგვარ დისონანსს“. ერთი მხრივ, ცხინვალი საერთაშორისო სამართალსა და საერთაშორისო ინსტანციებზე აპელირებს. ამავდროულად კი, უარს აცხადებს საერთაშორისო ინსტანციებთან თანამშრომლობაზე, მათ შორის – სისხლის სამართლის საერთაშორისო სამსამართლოსთანაც, რომელსაც სამხრეთი ოსეთის მაღალჩინოსნები საჯაროდ უწოდებენ ანგაჟირებულ სტრუქტურას.
კირილ კოროტეევის აზრით, ეს ხშირად ემართება ბევრ ქვეყანას – ისინი საერთაშორისო სასამართლოს ოპონენტებთან არსებული დავის გარკვევის საშუალებად აღიქვამენ, მაგრამ მხედველობიდან რჩებათ ხოლმე ის გარემოება, რომ ევროპულ სტრუქტურებში კანონის წინაშე ყველა თანასწორია.
“სასამართლოებთან პროფესიონალურად მუშაობა – ეს იმის დაშვებას ნიშნავს, რომ შენი მოქალაქეები ასევე შეიძლება დაექვემდებარონ დევნას. ამიტომაც, ვიტყოდი, რომ, სამწუხაროდ, უპირატესობა ხმამაღალ და არაკორექტულ პოლიტიკურ განცხადებებს ენიჭება, და არა პროფესიონალურ იურიდიულ მუშაობას “.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (the International Criminal Court, ICC) 2016 წლის 27 იანვარს ოფიციალურად დაიწყო სამხრეთი ოსეთის გამო რუსეთსა და საქართველოს შორის მომხდარი კონფლიქტის დროს ჩადენილი შესაძლო სამხედრო დანაშაულებების გამოძიება.
ICC-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ 2015 წლის დეკემბერში საერთაშორისო სასამართლოში 6,000-ზე მეტმა ადამიანმა გააგზავნა განცხადება. ისინი ირწმუნებიან, რომ კონფლიქტის მსხვერპლი გახდნენ.
ICC-ს პროკურორის ფატუ ბენსუდას მიერ 2015 წლის ოქტომბერში გაკეთებული განაცხადების მიხედვით, ის იმის დამადასტურებელ საბუთებს ფლობს, რომ სამშვიდობების დახოცვის მონაწილე შეიძლება კონფლიქტის ორივე მხარე (რუსული და ქართული) იყოს, რაც სამხედრო დანაშაულს წარმოადგენს.
მან ასევე განაცხადა, რომ არსებობს პოტენციურად იმის დამადასტურებელი საბუთები, რომ სამხრეთი ოსეთის სამხედრო დაჯგუფებები 2008 წლის აგვისტოსა და სექტემბერში კონფლიქტის დროს ეთნიკურ ქართველებს ხოცავდნენ.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო