მიხაილ შეველიოვი, მოსკოვი
გარდაიცვალა ფაზილ ისკანდერი – ჩინებული მწერალი და ნათელი ადამიანი.
შეიძლება ვცდები, მაგრამ, როგორც ვიცი, ბოლო, რაც ფაზილ ისკანდერმა დაწერა, არის მოკლე კომენტარი დმიტრი ივანოვის რომანთან დაკავშირებით, რომელშიც ისკანდერი გვირჩევს, წავიკითხოთ ეს რომანი. ამ რჩევის გათვალისწინება ნამდვილად ღირს – მრჩეველიც კარგია და თემაც მნიშვნელოვანია.
ამჟამად რუსეთს არ აინტერესებს კავკასია, რაც “აგრეგატორების” მთავარი ახალი ამბებით, სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული გზავნილებითა და მასმედიაში დაბეჭდილი პუბლიკაციებით დასტურდება. ჩრდილოეთ კავკასიით მხოლოდ მაშინ ინტერესდება, როდესაც რამზან კადიროვი რაიმე განსაკუთრებულად ეპატაჟური განცხადებითა თუ ქმედებით გამოიჩენს ხოლმე თავს, ანდა, როდესაც დაღესტანში რაიმე ძალიან მძლავრი აფეთქდება, მოსკოვში კი ბორის ნემცოვს მოკლავენ. რუსებს საერთოდ არ აინტერესებთ, თუ რა ხდება ბაქოში, ერევანსა და თბილისში. “ბრექსიტი”? კი ბატონო, ნამდვილად იმსახურებს განხილვას; ყარაბაღში მიმდინარე მოვლენები კი რუსებს არ აღელვებთ.
და ეს განწყობა ორმხრივია – ვერც საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში ნახავთ ბევრ ისეთ ადამიანს, რომელსაც რუსეთის ახალი ამბები აინტერესებს. იქაურთა უმრავლესობისთვის რუსეთი სხვა, უცხო და ხშირად მტრულად განწყობილი სამყაროა. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთშიც კი მცირდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც მოსკოვურ სიახლეებს დაძაბულად ადევნებენ თვალს; რადგან მოსკოვი მაინც უცხო მხარეა.
და ეს არც მოულოდნელობაა და არც რაიმე გამოცანა – საბჭოთა ამიერკავკასიას ამჟამინდელი სამხრეთ კავკასიისგან ოცდახუთწლიანი დისტანცია აშორებს. და როგორც არ უნდა მოიტყუო თავი ვითომდაც იმპერიის აღორძინებით, რამდენიც არ უნდა ილაპარაკო “პრივილეგირებულ ინტერესთა ზონაზე”, რთულია იმის დამალვა, რაც აშკარაა – რუსეთის ქმედებები კავკასიაში ხნიერი მექალთანეს საქციელს ჰგავს, რომელიც იმპოტენციის დამალვას ცდილობს.
ინტერესის ორმხრივი დაკარგვა განსაკუთრებით იქ შეიმჩნევა, სადაც იმიტაცია შეუძლებელია. ბოლო ხანს მაინც რამდენი მხატვრული ნაწარმოები დაიწერა კავკასიის შესახებ რუსულ ენაზე? დიდ და ნიჭიერად დაწერილ ნაწარმოებებზე არც ვლაპარაკობ – უბრალოდ, საერთოდ რამე მაინც თუ დაწერილა? რამდენი? შეიძლება მე რაიმე გამომრჩა და ამიტომ არ ვიტყვი, რომ “არც ერთი”. ვიტყვი, რომ “ძალიან ცოტა”. იმიტომ, რომ არც მკითხველისგან არის მოთხოვნა, და არც – მწერლისგან შეთავაზება.
მაგრამ!
დადგა 2015 წელი და გამოჩნდა დმიტრი ივანოვის რომანი “სად ათენებენ ღმერთები”.
კარგად არის დაწერილი, ჩამთრევი სიუჟეტი აქვს, სასაცილოცაა, და ამაღელვებელიც. ეს მე არ მითქვამს. უბრალოდ, ისეთი ადამიანების მოსაზრებას ვიზიარებ, როგორებიც არიან – ფაზილ ისკანდერი, ლიუდმილა ულიცკაია, იური არაბოვი, ანდრეი მაკარევიჩი.
ჩემი მხრიდან მხოლოდ იმას აღვნიშნავ, რომ მნიშნელოვანია, თუ როგორაა ეს ნაწარმოები შესრულებული, თუმცა თემა კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობით გამოირჩევა. ეს რომანი კავკასიაში მცხოვრები ადამიანების რუსულ სახელმწიფოსთან მორიგი შეხვედრის შესახებ გვიამბობს. ამ შემთხვევაში, არც ომთან გვაქვს საქმე, არც დეპორტაციასთან, და არც ჩვეულებრივ ხოცვა-ჟლეტასთან. ეს ნაწარმოები მხოლოდ სოჭის ოლიმპიადას ეხება. მაგრამ რომანში მაინც უბედურება ტრიალებს.
და უცებ აღმოჩნდება, რომ უბედურება კი ტრიალებს, მაგრამ ამ სირთულეების გადალახვა შესაძლებელია; რადგან რომანის გმირი შეძლებული მოსკოველია, რომელიც ოლიმპიური ძარცვისა და ნაძარცვის გაყოფის ეპიცენტრში მოხვდა. კავკასიის შესახებ მანამდე საკმაოდ ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა, მაგრამ უცებ დაფიქრდება, შემდეგ იგრძნობს, ბოლოს კი ამოქმედდება.
რა თქმა უნდა, ამ წიგნის მთავარი მკითხველი მოსკოვში, პერმში ჩელიაბინსკში ან ორენბურგში ცხოვრობს, რადგან ეს წიგნი ამ ქალაქებში მცხოვრებ ადამიანებზეა, მაგრამ, შესაძლოა, ეს ნაწარმოები ბაქოში, თბილისში, ერევანსა და ბევრ სხვა ქალაქშიც წაიკითხონ – იმ ადამიანებმა, რომლებიც იმის დამადასტურებელ საბუთებს ეძებდნენ (და ბოლო დროს ძალიან იშვიათად პოულობდნენ), რომ რუსული სახელმწიფო და რუსეთში მცხოვრები ადამიანები მთლად ერთი და იგივე არ არის.
ჩემი აზრით, ფაზილ ისკანდერისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ ეს წიგნი წაეკითხათ.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, ტერმინები და პოზიცია მთლიანად ავტორს ეკუთვნის და, შესაძლოა, რედაქციის აზრს არ ემთხვეოდეს.
გამოქვეყნებულია: 02.08.2016