როგორ ვრცელდება საქართველოში ვირუსი და რა კავშირი აქვთ ერთმანეთთან ინფიცირებულებს
[მასალა განახლებადია. გთხოვთ გადატვირთოთ ლინკი]
10 მარტს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ რვა შემთხვევა დადასტურდა. ერთ დღეში ასეთი მატება აქამდე არ ყოფილა, თუმცა დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამბობენ, რომ საგანგაშო არაფერია, რადგან თითქმის რვავე შემთხვევა კონტროლის ქვეშ იყო – მათ აქამდე გამოვლენილ შემთხვევებთან კავშირი ჰქონდათ.
ამ დროისთვის (11 მარტის დილის 9 საათისთვის) ქვეყანაში სულ 23 ინფიცირებულია. ყველანი საქართველოს მოქალაქეები არიან.
46 ადამიანია სტაციონარებში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.
126 ადამიანია კარანტინის რეჟიმში.
23 ინფიცირებულიდან ხუთს ვირუსი გაურთულდა ფილტვების ანთებით (პნევმონია არის სწორედ ის გართულება, რაც ყველაზე ხშირად ახასიათებს კორონავირუსს).
ამ ხუთი შემთხვევიდან ერთი არის მძიმე. ამ პაციენტის მდგომარეობა რამდენიმე დღეა არ უმჯობესდება, თუმცა არც უარესდება. მას ორმხრივი ფილტვების ანთება აქვთ.
გარდა ამისა, ფილტვების ანთება აქვს კიდევ ოთხ პაციენტს, თუმცა მათი მდგომარეობა უფრო მსუბუქია.
10 მარტს გამოვლენილი რვა შემთხვევიდან ერთი არის ბავშვი (სავარაუდოდ, 12 წლის). საქართველოში კორონავირუსით ბავშვის ინფიცირების ეს პირველი შემთხვევაა.
ახალი რვა დადასტურებული შემთხვევიდან ხუთი ერთი ჯგუფის წევრები არიან. ისინი იტალიიდან ჩამოვიდნენ და თვითიზოლაციაში გაატარეს რამდენიმე დღე. ინფიცირებული ბავშვი ამ ხუთიდან ერთ-ერთის შვილია.
კიდევ ერთი ახალი ინფიცირებული არის ადამიანი, რომელსაც იტალიიდან ჩამოსული პირისგან უკვე საქართველოში გადაედო ვირუსი. კერძოდ კი, ეს ადამიანი თავად ვარაუდობს, რომ ფულით გადაედო ვირუსი.
უფრო დეტალურად ამ პაციენტებზე ქვემოთ წაიკითხეთ.
• საქართველო: დამსაქმებლებს მოვუწოდებთ არ დაუშვან სამსახურში მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსულები
• კორონავირუსი: არავითარი ხელის ჩამორთმევა, ერთმანეთს იდაყვებითა და ფეხსაცმელებით ვესალმებით. ვიდეო
• საქართველო: ტურისტები აღარ ჩამოდიან, სასტუმროები გაკოტრების პირას არიან
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა და იგი ირანიდან ჩამოსულ მოქალაქეს აღმოაჩნდა.
საქართველოში გამოვლენილი 23-ვე ინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა.
აქედან ორ შემთხვევაში მოქალაქეებმა ვირუსი ირანიდან შემოიტანეს. 21 შემთხვევა კი იტალიას უკავშირდება.
მხოლოდ ორ შემთხვევაში მოხდა ინფიცირებულების საზღვარზე იდენტიფიცირება, დანარჩენ შემთხვევაში ინფიცირებულებმა ან თავად მიმართეს კლინიკას ან სპეციალისტები დაუკავშირდნენ მათ, რადგან რისკჯგუფში იყვნენ (შეხება ჰქონდათ ინფიცირებულთან).
23-დან არც ერთი არ არის ხანდაზმული ასაკის, რაც მაღალი რისკის ჯგუფია.
