სომხეთში საშუალო ასაკის ქალებისთვის ახალი სპეციალობა გაჩნდა
ნაზიკ აკოფიანი ოქროსფერ გარგარს ოსტატურად ალაგებს ხის ყუთებში და ამას ყველა წესის დაცვით აკეთებს, რათა ერთი კვირის შემდეგ მოსკოველმა მყიდველებმა ჩინებული გარგარი მიიღონ.
“პირველ რიგში გარგარს ვერტიკალურად ვაწყობ. მეორე და მესამე რიგში კი გვერდულად ვდებ – ანუ “ვაწვენ”. ისე უნდა ჩავაწყოთ, რომ თითოეულ ნაყოფს შორის სივრცე დარჩეს – გარგარმა რომ “ისუნთქოს”. როგორც არ უნდა დაალაგო, ერთ ყუთში მაინც 11 კგ გარგარი ჩაეტევა,” – ამბობს 60 წლის ქალი, რომელიც, უკვე მრავალი წელია, რაც გარგრის მოსავლის აღებაში მონაწილეობს.
“როგორც კი დამწიფდება ხილი და ხეებიდან ჩამოკრეფენ, ჩვენი სამუშაო იწყება. წელი გარგრისა და ბლის მოსავლით იწყება, რასაც მოსდევს ქლიავი, ატამი, ყურძენი, ვაშლი და მსხალი. ჩემს ბრიგადაში 20-25 ადამიანი მუშაობს. არარატის რაიონის სოფელ კახწრაშენში ახლა ბალსა და გარგარს კრეფენ. ჩვენ სოფელ ჯრაშენის გარგრის ბაღში ვმუშაობთ.
როდესაც აქ დამთავრდება მუშაობა, მოსავლის აღებას დაიწყებენ კოტას რაიონში, სადაც ხილი უფრო გვიან მწიფდება, და ჩვენ ვოჩხაბედისა და გარნისისკენ დავიძრებით. ამის შემდეგ კი ვაიოც ძორში, სოფელ გნდევაზში ჩავალთ. სომხეთის კლიმატი ამითაა საინტერესო – რაიონები სხვადასხვა სიმაღლეზეა განლაგებული და ამიტომ ხილი სხვადასხვა დროს მწიფდება,” – გვიხსნის ნაირა
მეწამორის მკვიდრი, 52 წლის გიულნარა ავეტსიანი ამბობს, რომ სომხეთის თითოეული ოლქსა და ამ ოლქების ქალაქებში მცხოვრები მამაკაცები ფულის საშოვნელად რუსეთში ჩადიან, ქალები კი ასეთ სეზონურ სამუშაოს ასრულებენ ხოლმე.
“დილით ადრე გავდივართ და სახლებში გვიან საღამოს ვბრუნდებით, მაგრამ ასეთი სამუშაო სულ არაფერს ნამდვილად ჯობს. დღეს სამუშაოს საძებნელად სადაც არ უნდა მიხვიდე, გეუბნებიან, რომ პრეზენტაბელური გარეგნობის მქონე, ინგლისური ენის მცოდნე თანამშრომლები სჭირდებათ. და ჩვენ რა ვქნათ? ამ სამუშაომ, ფაქტობრივად, გადაგვარჩინა. ჩვენ გვერდით მუშაობენ ქალები, რომლებიც აქ შორეული შირაქის რაიონიდან (გიუმრიდან, მარალიკიდან) ჩამოვიდნენ,” – ამბობს ყოფილი ბუღალტერი და ყუთში კიდევ ერთ ვარდისფერლოყებიან გარგარს დებს.
ზოგჯერ კარგი სამუშაოსთვის ჩვეულებრივზე მეტს იხდიან. ზოგჯერ ზამთარშიც გვეძახიან სამუშაოდ – ვაშლისა და პიტნის მოსავლის დასალაგებლად. ყველაზე რთულია ბლის დაფასოება – ყუნწები უნდა შეკრა და თითო-თითოდ უნდა ჩაალაგო – ისე, რომ თავად ნაყოფი ზემოთ დარჩეს,” – ამბობს ეჩმიაძინელი ქნარიკი.
თითოეული ქალი დღეში 6 ათას დრამს (12 დოლარი) იღებს. მათ ფულს ბაღების მფლობელები, ან ექსპორტიორი კომპანიები უხდიან.
არარატის რაიონის სოფელ ჯარაშენის პრივატიზებულ ბაღებში დაახლოებით 120 ქალი მუშაობს.
7 ჰექტარის ფართობზე გადაჭიმული გარგრის ბაღი, რომელიც 57 წლის სერგეი მხითარიანს ეკუთვნის, გარგრის მკრეფავი მამაკაცებისა და ნაყოფის დამფასოებელი ქალების დროებით სამუშაო ადგილად იქცა.
