როგორ დაამარცხა მოსკოვის რესტორანმა „არმენიამ“ რუსული ოპოზიცია
მოსკოვში, რესტორანმა „არმენიამ“ დაამარცხა ადგილობრივი ოპოზიცია, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში მართავდა მრავალათასიან აქციებს ადგილობრივ არჩევნებზე დამოუკიდებელი კანდიდატების დაშვების მოთხოვნით.
რესტორანი, რომელიც ტერიტორიულად პროტესტის ეპიცენტრში მდებარეობს, მოსკოვში ერთადერთი იყო, რომელმაც აგვისტოში, სასამართლოში შეიტანა სარჩელი აქციების ორგანიზატორების, ოპოზიციის ლიდერების, ნავალნის, სობოლისა და იაშინის წინააღმდეგ.
და აი, არსებობს უკვე სასამართლოს გადაწყვეტილებაც – პროტესტის ორგანიზატორებმა რესტორნის მფლობელებს 241,5 ათასი რუსული რუბლი (დაახლოებით, 3 ათასი დოლარი) უნდა გადაუხადონ.
• მოსკოვში ხელისუფლებამ უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო – რუსეთის არჩევნების მთავარი სენსაცია
• მოსაზრება: რუსეთში არჩევნები დასრულდა, ყველაზე საინტერესო დაიწყო
• ტვიტებისა და საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის მოსკოვში ოპოზიციონერებს აპატიმრებენ
როგორც გამოცემა „ლენტაჩი“წერს, რესტორნის წარმომადგენელი ამტკიცებდა, რომ 27 ივლისს, ყველაზე მასშტაბური მიტინგის დღეს, დაწესებულებამ ვერ მიიღო 550 ათასი რუბლის (დაახლოებით, 8500 დოლარის) შემოსავალი. კერძოდ, სარჩელში რესტორნის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ამ დღეს დაგეგმილი იყო და აქციის გამო ჩაიშალა 40 პერსონაზე გათვლილი ბანკეტი, რომლის საფასურიც 396 ათას რუბლს (დაახლოებით 6000 დოლარს) აჭარბებდა.
მოპასუხე მხარის ადვოკატების განცხადებით, „არმენიამ“ ვერანაირად ვერ დაამტკიცა, რატომ მოუწია რესტორანს დახურვა. მათ ასევე აღნიშნეს, რომ ბანკეტის ღირებულების ამობეჭდილი ასლი არ შეიძლება ჩაითვალოს ზარალის დასაშვებ მტკიცებულებად სასამართლოში.
ამას გარდა, ადვოკატების გამოთვლით, წარმოდგენილი ფასის მიხედვით, ბანკეტის თითოეულ სტუმარს სულ ცოტა ოთხი კილოგრამი საკვები უნდა მიეღო. მაგრამ „არმენიას“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „ბანკეტისთვის ეს ბევრი არ არის“ და მოსამართლეც დაეთანხმა.
როდესაც რესტორანმა სასამართლოში შეიტანა სარჩელი – საპასუხოდ ათასობით მომხმარებელმა დაწესებულების Facebook-გვერდზე ნეგატიური გამოხმაურებების დაწერა დაიწყეს და იმდენად დააგდეს მისი რეიტინგი (შეფასების ხუთბალიან სისტემაში ორამდე), რომ რესტორანი იძულებული გახდა, საერთოდ დაეხურა აღნიშნული გვერდი. ამის შესახებ გაზეთი „კომერსანტი“ წერდა.
• როგორ აქცია ვლადიმირ პუტინმა ქუჩის კრიმინალი მაფიოზურ სახელმწიფო მანქანად
• პროტესტი რუსეთში: რისი უნდა გვეშინოდეს და რისი იმედი გვქონდეს
აქციის დღეს, 27 ივლისს, პოლიციამ 1373 ადამიანი დააკავა, ათეულობით ადამიანს კი განსაკუთრებული სისასტიკით სცემეს.
მოსკოველმა ჟურნალისტმა სერგეი ეჟოვმა განაცხადა, რომ კომპანიამ, რომელსაც რესტორანი „არმენია“ ეკუთვნის, ცოტა ხნის წინ მიიღო კონტრაქტი რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროსგან. 22 აგვისტოს, ალექსეი ნავალნისა და მოსკოვის დუმის არჩევნებზე დაურეგისტრირებელი რამდენიმე კანდიდატის წინააღმდეგ, კიდევ ერთი სარჩელი შეიტანეს სასამართლოში. ის მოსკოვის მეტროპოლიტენმა შეიტანა.
_______________________________________
საპროტესტო აქციები მოსკოვსა და პეტერბურგში, 20 ივლისიდან მოყოლებული, ყოველ შაბათს იმართებოდა 8 სექტემბრამდე ანუ უშუალოდ არჩევნების დღემდე. დიდწილად, აქციები არ იყო ნებადართული ხელისუფლების მიერ და ამიტომ, მათ თან ახლდა პროტესტის მონაწილეების მასობრივი ცემა და დაკავებები.
ერთ-ერთი ყველაზე აღმაშფოთებელი შემთხვევა იყო ჟურნალისტ ილია აზარის დაკავება, რომელიც პოლიციელებმა სახლიდან წაიყვანეს და იქ მარტო დატოვეს მისი ორი წლის ქალიშვილი.
ყველაზე მასობრივი საპროტესტო აქცია 10 აგვისტოს გაიმართა, როდესაც მოსკოვში 60 ათასზე მეტი ადამიანი მივიდა.
პროტესტის რამდენიმე მონაწილეს უკვე მიუსაჯეს ორიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ისეთი ბრალდებებით, როგორიცაა „ტვიტის გამოქვეყნება“, „ურნის სროლა პოლიციელის მიმართულებით“, პოლიციელის ჩაფხუტზე შეხება“.
არჩევნების შედეგები:
• მოსკოვში, სადაც საქალაქო პარლამენტის (მოსკოვის საქალაქო დუმის) დეპუტატებს ირჩევდნენ, ხელისუფლებამ უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო. 45-დან 20 ადგილი საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების მიერ წარდგენილმა კანდიდატებმა მიიღეს. წინა არჩევნებზე ასეთი შედეგი მხოლოდ შვიდ ოლქში დაფიქსირდა.
• მაგრამ რუსეთის 16-ივე სუბიექტში, სადაც გუბერნატორებს ირჩევდნენ, კრემლის მიერ დანიშნული რეგიონების მოქმედი ხელმძღვანელები აირჩიეს თანამდებობებზე.