ოფიციალური ინფორმაცია საქართველოში კორონავირუსით დაავადებულების შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე stopcov.ge იყრის თავს.
რა ვიცით ინფიცირებულების შესახებ
#1
კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. ინფიცირებული 50 წლის მამაკაცი საზღვარზევე გამოავლინეს – იგი ირანიდან აზერბაიჯანის გავლით საქართველოში ბრუნდებოდა. აზერბაიჯანის საზღვრიდან იგი პირდაპირ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მიიყვანეს. შესაბამისად, მას ქვეყნის შიგნით კონტაქტები არ ჰქონია.
#2
28 თებერვალი. კორონავირუსის მეორე შემთხვევა იტალიიდან ჩამოსული 31 წლის ქალია. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ იგი თვითიზოლაციაში არ იყო, მეტიც, მან სამსახურში მისვლა მოასწრო. იგი “საქართველოს ბანკის” ერთ-ერთ ფილიალში მუშაობს. ფილიალი მალევე დაკეტეს და დეზინფექცია ჩაუტარეს. ის ადამიანები კი, რომლებთანაც ქალს კონტაქტი ჰქონდა, კარანტინსა და თვითიზოლაციაში მოაქციეს.
#3
29 თებერვალი. მესამე დადასტურებული შემთხვევა ასევე აზერბაიჯანის გავლით ირანიდან მოდიოდა. მას ჰქონდა კონტაქტი ნომერ პირველ დადასტურებულ შემთხვევასთან. #1 და #3 ერთად იყვნენ ირანში, თუმცა საქართველოში სხვადასხვა დროს ჩამოვიდნენ. ეს ადამიანიც, პირველის მსგავსად, აზერბაიჯანის საზღვრიდანვე წაიყვანეს ინფექციურ საავადმყოფოში. საქართველოს შიგნით სხვა ადამიანებთან კონტაქტი ვერც მან მოასწრო.
#4
4 მარტი. მეოთხე შემთხვევა 4 მარტს გვიან საღამოს დადასტურდა, თუმცა ინფორმაცია საჯარო 5 მარტს გახდა. ეს არის 44 წლის მამაკაცი, რომლის მდგომარეობა ამ დრომდე რჩება მძიმედ. ის ერთადერთი მძიმე პაციენტია საქართველოში. მას ორმხრივი ფილტვების ანთება აქვს.
პაციენტი #4 იტალიიდან ჩამოვიდა.
ამ პაციენტს გამოარჩევს ისიც, რომ იგი არის იმ ჯგუფის/კლასტერის წევრი, რომლის ირგვლივ რთული ეპიდმდგომარეობაა შექმნილი. (მასთან ერთად იტალიაში იყვნენ ასევე ამ სიის #5, #6, #7, #8, #9 წევრები. მათ ყველას მოგვიანებით ვირუსი დაუდასტურდათ)ეს ჯგუფი არის მეგობრების ორი ოჯახი, რომლებიც ერთად იყვნენ იტალიაში. ამ ჯგუფის წევრების ნაწილი ინფიცირებულია, თანაც ზოგმა მათგანმა საქართველოშიც მოასწრო ინფექციის გავრცელება.
პაციენტი #4 თბილისში 2 მარტს გამთენიისას ჩამოვიდა ვენის რეისით. თუმცა, ვენა მხოლოდ სატრანზიტო ქალაქი იყო – სინამდვილეში ის და მისი თანხმლები პირები (მისი და მისი მეგობრის ოჯახის წევრები) იტალიაში გატარებული რამდენიმე დღიანი შვებულებიდან მოდიოდნენ.
ჩამოსვლიდან მეორე დღეს ნომერ მეოთხე პაციენტმა თავი შეუძლოდ იგრძნო – აუწია სიცხემ. ორი დღე იგი სახლში მკურნალობდა და იყო იზოლირებული. მხოლოდ ორი დღის შემდეგ, როდესაც მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, მან მიაკითხა ინფექციურ საავადმყოფოს.