“ამ მომენტისათვის მე აქ 60 მუშა მყავს. ვერ ვიტყვი, რომ დიდი მოგება მრჩება. უფრო მეტი რომ იყოს მოსავალი, ფულს ვიშოვიდით, მაგრამ შემოსავალს ხარჯები რომ გამოვაკლოთ, აღმოჩნდება, რომ მოგება საერთოდ არ გვრჩება. ექსპორტიორები რომ არა, საერთოდ დავიღუპებოდით. რა გვეშველებოდა მათ გარეშე! ერევანში წაღებას აზრი არ აქვს. საჩუქრადაც არ ჩაიბარებდნენ. ძირითადად ისინი ყიდულობენ, ვინც ჩირსა და მურაბას ამზადებს. მაქსიმუმ 100 კგ გარგარს გავყიდდით, და სულ ეს იქნებოდა,” – ამბობს სერგეი მხითარიანი.
20 წლის წინათ ჯრაშენის მკვიდრმა ზავენ ვარდანიანმა თავის ნაკვეთზე საკუთარი ხელით დარგო ხეები. 5000 კვადრატული მეტრის ფართობზე გარგრის ბაღი გააშენა, 3000 კვადრატული მეტრის ფართობზე კი – ვაზი. ხეხილს მთელ ოჯახთან – ცოლთან, ორი ვაჟთან და რძლებთან ერთად უვლის.
“გარგარი ნაყოფს მეხუთე წლიდან იძლევა. სოფლის მოსახლეობის 90 %-ის შემოსავლის ძირითადი წყარო გარგრია. ზოგიერთს ჯერ დაკრეფილი არ აქვს გარგარი, მოსავლის საფასური უკვე მიღებული აქვს. ფულს წინასწარ იღებენ, რათა კრედიტები გადაიხადონ, დაფარონ და ვალები გაისტუმრონ.
ერთ წელს ექსპორტიორმა ადრიან გაზაფხულზე დაარიგა ფული, შემდეგ კი ყინვა დაიწყო. მოსავალი ორ წელიწადს არ გვქონია. ამ ორი წლის განმავლობაში გლეხებზე ზეწოლა არ ყოფილა. დამშვიდდით, როცა გექნებათ მოსავალი, მაშინ გადაგვიხადეთო, -ამბობდნენ. მხოლოდ მესამე წელს მივიღეთ მოსავალი და დავალიანების გასტუმრება შევძელით,”– აღნიშნა ვარდანიანმა
მის ბაღში გარგარს ყუთებში მისი ცოლი და რძალი აწყობენ და ამ სამუშაოსთვის ის თავისი ოჯახის წევრებს ფულს უხდის.
“ჩვენი მიწები ქვიანი და გრუნტიანია. აქ ბოსტნეული ვერ ხარობს – მხოლოდ გარგარი, ყურძენი, ნესვი და საზამთრო. ჩვენი ყურძენი მეზობელი სოფლების ყურძენზე უფრო ტკბილია. მთელი წელი იმ შემოსავლით ვცხოვრობთ, რომელსაც გარგრისა და ყურძნის გაყიდვით ვიღებთ. რა თქმა უნდა, არ გვყოფნის, მაგრამ ვცდილობთ, მაქსიმალურად შევამციროთ ხარჯები და ზოგიერთ რამეზე უარი ვთქვათ,” – ამბობს ჯრაშენის მკვიდრი, 52 წლის მელანია აროსიანი.
სოფლის ყველა მაცხოვრებელს ეს წელიწადი მოსავლიანად მიაჩნია. გასულ წელს კი, 10-რადუსიანი ყინვების გამო, რომელიც გაზაფხულეზე დაიწყო, მათ მოსავლის ნახევარის აღაების იმედიც კი არ ჰქონდათ.
“ყინვები იყო. გარგარი გაიყინა, მაგრამ საოცრება მოხდა – ჩვენი ბაღის ერთ-ერთი მფლობელი, საფრანგეთიდან ჩამოსული სომეხი, რომელმაც აქ მცირე ხნის წინათ შეიძინა ნაკვეთი, ყინვის დროს, დილა-საღამოს, საათობით ანთებდა ნაკვეთში რამდენიმე კოცონს, და ხეებისთვის სასულიერო მუსიკასა და ლოცვებს რთავდა.
ხმის გამაძლიერებლები ჯერ კიდევ დგას ხეებს შორის. სასულიერო მუსიკის ხმა მთელ ბაღში ვრცელდებოდა და საოცარ ატმოსფეროს ქმნიდა. მსგავსი არაფერი მინახავს ცხოვრებაში. “სწავლა სიბერემდეო”, – ნათქვამია. ალბათ, მართლაც უშველა,”– ამბობს ვარდანიანი.