რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტები ნავთობის საკითხზე ვერ შეთანხმდნენ
გაზიარება
გაზიარება
ბელარუსი რუსულ ნავთობზე ფასდაკლებას ვერ მიიღებს. ევორადიოს ცნობით, ასეთი შედეგით დასრულდა მოლაპარაკება ორი ქვეყნის პრეზიდენტებს ალექსანდრ ლუკაშენკოსა და ვლადიმირ პუტინს შორის, რომელიც 7 თებერვალს სოჭში გაიმართა.
როგორც მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე დმიტრი კოზაკმა განაცხადა, რუსეთი გააგრძელებს ბელარუსისთვის გაზის მიწოდებას 2019 წლის პირობებით.
ამასთან, მთავარ პრობლემაზე, რომელიც წარმოიშვა ქვეყნებს შორის – ახალ ხელშეკრულებაზე ბელარუსისთვის რუსული ნავთობის მიწოდების შესახებ, შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა.
”დღეს ჩვენ ჩვენი ნავთობის ინდუსტრიის რეგულირების პირობებს მკვეთრად ვერ შევცვლით: თქვენ იცით, რომ ნავთობის ფასებს ბაზარი არეგულირებს და ადმინისტრაციულად არ რეგულირდება,” – თქვა კოზაკმა.
ამავე დროს, რუსეთის მთავრობამ პირობა დადო, რომ ხელს შეუწყობს მოლაპარაკებებს ბელარუსსა და რუსულ ნავთობკომპანიებს შორის.
კოზაკმა ასევე დასძინა, რომ ბელარუსი და რუსეთი გააგრძელებენ კონსულტაციებს ინტეგრაციის საკითხებზე.
არ არის ინტეგრაცია – არ არის ნავთობი
1 იანვრიდან რუსეთმა ბელარუსის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებისთვის ნავთობის მიწოდება შეაჩერა, რადგან ახალ წლამდე ორ ქვეყანას შორის შესაბამისი ახალი ხელშეკრულების გაფორმება ვერ მოხერხდა. მთავარი პრობლემა რუსული ნავთობის ფასი გახდა. ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ამ საკითხით პირადად არის დაკავებული, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ.
რუსული ნავთობის გადამუშავება და ნავთობპროდუქტების ექსპორტზე გატანა შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა ბელარუსის ეკონომიკისთვის. რომლის მდგომარეობა პირდაპირ დამოკიდებულია ნედლეულის ფასზე.
2019 წლის დეკემბერში პუტინმა და ლუკაშენკომ ორი შეხვედრა გამართეს ორი ქვეყნის ინტეგრაციის გაღრმავების საკითხებზე. არსებობდა მოლოდინი, რომ გაფორმდებოდა ხელშეკრულებები მათ შორის საერთო პარლამენტისა და მთავრობის შექმნის თაობაზე. თუმცა, ყველაფერი დასრულდა ლუკაშენკოს განცხადებით იმის თაობაზე, რომ იგი ქვეყნის დამოუკიდებლობის დათმობას და რუსეთთან გაერთიანებას არ აპირებს.
ამავე დროს, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ 1 თებერვალს ბელარუსში უპრეცედენტო ვიზიტის დროს განაცხადა, რომ აშშ “მზად არის ბელარუსი ნავთობით 100%-ით უზრუნველყოს”.