2018 წლის 9 სექტემბერს რუსეთის სხვადასხვა ქალაქში საპენსიო ასაკის გაზრდასთან დაკავშირებით გამართულ მასობრივ საპროტესტო აქციებზე 839 ადამიანი დააკავეს.
პროტესტის ინიციატორია რუსეთის ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი. მაგრამ თავად მას აქციებში მონაწილეობა არ მიუღია, რადგან ის 2017 წლის დეკემბერში ანალოგიური პროტესტის ორგანიზებისთვის 30 დღე-ღამით პატიმრობაში იმყოფება.
პროტესტის მონაწილე პლაკატით, რომელზე პუტინის პორტრეტია და აწერია „ქურდი“.9 სექტემბერი 2018. REUTERS/ ანტონ ვაგანოვი
აქციები მთლიანად რუსეთის 81 ქალაქში იმართებოდა, მაგრამ მათი ხელისუფლებასთან შეთანხმება მხოლოდ 11 ქალაქში მოხერხდა.
რუსეთის ქალაქების ქუჩებში ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა და შე,დეგ ლოზუნგებს სკანდირებდა: „ძირს მეფე!“, „პუტინი – ქურდია!“, „პუტინი – ხალხის მტერია!“, „პუტინ, წადი!“
პროტესტი საქნტ-პეტერბურგში. 9 სექტემბერს, 2018. REUTERS/ანტონ ვაგანოვი
პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ძალა გამოიყენა, მანიფესტანტებს ხელჯოხებით არბევდნენ და განყოფილებებში მიჰყავდათ.
როგორც რუსული გამოცემა „ОВД-Инфо“წერს, მთლიანობაში 839 ადამიანი დააკავეს. ყველაზე მეტი დაკავებული სანქტ-პეტერბურგსა და ეკატერინბურგშია.
საპროტესტო აქცია მოსკოვში. 9 სექტემბერი, 2018. REUTERS/სერგეი კარპუხინი
სანქტ-პეტერბურგში ერთ ადამიანს დაკავებისას მძიმე ტრავმები მიაყენეს.
მოსკოვში კი 50-ზე მეტი დაკავებულია.
საპროტესტო აქციის დარბევა მოსკოვში. 9 სექტემებერი, 2018. REUTERS/სერგეი კარპუხინი
კერძოდ, რეფორმა 2019 წლიდან საპენსიო ასაკის თანდათან გაზრდას ითვალისწინებს: ქალებისთვის – 63 წლამდე, მამაკაცებისთვის – 65 წლამდე.
იგეგმება, რომ საპენსიო ასაკი ამ მაჩვენებლებამდე, შესაბამისად, 2028 და 2034 წლისთვის აიწევს.
კანონპროექტმა ძლიერი კრიტიკა გამოიწვია და ახლახან გაკეთებული ტელემიმართვისას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საპენსიო რეფორმის შერბილების გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა. კერძოდ, მან პირობა დადო, რომ საპენსიო ასაკი ქალებისთვის მოიმატებს არა 63 წლამდე, არამედ მხოლოდ 60 წლამდე.
სანკტ-პეტერბურგში საპროტესტო აქციაზე. ერთ-ერთ პლაკატზე წარწერაა:„პუტინ, სად არის ჩვენი ფული?“. მეორეზე პუტინი პინოქიოს იერით არის გამოსახული და აწერია ციტატა: „სიცრუე ორგვარი არსებობს. ერთს მოკლე ფეხები აქვს, მეორეს კი – გრძელი ცხვირი“. 9 სექტემბერი, 2018. REUTERS/ ანტონ ვაგანოვი
როგორც ბევრი პოლიტიკური მიმომხილველი მიიჩნევს, ეს საპროტესტო აქციები რუსეთის ქალაქებში ზაფხულის სიჩუმის შემდეგ ახალი პოლიტიკური სეზონის დასაწყისია.
ეს სეზონი ალბათ ცხელი იქნება, რადგან ახლა, როგორც ჩანს, გადამწყვეტი პროტესტისთვის ალექსეი ნავალნის არამხოლოდ ახალგაზრდა მიმდევრები არიან მზად, არამედ ისინიც, ვისაც საპენსიო რეფორმა შეეხო – ეს კი ვლადიმირ პუტინის ძირითადი ელექტორატია.
საპროტესტო აქციაზე მოსკოვში. 9 სექტემბერი, 2018. REUTERS/სერგეი კარპუხინი
რუსეთის საზოგადოებაში ეკონომიკის კატასტროფული მდგომარეობის ფონზე პროტესტი მატულობს, – ასეთ კომენტარს აკეთებს ბევრი რუსი და დასავლელი ექსპერტი.
რუბლის კურსი მკვეთრად ეცემა, მატულობს ფასები და ინფლაცია, მოსალოდნელია ახალი გადასახადების შემოღება.
ის, რაც ხდება, პირველ რიგში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული დასავლური სანქციების შედეგია, ყირიმის ანექსიის, დონბასის მოვლენებში ჩარევისა და დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის გამოყენებისთვის.
წინ ახალი სანქციებია: მალაიზიური ბოინგის ჩამოგდებისა და სირიაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისთვის.