„რევოლუცია ფეხბურთში“ - სომხეთის ფედერაციის ამბიციური გეგმები
სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელმა, არტურ ვანეციანმა, რომელიც ასევე ქვეყნის ეროვნული უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელიცაა, 2025 წლამდე სომხური ფეხბურთის განვითარების საკმაოდ ამბიციური გეგმა წარმოადგინა. ფედერაციის მორიგ ფორუმზე მან განაცხადა, რომ აფასებს გრძელვადიან პროგრამებს, და არა ცალკეულ წარმატებებს.
რა მიზნებია დასახული
სომხეთის ფეხბურთის ფუნქციონერებს იმედი აქვთ, რომ 2025 წელს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატისთვის კვალიფიცირებას შეძლებს. ამ მიზნების მისაღწევად ფედერაცია, სხვა დანარჩენის გარდა, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სტადიონის აშენებას აპირებს. წინასწარი ინფორმაციით, ის 32 ათას ადამიანს დაიტევს.
ფედერაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ უეფას სტანდარტების შესაბამისი სტადიონების რაოდენობა, ახლანდელი ოთხის ნაცვლად, რვამდე უნდა გაიზარდოს. სომხეთის თითოეულ ოლქში ერთი საფეხბურთო აკადემია მაინც აშენდება. საფეხბურთო ხელისუფლებას საბავშვო- იუნიორულ წრეებში ჩაბმული ბავშვების რაოდენობის, ახლანდელი ხუთი ათასის ნაცვლად, ათამდე გაზრდა აქვს გადაწყვეტილი.
სომხეთის ოლქებში ახლა უკვე საფეხბურთო მოედნები იხსნება. ფედერაცია, სამოყვარულო ფეხბურთის განვითარების მიზნით, ხელოვნური გაზონის მქონე 300 ახალი მოედნის გახსნას აპირებს. რაც შეეხებათ სამოყვარულო დონის სპორტსმენებს, მათმა რიცხვმა ახლანდელი 10 ათასის ნაცვლად, 80 ათასს უნდა მიაღწიოს.
„სომხურ ფეხბურთს გრანდიოზული მომავალი ექნება… ახალი პროექტები [ფედერაციის] ფინანსურ ხარჯებს გაზრდის, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად ვართ – მოსალოდნელი პროგრესისთვის. ჩვენ ახლა ფეხბურთში ინსტიტუციური რევოლუციისკენ მივდივართ“, – განაცხადა ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელმა.
ქალთა ფეხბურთი როგორც პრიორიტეტი
სომხეთის ფეხბურთის ფედერაცია ქალთა ფეხბურთისთვის განსაკუთრებული ყურადღების მიქცევას აპირებს:
„სერიოზულ სამუშაოს ვატარებთ ქალთა ეროვნული ნაკრების შესაქმნელად. ქალთა ფეხბურთის მასობრიობა – ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია“.
რა იყო ვანეციანამდე
არტურ ვანეციანის მოსვლით სომხეთის ფედერაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე რუბენ აირაპეტიანის მრავალწლიანი მმართველობის ეპოქა დასრულდა.
ეროვნული უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა ეს თანამდებობა სომხური ფეხბურთის კორუფციისგან გაწმენდის საბაბით დაიკავა. სპეციალისტებს მიაჩნდათ, რომ ამ თანამდებობაზე ის რამდენიმე თვეს დარჩებოდა, თუმცა ვანეციანი, უკვე ერთ წელიწადზე მეტია, რაც მართავს.
ფედერაციის ყოფილი ხელმძღვანელის რუნებ აირაპეტიანის სახელს ბევრი სკანდალური ისტორია უკავშირდება. კერძოდ, ცნობილია, რომ საფეხბურთო მატჩების დროს ის ფეხბურთელებს სცემდა. აიარაპეტიანს ასევე ადანაშაულებდნენ, რომ ის ეროვნულ ნაკრებში სწორედ თავისი საფეხბურთო კლუბის „პიუნიკის“ (2018 წელს გაყიდა) ფეხბურთელებს იწვევდა.
მედიაში არაერთხელ დაწერილა, რომ ის სხვა კლუბების განვითარებას სირთულეებს უქმნიდა. არსებობდა ინფორმაციაც იმის თაობაზე, რომ აირაპეტიანი მწვრთნელის ნაცვლად წყვეტდა გუნდის შემადგენლობას და სხვა იმ საკითხებს, რაც მის კომპეტენციაში არ შედიოდა.