მწვანილიანი ხმიადები
თუმცა, დროება იცვლება და ახალგაზრდებს შორის მხოლოდ ისინი ამზადებენ, ვინც მზარეულობით არის გატაცებული და მშობლიური ტრადიციების შენარჩუნება სურს. უფროს თაობაში კი ჯანსაღი შეჯიბრია გაჩაღებული – თითოეული დიასახლისი დარწმუნებულია, რომ თავად ამზადებს ხმიადებს ყველაზე სწორად და უკეთ.
ანია გრიგორიანი ხუმრობს: “რაც თავი მახსოვს, ჟენგალიოვ აცს ვაცხობ. მხოლოდ ჩემსას ვჭამ, ანუ მხოლოდ მაშინ, როდესაც თავად ვამზადებ.” 64 წლის ანია თავისი ხმიადებით ამაყობს და ამბობს, რომ ამ კერძის მომზადება ერთგვარი რიტუალია, რომელიც მან ბებიამისისგან შეითვისა.
აი, “მწვანილიანი პურის” რეცეპტი, რომელსაც ანია გვთავაზობს. კერძის მოსამზადებლად ანიამ ცამეტი სახის მწვანილი გარეცხა, გააშრო და დაჭრა. ამ კერძის მომზადების მთავარი სირთულე და მთელი “მარილიც” ესაა. საქმე ის არის, რომ ადგილობრივი დიასახლისები ოცამდე ჯიშის მწვანილს იყენებენ; თან, ამ მწვანილების ნაწილი, როგორც თავად ამბობენ, მხოლოდ ყარაბაღში ხარობს, დანარჩენების სახელებს კი საკუთარ დიალექტზე გეუბნებიან, და ამიტომ თუ მწვანილში პროფესიონალი ბოტანიკოსივით ვერ ერკვევი, ძნელია, მიხვდე, თუ რაზეა საუბარი.
ასე რომ, მხოლოდ იმ მწვანილების სიას გთავაზობთ, რომელიც ზუსტად განვსაზღვრეთ. ესენია – ქინძი, კამა, ჭინჭარი, ჭარხლის ფოთოლი (მხოლოდ მწვანე ნაწილი, ღეროების გარეშე, რათა ხმიადი არ გაწითლდეს), მჟაუნა, ღოლო და ისპანახი. თუმცა, სხვა დიასახლისებს შეუძლიათ, ამ ნაკრებს ნებისმიერი სხვა მწვანილიც დაუმატონ – ოხრახუშის გარდა. ოხრახუში ადგილი ამ კერძში არ არის.
მწვანილით სავსე თასში ანიამ წვრილად დაჭრილი ხახვი, მარილი და პილპილი ჩაყარა და ამ ყველაფერს ცოტაოდენი ზეთიც მოასხა. მისი თქმით, ზოგიერთი დიასახლისი გულსართში ბროწეულის მარცვლებსა და ქლიავის მჟავე ტყლაპს უმატებს ხოლმე.
ცომი ძალიან მარტივია – მხოლოდ წყლის, ფქვილისა და მარილისგან შედგება. ანიამ ცომი მოზილა, ნახევარი საათით გააჩერა. შემდეგ რამდენიმე ნაწილად დაჭრა და გააბრტყელა. ცომი არც სქელი უნდა იყოს, და არც თხელი, რომ ხმიადები არ გაიხეს. გაბრტყელებული ცომის ერთ ნახევარზე მწვანე გულსართი იდება, მეორე ნაწილი კი ზედ ეფარება. ცომს კიდეები ფრთხილად უნდა ამოეკეცოს.
ხმიადებს გაცხელებულ ტაფაზე აცხობენ. ჯერ ერთ მხარე ცხვება, შემდეგ კი ამოაბრუნებენ და მეორე მხარეც იბრაწება. აი… სულ ცოტაც და გამოცხვება. ხმიადების მომზადებისას საოცარი სუნი დგება, და მთელ ეზოში იფრქვევა. აქაურები ადვილად ცნობენ მათი საყვარელი კერძის სურნელს, რომელიც ყველა ადგილობრივი მაცხოვრებლისთვის ბავშვობიდანვე ცნობილია.
ანიამ განსაკუთრებულად აღნიშნა, რომ ჟენგიალოვ ჰაცი სუფრაზე წითელ ღვინოსთან ერთად მიაქვთ. კერძის კარგად მომზადებას გისურვებთ!