დაავადებათა კონტროლის ცენტრში ითქვა, რომ ამ ადამიანმა მაღალი სამოქალაქო თვითშეგნება გამოიჩინა და იტალიიდან ჩამოსვლის შემდეგ თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. ამისთვის მას მადლობაც კი გადაუხადეს.
#5, #6, #7, #8, #9
თუმცა, თვითიზოლაციაში არ იყვნენ ამ ჯგუფის სხვა წევრები, რომლებიც ასევე ვენის რეისით 2 მარტს ჩამოვიდნენ იტალიიდან.
5 მარტს საღამოს, ლუგარის ლაბორატორიიდან კიდევ ხუთი დადებითი პასუხი მოვიდა.
ხუთივე ნომერ მეოთხე პაციენტთან ერთად მოგზაურობდა იტალიაში. ისინი ერთი ჯგუფის/კლასტერის წევრები არიან.
აეროპორტში ეს ჯგუფი არავის მოეჩვენა საეჭვოდ, რადგან გამოკვეთილი სიმპტომები არ ჰქონიათ. ისინი წავიდნენ სახლებში და თვითიზოლაციის გარეშე განაგრძობდნენ ცხოვრებას რამდენიმე დღე.
პაციენტი # 5 [განახლებულია]
ზემოთაღნიშნული ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, პირობითად პაციენტი ნომერი ხუთი, ცალკე შემთხვევაა, რადგან ამ პაციენტს უკავშირდება საქართველოს შიგნით ვირუსის გავრცელების მინიმუმ სამი შემთხვევა.
ნომერ მეხუთე პაციენტმა 2 მარტს იტალიიდან დაბრუნების შემდეგ არათუ თვითიზოლაციის წესი არ დაიცვა (იმ პერიოდისთვის დაავადებათა კონტროლის ცენტრი უკვე იტალიიდან დაბრუნებულ ყველა ადამიანს მოუწოდებდა თვითიზოლაციისკენ), არამედ საკმაოდ ბევრ ადამიანს ეკონტაქტა ჩამოსვლიდან მეორე დღესვე. უკვე გამოვლენილია სამი ადამიანი, რომელსაც ვირუსი სწორედ ამ პირისგან გადაედო.
პაციენტი #5 უკვე იდენტიფიცირებულია. იგი ფარმაცევტული ფირმის GEPHA-ს ერთ-ერთი დირექტორია. ამ ფარმაცევტული ფირმის ოფისი თბილისის ერთ-ერთი უმსხვილესი სამედიცინო ცენტრის, “ევექსის” სათაო ოფისში (არა თავად ჰოსპიტალში) მდებარეობს.
ორშაბათს, 2 მარტს, ანუ ქვეყანაში დაბრუნებიდან რამდენიმე საათში, პაციენტი #5 სამსახურში მივიდა, სადაც მთელი დღის განმავლობაში ეკონტაქტებოდა თანამშრომლებს, ჩაატარა რამდენიმე შეხვედრა და თათბირი.
მას შემდეგ, რაც ამ ადამიანს ვირუსი დაუდასტურდა, დაიკეტა “ევექსის” სათაო ოფისი, სადაც ჩატარდა დეზინფექცია. კარანტინსა და თვითიზოლაციაში მოექცა რამდენიმე ათეული ადამიანი, ვისთანაც ამ პირს კონტაქტი ჰქონდა.
GEPHA-ს დირექტორმა ელექტრონული წერილი გაუგზავნა თანამშრომლებს და ბოდიში მოუხადა მათ წინდაუხედაობისთვის.
[toggle title=”GEPHA-ს დირექტორის წერილი, სადაც იგი განმარტავს, თუ რატომ არ დაიცვა თვითიზოლაციის წესი”]
მინდა მოგმართოთ ბოლო დღეების ყველაზე აქტუალურ თემაზე, როგორც საქართველოში, ასევე მთელ მსოფლიოში და მოგიყვეთ ჩვენი დავირუსების და შემდგომი გავრცელების ამბავი.
