7 რამ, რაც ვილნიუსში გაგაოცებთ
ჩაის სოკო – ძველი ნაცნობი ახალი სახით
ვილნიუსის სუპერმარკეტებში, მკვეთრეტიკეტიან ბოთლებში იყიდება მომჟავო სასმელი, სახელწოდებით კომბუჩა – ჩაის სოკოზე დამზადებული უალკოჰოლო ნაყენი. ეს საიდუმლოებით მოცული მცენარე თუ არსება, ოდესღაც ყოველ მეორე საბჭოთა სამზარეულოში მოიპოვებოდა. ჩაის სოკო შუშის ბალონში ცხოვრობდა და ვეება დაჭყლეტილ ლოქორას წააგავდა. სოკო წყალს ბურახსა და ლიმონათს შორის სასმელად აქცევდა.
ბაქოში, 80-იანების მიწურულს დაბადებულ თაობებს ეს სასმელი უკვე აღარ ახსოვს, სამაგიეროდ, ლიტვაში მას სამრეწველო მეთოდით აწარმოებენ.
უჟუპისის რესპუბლიკა, ან ვილნიუსის მონმარტრი
უჟუპისის რესპუბლიკა ან ვილნიუსის მონმარტრი
წმინდა ანას ტაძარს რომ ჩაუვლი და მდინარე ვილიაზე გადებულ ხიდზე გადახვალ, „უჟუპისის რესპუბლიკაში“ აღმოჩნდები.
ეს მხატვრებითა და ბოჰემის სხვა წარმომადგენლებით დასახლებული გამოცალკევებული რაიონია. ერთგვარი ვილნიუსის მონმარტრი.
1997 წელს, ადგილობრივმა მოსახლეობამ უჟუპისი ცალკე რესპუბლიკად გამოაცხადა, რომელსაც ჰქონდა თავისი დროშა, პრეზიდენტი და კონსტიტუცია, რომელშიც, სხვა რაღაცებთან ერთად, ნათქვამია, რომ „ყველას აქვს უფლება, იყოს ბედნიერი“.
აქ მთავარ მოედანზე ანგელოზის ძეგლი დგას, ალალბედზე ნებისმიერ თაღში რომ შეხვიდე, შესაძლოა, საოცრებათა ქვეყანაში ან სარკისმიღმიერ სამყაროში აღმოჩნდე, სხვადასხვა ტიპის მაღაზიებში კი – შეიძინო შამანური ამულეტები, ძველი წიგნები ან კანაფისგან დამზადებული საქონელი. ეს ის არ არის, თქვენ რაც იფიქრეთ – კანაფი ამ შემთხვევაში სასოფლო-სამეურნეო ნაწარმია, რომლითაც თოკებსა და ზეთს ამზადებენ. თუმცა, ის კანაფიც, რომელზეც თქვენ გაიფიქრეთ, ვილნიუსში ადვილი საშოვნელია და ხშირად ქუჩაში მისი სუნი აშკარად იგრძნობა.
ტიბეტის სკვერი
ერთი შეხედვით, თითქოს რა საქმე უნდა ჰქონდეს ბალტიისპირულ სახელმწიფოს აღმოსავლეთაზიურ გარჩევებთან? თუმცაკი, ლიტვა მხურვალედ უჭერს მხარს ტიბეტის ბრძოლას ჩინეთისგან დამოუკიდებლობისათვის. შესაბამისად, ჩინეთთან მას არც ისე თბილი ურთიერთობები აქვს.
სოლიდარობის ნიშნად, 2010 წელს ვილნიუსში „ტიბეტის სკვერი“ გახსნეს. მის ცენტრში თავს იწონებს მოზაიკური მანდალა, რომელიც ერთ-ერთი ვიზიტისას, თავად დალაი-ლამამ აკურთხა.
„ჯურღმულების მუსიკა“
ვილნიუსის რკინიგზის სადგურზე ხანდახან კონცერტები იმართება. მაგალითად, დეკემბრის ბოლოს, იქ, ღია ცის ქვეშ, უკრაინელი მომღერალი ლუნა გამოვიდა. ათგრადუსიანი ყინვა, გლინტვეინის მსურველთა უზარმაზარი რიგი და მელანქოლიური სიმღერები სიყვარულზე. რომანტიკა.
არანაკლებ შთამბეჭდავად ისმის ელექტრონული მუსიკა ძეხვისა და ყველის დახლებს შორის – დახურულ ბაზარში, რომელიც რკინიგზის სადგურის ცოტა ქვემოთ მდებარეობს.
ეს ყველაფერი – სადგურის მიმდებარე რაიონის „გასაკულტურებელი“ პროგრამის შემადგენელი ნაწილია. ქალაქის ხელისუფლება ამ გზით ცდილობს „ჯურღმულების სულისგან“ გათავისუფლებას, რომელიც მრავალი ქალაქის მსგავს რაიონებს ახასიათებს.
საჭმელი დირიჟაბლები და ჭარხლის პური
აქვე, ბაზარში, შეგიძლიათ გასინჯოთ მთავარი ლიტვური ეროვნული საჭმელი – ცეპელინები. ეს ერთგვარი ღვეზელია, რომელიც მოხარშული კარტოფილისა და ფარშირებული ხორცის შიგთავსით მზადდება. მათ ასე გერმანული დირიჟაბლის (Zeppelin) პატივსაცემად დაარქვეს.
ასევე, ვილნიუსში არაჩვეულებრივად გამომცხვარი პურის ათას ერთი სახეობაა, მათ შორის, მაგალითად, ჭარხლის პური ან ბაგეტი ზეითუნის ზეთითა და ნიორით.
შუასაუკუნეობრივი ხათაბალა
ვილნიუსი – შუა საუკუნეების ქალაქია და ზოგიერთი ძველი ქუჩა შემაშინებლად აუთენტურად გამოიყურება. დაკლაკნილი და პირქუში, თითქმის ყრუ კედლებით გარშემორტყმული, ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ჯერ კიდევ მე-13 საუკუნეა და სადაცაა, კუთხიდან ღამის გუშაგი გამოვა და დაინტერესდებაა, აქ რა ჯანდაბა დაგიკარგავსო.
ეს ყველაფერი მით უფრო გაოცებს, თუ გაიხსენებ, რომ ბაქოში ქალაქის ხელისუფლება საგულდაგულოდ სპობს ყველაფერ ძველს – სახლების მუქ ქვებს ხეხავენ და აღიავებენ. აჩრდილი თვალს ვერაფერს დაადგამს.
One ფუნთუშა
– Please, one coffee and one… (რა ვუწოდო ამ რაღაცას ინგლისურად?)
– One coffee и one булочка? – იცინის ბარისტა.
საბჭოთა კავშირის დანგრევიდან 30 წლის შემდეგაც, ლიტვაში ჯერ ისევ გამოსადეგია რუსული ენა. როგორც აზერბაიჯანში. ერთი ისაა, ჩვენთან დომინირებს აზრი, რომ ბალტიისპირეთში რუსულად ფულის სანაცვლოდაც კი არავინ დაგელაპარაკება. ეს არ არის მართალი. შემთხვევების 90 პროცენტში, რუსულად მოლაპარაკეს გაუგებენ და უპასუხებენ.
– დიახ, one coffee და оne ფუნთუშა, თუ შეიძლება.