კონცერტის შემდეგ მომღერალმა ქართულ მედიასთან გააკეთა პოლიტიკური განცხადება, რომელიც აფხაზეთში შეურაცხმყოფელად მიიჩნიეს" />

ქართველი საოპერო მომღერლის კონცერტს აფხაზეთში დიდი სკანდალი მოჰყვა

კონცერტის შემდეგ მომღერალმა ქართულ მედიასთან გააკეთა პოლიტიკური განცხადება, რომელიც აფხაზეთში შეურაცხმყოფელად მიიჩნიეს

საოპერო მომღერალმა გიორგი თოდუამ, ეთნიკურად ქართველმა, რომელსაც რუსეთის მოქალაქეობა აქვს,  ქალაქ გალში ქართული სათვისტომოსთვის კონცერტი გამართა.

მაყურებელი აღფრთოვანებული იყო – პროვინციულ ქალაქში ამგვარი მოვლენა იშვიათობაა. მით უმეტეს, რომ ახალგაზრდა შემსრულებელი სანკტ-პეტერბურგის მარიინსკი თეატრის აკადემიის ერთ-ერთი სოლისტია.

თუმცა, ახალი ამბების ფოკუსში არა ეს კონცერტი, არამედ ის ინტერვიუ მოექცა, რომელიც თოდუამ კონცერტის შემდეგ ქართულ ინტერნეტ-გამოცემა Livepress.ge-ს მისცა.

ინტერვიუში თოდუა ჰყვება, რომ მისი ოჯახი გალიდანაა  და გალში დღესაც ბევრი მისი ნათესავი ცხოვრობს. ბავშვობის რამდენიმე წელიწადი თავადაც იქვე გაატარა და შემდეგ სანკტ-პეტერბურგში, რუსეთში გადავიდა.

 

მისი მამა გალში დარჩა, იქვე გარდაიცვალა და დასაფლავებულიც გალშია. თოდუამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ჯერ კიდევ გარდაცვალებამდე, მან მამას პირობა მისცა, რომ ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის კონცერტს გამართავდა.

შემდეგ კი მან თქვა:

„ჩამოსვლამდე ჩემი პირობები მქონდა, ეს ჩემთვის მშობლიურ მიწაზე, შინ ჩამოსვლა იყო და არავითარ აფხაზეთის რესპუბლიკაში“.

„აფხაზური მხრიდან არცერთ თანამდებობის პირს არ ვიცნობ და მათი გაცნობის სურვილი არც გამჩენია“.

„ყველანაირად ვცდილობ მათთან კონტაქტში არ შევიდე“.

„კონცერტის დაწყებამდე მითხრეს, რომ თანამდებობის პირებთან შეხვედრა უნდა შემდგარიყო, მაგრამ უარი განვაცხადე“.

„გალში გამგზავრების დროს სოხუმში კონცერტის გამართვაც შემომთავაზეს, თუმცა უარი ვთქვი. პოლიტიკა ჩემი საქმე არ არის, მაგრამ სოხუმში კონცერტს მხოლოდ მაშინ გავმართავ, როდესაც იქ ღირსეულად ჩასვლას შევძლებ. მინდა ჩემს სახლში ჩავიდე, ისევე როგორც მთელ დანარჩენ საქართველოში“.

ამ გამონათქვამებმა აფხაზეთში უზარმაზარი სკანდალი გამოიწვია. საგანგებოდ მოწვეულ პრესკონფერენციაზე, რომელსაც ყველა წამყვანი აფხაზი ჟურნალისტი ესწრებოდა, გალის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს თავის მართლება მოუწია, ხოლო ოპოზიცია ისევ აფხაზეთის პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით გამოვიდა.

გალის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ტიმურ ნადარაიამ გიორგი თოდუას პროვოკატორი უწოდა და განაცხადა, რომ „ამიერიდან მისთვის აფხაზეთისკენ გზა გადაკეტილია“.  

„თოდუა აფხაზეთში რუსეთის პასპორტით არაერთხელ ჩამოსულა, და ჩვენ ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავდით იმაში, რომ ადამიანს, რომელიც დიდი გერგიევის ხელმძღვანელობით არსებული მარიინის თეატრიდან ჩამოვიდა, გალში საოპერო არიები შეესრულებინა“, – თქვა ნადარაიამ.

ჟურნალისტებს ანგარიში ჩააბარა ასევე გალის ადმინისტრაციის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელმა ვადიმ ეხვაიამ.

„თოდუამ წინასწარ წარმომიდგინა რეპერტუარი და მისი ერთადერთი თხოვნა ის იყო, რომ ერთი სიმღერის მეგრულ ენაზე შესრულების უფლება ჰქონოდა. ჩვენთან ხომ მეგრული სიმღერები აკრძალული არ არის. არც გამოსვლის დროს და არც მის შემდეგ თოდუას მაყურებელთან არანაირი პოლიტიკური საუბრები არ გაუმართავს. მან ინტერვიუ გალის ტელევიზიასაც მისცა, სადაც მსგავსი არაფერი  უთქვამს. კონცერტის ყველა ორგანიზატორი გაოგნებულია იმით, რაც მან შემდეგ ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა“, – თქვა ეხვაიამ.

გალის ადმინისტრაციის ხელმძღვანელებმა განსაკუთრებულად აღნიშნეს, რომ გიორგი თოდუა აფხაზეთში სოჭიდან, ფსოუს გამშვები პუნქტის გავლით ჩამოვიდა. სწორედ ეს იქცა მათი „არასაკმარისი სიფრთხილის“ ერთ-ერთ მიზეზად.

„საქართველოში ხომ მიღებულია კანონი, რომელიც რუსეთიდან აფხაზეთში, ფსოუს გავლით, შესვლას კრძალავს. თოდუა კი სწორედ რუსეთიდან შემოვიდა“, – შეგვახსენა ტიმურ ნადარაიამ.

ის საზოგადოებას დაპირდა, რომ მარიინის თეატრის ხელმძღვანელს და რუსეთის ფედერაციის კულტურის სამინისტროს ოფიციალურ საპროტესტო წერილს მისწერს, ასევე აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართავს წინადადებით, რომ მან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპროტესტო ნოტა გაუგზავნოს.

მაგრამ, პარტია „ამცახარა“ – აფხაზეთის ყველაზე დიდი ოპოზიციური ორგანიზაცია, რომელიც 1990-იანი წლების საქართველო-აფხაზეთის ომის ვეტერანებს აერთიანებს, ამით არ დაკმაყოფილდა.

პარტიამ განაცხადა, რომ გალის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელსა და აფხაზეთის კულტურის მინისტრს ეროვნული ინტერესების ღალატში მიუძღვით ბრალი და უნდა დაისაჯონ.

„კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ პრეზიდენტ ხაჯიმბას ვადამდელი გადადგომის თაობაზე ჩვენი მოთხოვნა სრულიად საფუძვლიანი და კანონიერია, და ამ მოთხოვნაზე უარს არ ვიტყვით!“ – ნათქვამია „ამცახარას“ განცხადებაში.

სტატია მომზადებულია სოხუმელი კორესპონდენტის მიერ. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო


ასევე წაიკითხეთ