მე და ჩემი მეგობარი მეუღლეებით და ზრდასრული შვილებით, სულ 8 ადამიანი 23-თებერვალს გავფრინდით იტალიაში – მილანში, ზუსტად ამ დღეს გამოცხადდა, რომ კორონავირუსი გავრცელდა ლომბარდიის რეგიონში, ამიტომ, ჩაფრენისთანავე ვიქირავეთ მიკროავტობუსი და გავეშურეთ იტალიის სამხრეთ ტიროლის ნაწილში, ავსტრიის საზღვართან (სადაც არც მანამდე და არც ჩვენ იქ ყოფნისას ვირუსის გავრცელების არც ერთი შემთხვევა არ იყო დაფიქსირებული).
ვინაიდან შემდეგი 5 დღის განმავლობაში მნიშვნელოვნად მოიმატა შემთხვევებმა მილანის ირგვლივ აღარ დავბრუნდით, როგორც დაგეგმილი გვქონდა უკან – ისევ მილანით, გავემგზავრეთ იგივე მიკროავტობუსით ვენაში, სადაც შევიძინეთ ბილეთები ვენა-თბილისი და პირველ მარტს გამოვფრინდით საქართველოში.
პასპორტ-კონტროლზე გვკითხეს თუ ვიყავით ბოლო 2 კვირის განმავლობაში ჩინეთში, ირანში, კორეაში ან იტალიაში, რაც დავუდასტურეთ და გვთხოვეს გაგვევლო დამატებითი კონტროლი. რომლის დროსაც შეგვიმოწმეს სიცხე დინსტანციური თერმომეტრით და გაგვიშვეს სახლში.
მინდა აღვნიშნო, რომ არც ერთ ჩვენგანს არ ჰქონდა დალეული სიცხის დამწევი საშუალება.
ვინაიდან დარწმუნებული ვიყავი, რომ ავერიდეთ ეპიდემიის ადგილს და არც არაფერი გვაწუხებდა, მივედით სახლში, სადაც 2 მცირეწლოვანი შვილი და ასაკოვანი დედა გველოდებოდა.
მეორე დილას იგივე განწყობით როგორც საკუთარ ოჯახში მისვლისას რომ ვარ სრულიად ჯანმრთელი, 2 მარტს მოვედი სამსახურში და რამოდენიმე კოლეგასთან მქონდა ხანგრძლივი საოფისე კონტაქტი, რომლებიც სრულად იდენტიფიცირებულია და იმყოფებიან თვითიზოლაციაში.
3-მარტს გავიგე, რომ ჩემ მეგობარს მოუმატა სიცხემ, და მას შემდეგ აღარ გავსულვარ სახლიდან.
4-მარტს საღამოს ჩემ მეგობარს დაუდგინდა ეს დიაგნოზი, შემდეგ დღეს ჩვენც მივმართეთ ინფექციურს.
დღეს მე, ჩემი მეუღლე, ორივე უფროსი შვილი და რამოდენიმე კოლეგა ვართ ინფექციურში ამ დიაგნოზით.
ყოველდღიურად რამოდენიმე ასეული ჩვენი თანამემამულე ბრუნდება ევროპიდან, სადაც მნიშვნელოვანი გავრცელება აქვს უკვე ამ გრიპს. მინდა შეგახსენოთ, რომ 80% მეტი შემთხვევების მიმდინარეობს მცირე ან სრულიად უსიმპტომოდ და შესაძლოა ბევრმა ჩვენთაგანმა არც იცის რომ აქვს აღნიშნული პრობლემა და გაავრცელა ის საზოგადოებაში. იქნებ ჩემი შემთხვევა იყოს სხვისთვის მაგალითი რომ მეტი წინდახედებულობა გვმართებს თითოეულს ჩვენგანს.
