რუსული თვითმფრინავი, რომლის კატასტროფას 41 ადამიანი შეეწირა, დიდი ხანია არასაიმედოობითაა ცნობილი
მოსკოვში, შერემეტიევოს აეროპორტში თვითმფრინავ Sukhoi Superjet-ის ავარიის მსხვერპლთა საბოლოო რიცხვი დადგენილია: ბორტზე მყოფი 87 ადამიანიდან 41 დაიღუპა, 9-მ კი სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.
ქვემოთ მოცემულ ვიდეოზე ჩანს, ეს როგორ მოხდა. მაგრამ ჯერჯერობით არ არის ზუსტი პასუხები კითხვებზე – ზუსტად რა მოხდა, რატომ დაბრუნდა თვითმფრინავი აფრენიდან რამდენიმე წუთში აეროპორტში (ის რუსეთის ქალაქ მურმანსკში მიემართებოდა), რატომ ვერ მოახერხეს პილოტებმა სწორად დასმა და რატომ დაიწვა თვითმფრინავი დაჯდომისას?
რამდენიმე ვერსია არსებობს, რომელთა შესახებაც ქვემოთ მოგახსენებთ.
გადაუდებელი დაჯდომა
5 მაისს, შერემეტიევოს აეროპორტიდან აფრენიდან რამდენიმე წუთში, თვითმფრინავის ეკიპაჟმა შესაბამის სამსახურს აცნობა, რომ ბორტზე ავარიული სიტუაცია შეიქმნა და უკან ბრუნდებოდა.
მალევე, თვითმფრინავთან კავშირი შეწყდა ყველა სიხშირეზე, მათ შორის, ავარიულზე.
• “გაზპრომი” და მისი ნათესავები
• რუსეთში საიდუმლო რადიოსადგური 35 წლის განმავლობაში მაუწყებლობს
თვითმფრინავი სავსე ავზით დაჯდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ბორტზე სერიოზული ავარია მოხდა. როგორც წესი, როდესაც თვითმფრინავები გამოუვალი მდგომარეობის გამო უკან ბრუნდებიან, დაჯდომამდე რამდენიმე წრეს ასრულებენ, რათა საწვავი დაწვან და საჰაერო ხომალდის წონა შეამცირონ.
დაჯდომისას Sukhoi Superjet-ი ასაფრენ ბილიკს სამჯერ შეეჯახა და დაიწვა.
ამასთან, მთელი მედია იტყობინება, რომ 5 მაისს, შერემეტიევოს აეროპორტში პრაქტიკულად იდეალური ამინდი იყო. ეკიპაჟის შემადგენლობაში კი შედიოდნენ პილოტები, რომლებსაც ფრენის დიდი გამოცდილება სწორედ ამ ტიპის თვითმფრინავებზე ჰქონდათ.
რა მოხდა? ვერსიები
რამდენიმე გამოცემა, მათ შორის BBC, გადარჩენილ მგზავრებსა და ეკიპაჟის წევრებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ აფრენიდან მალევე თვითმფრინავს მეხი დაეცა, დააზიანა და სწორედ ამიტომ იძულებული იყო აეროპორტში დაბრუნებულიყო. ამასთან ერთად, ექსპერტების განცხადებით, თანამედროვე თვითმფრინავები ისეა მოწყობილი, რომ მეხის დაცემას გაუძლონ.
მაგრამ ჯერჯერობით მეხის დაცემის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ამ ეტაპზე მოულოდნელი ტექნიკური გაუმართაობის, პილოტების შეცდომისა (თუმცა მათ არაერთი საათი ჰქონდათ ნაფრენი სწორედ ამ თვითმფრინავზე) და ცუდი ამინდის (თუმცა კარგი ამინდი იყო) ვერსიებს განიხილავს.
დამოუკიდებელი ექსპერტები ყურადღებას იმაზე ამახვილებენ, რომ Sukhoi Superjet-ი დიდი ხანია მსოფლიოში ცუდი რეპუტაციით სარგებლობს ხშირი ავარიების გამო და მასზე უარი თქვა ყველა საერთაშორისო ავიაკომპანიამ – აეროფლოტის გარდა.
Sukhoi Superjet-ი, როგორც რუსული ავიაციის აღორძინების მცდელობა და კატასტროფების სერია
Sukhoi Superjet-ი არის პირველი თვითმფრინავი, რომელიც საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ რუსეთში შექმნეს და აწარმოეს. ის 2000 წელს შეიქმნა და ამ პროექტს რუსეთში განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭეს. მას არ მხოლოდ კომერციული ამოცანა ჰქონდა, ასევე, საიმიჯო – მთელი მსოფლიოსთვის უნდა ეჩვენებინათ რუსული ავიაციის აღორძინება.
თუმცა, თავიდანვე Sukhoi Superjet-ს თან სდევდა პრობლემები და სკანდალები.
ლაინერის გამოშვების თარიღი არაერთხელ გადასწიეს. როდესაც თვითმფრინავის პროექტირება დაასრულეს, გაირკვა, რომ რუსეთში ფაქტობრივად არ არსებობდა აეროპორტი, რომელსაც მისი მიღება შეეძლო – აღმოჩნდა, რომ ძრავები Sukhoi Superjet-ს ძალიან ქვემოთ ჰქონდა განლაგებული.
ერთ-ერთი პირველი სადემონსტრაციო გაფრენა – ინდონეზიაში – ტრაგედიით დასრულდა – თვითმფრინავი დაიმსხვრა.
Sukhoi Superjet-ის ფასი მკვეთრად გაიზარდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციების შემდეგ, რამდენადაც თვითმფრინავის ნაწილების ნახევარზე მეტი იმპორტირებული იყო და მისი შეძენა ახლა მხოლოდ შუამავლების მეშვეობით ხდება.
რამდენიმე თვის წინ Sukhoi Superjet-ის გამოყენებაზე უარი თქვა ბოლო უცხოურმა კომპანიამაც. მიზეზი – არასაიმედოობაა.
ერთადერთი, ვინც დღეს ამ თვითმფრინავს იყენებს, რუსული კომპანია „აეროფლოტია“, რომელსაც სახელმწიფო აკონტროლებს. მის ავიაპარკში 49 Sukhoi Superjet-ი შედის.
განსაკუთრებული გარემოებები
რუსული მედია ყურადღებას ორ გარემოებაზე ამახვილებს.
პირველ რიგში – Sukhoi Superjet-ით არ გადაჰყავთ რუსეთის პირველი პირები.
მეორეც – შერემეტიევოს აეროპორტში მომხდარი კატასტროფის მიუხედავად, ტრანსპორტის სამინისტრომ ამ თვითმფრინავის ექსპლუატაცია არ აკრძალა. მიზეზი, როგორც ჩანს – „აეროფლოტის“ ბიზნესინტერესები და Sukhoi Superjet-ის პროექტის კრახის არაღიარების სურვილია.