სომხეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მოქმედ პრეზიდენტს წარადგენენ?
სომხეთში აქტიურად მსჯელობენ, თუ ვინ გახდება 2018 წელს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი.
მომავალი წლის აპრილიდან სომხეთში სრული ძალით ამოქმედდება მართვის საპარლამენტო სისტემა და ქვეყნის მართვას არა პრეზიდენტი, არამედ პრემიერ-მინისტრი დაიწყებს.
აქამდე პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ორი ძირითადი კანდიდატურა განიხილებოდა და ორივე პრეტენდენტი მმართველი რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელია: სომხეთის მოქმედი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი და მოქმედი პრემიერ-მინისტრი კარენ კარაპეტიანი.
აქამდე მხოლოდ მათი წარდგენის თაობაზე აზრები განიხილებოდა. თუმცა, მმართველი პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ არმენ აშოტიანმა საჯაროდ პირველად განაცხადა, რომ პირადად ის, მზადაა, რომ 2018 წელს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე სომხეთის მოქმედი პრეზიდენტის, პარტიის მეთაურის, სერჟ სარგსიანის კანდიდატურა წარადგინოს.
კარენ კარაპეტიანის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით მზადყოფნა ჯერ არავის განუცხდებია.
არმენ აშოტიანმა აღნიშნა: “უსაფრთხოების, საგარეო პოლიტიკის და ეკონომიკის დარგში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, საუკეთესო გადაწყვეტილება სწორედ სერჟ სარგსიანის ხელმძღვანელობით დაწყებული სამუშაოს გაგრძელება იქნებოდა”.
საექსპერტო და პოლიტიკურ წრეებში ბევრს მიაჩნია, რომ პრემიერ-მინისტრი სწორედ სერჟ სარგსიანი გახდება, რადგან მას პოლიტიკიდან წასვლის სურვილი არ აქვს. 2015 წელს საკონსტიტუციო ცვლილებები სწორედ იმის გამო მოხდა, რომ მისთვის მმართველობის წლები გაეგრძელებინათ. სერჟ სარგსიანს პრეზიდენტის თანამდებობა უკვე ორჯერ, ხუთ-ხუთი წლით ეკავა და მესამედ ვეღარ აირჩევდნენ.
ოპოზიცია კი იხსენებს, რომ 2014 წელს სერჟ სარგსიანმა პირადად განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე პრეტენზიას არ აცხადებს.
„თუკი სერჟ სარგსიანი ხელმძღვანელ თანამდებობას ისევ დაიკავებს, მაშინ მას, რბილად რომ ვთქვათ, საკუთარ სიტყვებზე უარის თქმა მოუწევს“, – თქვა ოპოზიციური ფრაქცია „ელკის“ წევრმა ალენ სიმონიანმა.
სერჟ სარგსიანმა კი ახლახან ტელეარხ „სომხეთს“ მკაფიო პასუხი არ გასცა კითხვაზე – აპირებს თუ არა პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებას და რის გაკეთებას აპირებს ის 9 აპრილის შემდეგ.
„არც ვთამაშობ, არც ვართულებ და არც ვამარტივებ. ყველა ერთად როგორც გადავწყვეტთ, ისე გავაგრძელებთ წინსვლას“.
ოპოზიციური ბლოკ „ელკის“ დეპუტატმა მანე თანდელიანმა ამასთან დაკავშირებით თქვა:
„დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი თავიდანვე იყო დაგეგმილი და უამრავი ინტრიგა იმის საჩვენებლად იხლართებოდა, რომ სერჟ სარგსიანი შეიძლება წავიდეს, მაგრამ სახელმწიფოს ინტერესები მოითხოვს, რომ ის დარჩეს. ის, რომ სერჟ სარგსიანი საკუთარ სიტყვებზე უარს ამბობს და სამუდამო ძალაუფლებისკენ მიილტვის, იმ ავტორიტარულ ლოგიკას შეესაბამება, რომელშიც ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნები ცხოვრობენ – ლუკაშენკოს, ნაზარბაევისა და პუტინის სახით”.