დღეისთვის ქვეყანამ და მთელმა საზოგადოებამ ამ პრობლემას რეალურად გაუსწორა თვალები და მიღებულია ბევრად მკაცრი კონტროლის ზომები ვიდრე აქამდე. მათ შორის ჩვენს სამსახურში, ოფისში, საწყობში და აფთიაქებში ჩატარდა და გაგრძელდება სადეზინფექციო სამუშაოები.
მე კი მინდა ყველა ჩემს ირგვლივ მყოფ ადამიანს ბოდიში მოუხადო შექმნილი ვითარების გამო, სიტყვებით ვერ აღვწერ იმ დარდს რაც გულზე მაწვება იმ პრობლემების გამო რაც მე შევქმენი ჩემი წინდაუხედებლობით და ამავდროულად მინდა უზარმაზარი მადლიერება გამოვხატო თითეოეული თქვენგანისადმი, ვინაიდან ამ ყველაფრის მიუხედავად არ მიგვრძნია არც ერთისგან არაფერი გვერდში დგომის გარდა.
[/toggle]
#10
7 მარტი. ეს არის კორონავირუსით ინფიცირებული პირველი საჯაროდ იდენტიფიცირებული პაციენტი, რომელმაც თავად დაწერა ფეისბუკზე, რომ ვირუსი აქვს. იგი დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის შვილი – ნიკოლოზ გამყრელიძეა.
კორონავირუსი მას თანამშრომლისგან – #5 პაციენტისგან გადაედო.
ნოკოლოზ გამყრელიძე თავადაც სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია. იგი საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის (GHG) დირექტორია და იმავე შენობაში მუშაობს, სადაც #5 პაციენტი.
გამყრელიძე ამბობს, რომ იმ წუთიდან, რაც მის თანამშრომელს ვირუსი გამოუვლინდა, ის თვითიზოლაციაშია და პირველივე სიმპტომების აღმოჩენის შემდეგ ექიმებს მიმართა. ნიკოლოზ გამყრელიძე ამბობს, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრის სპეციალისტებს გადასცა ყველა იმ ადამიანის სია, ვისთანაც ბოლო დღეების განმავლობაში ჰქონდა კონტაქტი.
#11 #13 [განახლებულია]
7 მარტი. ეს ორივე შემთხვევა 7 მარტს დადასტურდა რამდენიმესაათიანი ინტერვალით. ცნობილია ის, რომ ორივე დაინფიცირდა საქართველოში. მათ კონტაქტი ჰქონდა იტალიიდან ჩამოსულ ადამიანთან. ( არაოფიციალური, დაუდასტურებელი ინფორმაციით, ეს ადამიანები ასევე მუშაობდნენ იმავე ფარმაცევტულ ფირმაში, რომელიც “ევექსის” შენობაშია განთავსებული და სწორედ #5 პაციენტისგან გადაედოთ ვირუსი).
#12 [განახლებულია]
7 მარტი. ეს პაციენტიც იდენტიფიცირებულია. ის არის საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის, იური ნოზაძის შვილი. იგი საქართველოში დაინფიცირდა იტალიიდან ჩამოსულთან კონტაქტის შედეგად. ეს ერთადერთი ინფიცირებულია, რომელიც მკურნალობს არა თბილისის, არამედ საჩხერის ინფექციურ საავადმყოფოში. როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, ნოზაძეს ჰქონდა ხანმოკლე კონტაქტი იტალიელთან, რომელიც ინფიცირებული აღმოჩნდა. იმნაძის ინფორმაციით, იტალიელი მალევე დაბრუნდა იტალიაში
#14
9 მარტი. თბილისის ინფექციურ კლინიკაში სახლიდან შემოვიდა ვირუსის ნიშნებით მამაკაცი, რომელსაც კლინიკურად დაუდასტურდა ინფექცია. მას არსად უმოგზაურია – კორონავირუსი მას ასევე #5 პაციენტისგან გადაედო.
