რუსეთი: ხელისუფლება ახალგაზრდებს უტევს
„ნოვაია გაზეტას“ მასალების მიხედვით
კრასნოდარში დაკავებული რეპერის, ჰასკის მხარდასაჭერად 26 ნოემბერს მოსკოვში, რეპშემსრულებლების მიერ ორგანიზებული საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა. კონცერტის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ჰასკი, რომელიც 12 დღე-ღამით იყო დაპატიმრებული, გამოუშვეს, მაგრამ აქცია მაინც ჩატარდა. თუმცა, მთელ რუსეთს კონცერტებისა და სხვა ღონისძიებების ჩაშლის მთელმა ტალღამ გადაუარა. იმ ექსპერტების აზრით, რომლებიც „ნოვაია გაზეტამ“ გამოკითხა, კულტურული ღონისძიებების ჩაშლა ხელისუფლების მხრიდან – არამხოლოდ კონკრეტული მუსიკოსების, არამედ საერთოდ ახალაგაზდობის მიმართ დაპირისპირების მხოლოდ ნაწილია.
მთავარი ბრალდება, რაც შემსრულებლების წინააღმდეგ გაისმის, არის – „უზნეობა“. როგორც წესი, კონცერტები „კომპეტენტური ორგანოების“ სანქციებით უქმდება, მონაწილეებს ხშირად ნარკოტიკების აღმოჩენის მიზნით ჩხრეკენ. არის სხვა მეთოდიც – „აღშფოთებული საზოგადოების“, „შეშფოთებული მშობლების“, და საერთოდ ისეთი ადამიანების მოძებნა, ვინც თავგამოდებით იცავს ბავშვთა უფლებებს.
ახლახან, „უზნეობის“ ბრალდებით, დაღესტანში (რუსეთის შემადგენლობაში არსებული ჩრდილოეთ კავკასიაში მდებარე რესპუბლიკა) ანიმე ფესტივალი AniDag გააუქმეს. ითქვა, რომ ეს ფესტივალი დაღესტანის მცხოვრებელთა „მორალურ სიწმინდეს“ არღვევს.
•ქართველი საოპერო მომღერლის კონცერტი აფხაზეთში სკანდალით დასრულდა
• თვალსაზრისი: საქართველო – სამყაროთა ბრძოლა
ქალაქ ეკატერინბურგში ტოლერანტობის დღისადმი მიძღვნილი ბავშვთა ნახატების გამოფენა ასევე „უზნეობად“ მიიჩნიეს. აქტივისტებმა სკოლის მოსწავლეთა შემოქმედებაში ლგბტ-მოტივები აღმოაჩინეს: ცისარტყელა და წარწერა „გარეგნობას, რასასა და ორიენტაციას ჩვენ არ ვირჩევთ. ყველა ჩვენგანი თავისებურად უნიკალურია“.
ნახატები პოლიციამ ამოიღო, ზნეობის „მშობლები“ სკოლის დირექტორის წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმის აღძვრას მოითხოვენ.
ხელისუფლების საქციელი მთლიანობაში იმ „მასწავლებლის ქმედებას ჰგავს, რომელმაც მოსწავლეებთან კონტაქტი დაკარგა“, – მიაჩნია სოციოლოგსა და ფილოლოგს გრიგორი იუდინს.
„მათი ცხოვრების მიმართ მას ინტერესი დიდი ხნის დაკარგული აქვს, მაგრამ თავისი წარმოდგენები გააჩნია, თუ რა უნდა აკეთონ მათ და რა – არა. და როდესაც ხედავს, რომ მის ნორმებს არავინ ექვემდებარება, მასწავლებელი ღიზიანდება და ყველას წკეპლით გატყეპვას, კუთხეში დაყენებასა და თითებზე სახაზავის რტყმას უწყებს“, – უხვად მოჰყავს მეტაფორები სოციოლოგს.
ხელისუფლებამ მშვიდობიანი მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს, რადგან იგივე რეპ-შემსრულებლები ხელისუფლებისადმი არალოიალურად განწყობილი სტრუქტურების მხარეს გადადიან.
მაგალითად ჰასკიმ კონცერტის შემდეგ შემოსავლის ნაწილი სხვა დევნილ მუსიკოსებს და უფლებადამცავებს გადასცა, ხოლო რეპერმა L`One-მა ჯერ კიდევ შემსრულებლებზე მასობრივი თავდასხმის დაწყებამდე ფული შესწირა რუსულ ჟურნალ The New Times-ს, რომელსაც ხელისუფლებამ უზარმაზარი ჯარიმა დააკისრა.
ხელისუფლების კონფლიქტი ახალგაზრდობასთან უკვე კარგად შესამჩნევი იყო 2017 მარტში, როდესაც ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მიტინგზე პროტესტანტებს შორის ბევრი მოზარდი პირველად აღმოჩნდა.
პოლიტტექნოლოგ ვიტალი შკლიაროვს მიაჩნია, რომ 2017 წლის მიტინგებზე რუსეთის ხელისუფლება შეეცადა, რომ ანტიკორუფციული საპროტესტო აქციები დაეყვანა მოზარდების ინფანტილურ ისტერიკამდე, რომლის მიმართაც მოზრდილ ადამიანებს, უკეთეს შემთხვევაში, შეიძლებოდა შემწყნარებლური დამოკიდებულება გასჩენოდათ.
ექსპერტების მტკიცებით, თაობებს შორის სინამდვილის აღქმაში ასეთი ძლიერი განხეთქილება, დიდი ხანია, არ ყოფილა. ახალგაზრდობა და უფროსი თაობა ყოველთვის განსხვავებულ სამყაროებში ცხოვრობდნენ, მაგრამ ახლა იმის მითითება, რომ „ასეა საჭირო“, უკეთეს შემთხვევაში, დაცინვას იწვევს, უარესში კი – ორივე მხრიდან შეურიგებელ მტრობას.
უნდა აღინიშნოს, რომ ახალგაზრდების მოთვინიერების მცდელობა ზოგჯერ საკმაოდ მოულოდნელია, თუმცა ადვილად მისახვედრი. ეკატერინბურგში სკოლის მოსწავლეებს სასტენდო სროლის შეჯიბრზე შესთავაზეს, რომ „რუსი ხალხის მტრისთვის“ ესროლათ. იქვე, ცოტა ხნით ადრე სკოლის მოსწავლეებს მძევლების როლში ყოფნა შესთავაზეს. ნიჟნი ტალიგში მარადიული ცეცხლის გუნდებით ჩაქრობას რეგიონის ხელმძღვანელი „პატრიოტიზმის“ თემისადმი მიძღვნილი მასობრივი საკლასო საათების გამართვით პასუხობს, პეტერბურგში კი სკოლის მოსწავლეებს სთხოვენ, რომ „ფრონტზე მყოფ მამას“ წერილი მისწერონ. იქ, სადაც პატრიოტული აღზრდა ვერ წვდება, ეკლესია ბატონობს – თავისი საოჯახო ცხოვრების საფუძვლებითა და ქორწინებამდე კავშირების აკრძალვით. სახელმწიფო დუმაში ახლახან გაცნობის საიტების აკრძალვის შეთავაზებაც კი შევიდა.