#15
9 მარტი. ეს პაციენტი ჩამოვიდა ესპანეთიდან, მადრიდიდან, თუმცა ასევე ხანგრძლივი და ხშირი კონტაქტები ჰქონდა იტალიელებთან. ამიტომ გაურკვეველია, ეს შემთხვევა ესპანეთიდანაა შემოტანილი თუ იტალიიდან. ამ პაციენტმაც კლინიკას ბინიდან მიაკითხა და მანამდე ის თვითიზოლაციაში არ ყოფილა.
#16
10 მარტი. ეს არის კაცი, რომელიც ასევე დაინფიცირდა პაციენტი #5-სგან. მას ვირუსის ნიშნები გამოუვლინდა და ვინაიდან ჰქონდა კონტაქტი #5 პაციენტთან, იგი ინფექციურ საავადმყოფოში დააწვინეს. მეორე დღეს კი, ტესტმა უკვე დაადასტურა, რომ იგი ინფიცირებულია. ეს ადამიანი ექიმებს უყვება, რომ არის “მშრომელი კაცი” რომელმაც გარკვეული სამუშაო შეასრულა #5 პაციენტისთვის, რაშიც მისგან აიღო ფულის ბანკნოტა. ამიტომ, თავად ეს ადამიანი ვარაუდობს, რომ მისი ინფიცირება სწორედ ფულით მოხდა.
#17, #18, #19, #20, #21 [განახლებულია]
10 მარტი. ეს ხუთივე შემთხვევა იტალიაში მოგზაურობას უკავშირდება. ამ ხუთიდან ოთხი, პაციენტ #2-თან ერთად მოგზაურობდა იტალიაში. მას შემდეგ რაც პაციენტ #2-ს 28 თებერვალს ვირუსი დაუდასტურდა, ეს ადამიანები იზ„ოლაციაში მოაქციეს და ვირუსზე ანალიზიც აუღეს, თუმცა ტესტი უარყოფითი იყო. ისინი მაინც დატოვეს იზოლაციაში და ხელმეორედ 10 მარტს გადაამოწმეს ანალიზი – ამჯერად მათ სისხლში ვირუსი აღმოჩნდა.
რაც შეეხება მეხუთე შემთხვევას – იგი ბავშვია, ამ ოთხიდან ერთ-ერთის შვილი. თავდაპირველად ითქვა, რომ ამ ჯგუფში არასრულწლოვანი არ იყო, თუმცა შემდგომ ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაია განახცადა, რომ ბავშვი მშობლებთან ერთად იყო იტალიაში. ამირან გამყრელიძემ ამ ჯგუფს მადლობა გადაუხადა, რადგან ისინი იზოლირებულები იყვნენ და არავისთან უკონტაქტიათ.
#22 [განახლებულია]
10 მარტი. პაციენტი პირობითი ნომრით 22 არის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე. ახალი კორონავირუსი მას საქართველოში შვილისგან გადაედო. მისი შვილი ამ სიაში ნომერ მეთორმეტე პაციენტია. იური ნოზაძეს COVID-19 განმეორებითი ანალიზის დროს დაუდარტურდა. 6 მარტიდან ნოზაძე თვითიზოლაციაში იყო.
#23
მისი ავადმყოფობის ისტორიაც იტალიაში მოგზაურობას უკავშირდება, თუმცა მეტი დეტალი ამ დროისთვის ცნობილი არ არის. ცნობილია, რომ იგი მკურნალობას გადის დასავლეთ საქართველოს კლინიკაში.
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ოთხი მთავარი რეკომენდაცია:
• ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ჩამოვიდა ნებისმიერი უცხო ქვეყნიდან (განსაკუთრებით კი, იტალიიდან, ჩინეთიდან, სამხრეთ კორეიდან, ირანიდან) უნდა დარჩეს თვითიზოლაციაში 14 დღის განმავლობაში.
• ხელების ხშირი დაბანა და პირადი ჰიგიენის დაცვა.
• მინიმუმ 1.5 მეტრიანი დისტანციის დაცვა სხვა ადამიანებთან კონტაქტის დროს.
• შეძლებისდაგვარად ხალხმრავალ ადგილებში მისვლისგან თავის შეკავება.