მარტივად, იაფად, უკანონოდ
შენობის მდგრადობა კითხვის ნიშნის ქვეშაა
არმავირში, დღისით-მზისით, ქალაქმშენებლობის ინსპექციისა და მერიის თვალწინ, სათანადო საბუთებისა და ნებართვის გარეშე, თავხედურად მიმდინარეობს უკანონო მშენებლობა, რომელიც შენობის მდგრადობასა და მის მოსახლეობას საფრთხეს უქმნის.
კანონიერი მშენებლობის წარმოებისთვის ბევრი ფული და დიდი დროა საჭირო. კერძოდ, თუკი მოქალაქეს სურს, მშენებლობით დაკავდეს, თავდაპირველად მერიისგან უნდა მიიღოს ნაკვეთი მშენებლობის ნებართვით, რომლის შეძენაც აუქციონზეა შესაძლებელი. ამის შემდეგ მან სათანადო პირებს საპროექტო-გამოთვლითი დოკუმენტები უნდა შეუკვეთოს, რის შემდეგაც სხვადასხვა ინსპექციის მოწმობები უნდა მიიღოს. ეს დოკუმენტები საჭიროა იმის დასადასტურებლად, რომ მშენებარე კონსტრუქცია ამჟამად არსებულ ყველა ნორმას აკმაყოფილებს. ლიცენზირებულ მშენებელთან ხელშეკრულების გაფორმება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუკი დამტკიცებული საპროექტო-გამოთვლითი საბუთები არსებობს. ამავდროულად აუცილებელია დამატებითი ხელშეკრულება ორგანიზაციასთან, რომელიც მშენებლობის პროცესს აკონტროლებს.
ამ ყველაფრისათვის, 100 კვადრატული მეტრის ფართობის ნაკვეთზე 1-1,5 მილიონი დრამი (დაახლოებით 2000-3000 დოლარი) იქნება საჭირო. მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებული შენატანების გარდა, არალეგალური ხარჯებიც გარდაუვალია. მაგალითად, ხანძარსაწინააღმდეგო ინსპექცია, ისე, რომ სათანადოდ არც სწავლობს პროექტს, უარს ამბობს პროექტის შესაბამისობის დადასტურებაზე და მიზეზად რაღაც გაურკეველ ნორმას ასახელებს. და მხოლოდ დამატებითი “ჰონორარის” წყალობით შეიძლება, რომ პროექტი ხანძარსაწინააღმდეგო ნორმების შესაბამისი გახდეს. ზუსტად ასევეთივე “სქემით” მუშაობენ ელექტრომომარაგების, გაზიფიკაციის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ინსპექციებიც.
ყველაზე მოკლე და ეკონომიური გზა
უმოკლესი გზა, რომელიც დროისა და ფულის დაზოგვის საშუალებას იძლევა და ადამიანს ზედმეტ თავისტკივილს არიდებს, უკანონო მშენებლობის დაწყებაა, რომლის აღმოჩენის შემთხვევაში, ქალაქმშენებლობის ინსპექცია დამრღვევს მაქსიმუმ 400 ათასი დრამით (დაახლოებით 840 დოლარით) აჯარიმებს, მერია კი – 200 ათასი დრამით (420 დოლარი).
მშენებლობის მწარმოებელი სიხარულით იხდის ამ ფულს, მცირე ჰონორარით მცირე ხნით “აბრმავებს” ქალაქგეგმარების ინსპექციისა და მერიის თანამშრომლებს და ამ პერიოდში მშენებლობის დასრულებას ასწრებს. რამდენიმე წელიწადში ადგილობრივი ხელისუფლება შესაბამის დოკუმენტებს წარმოადგენს და შენობას კანონიერად აღიარებენ. სწორედ მაშინ იღებს მფლობელი მესაკუთრის მოწმობას.
ამის გამო, ქალაქმა არმავირმა დიდი ხნის წინათ დაკარგა არქიტექტურული იერი და ტრანსფორმაციის პროცესი დღესაც გრძელდება. საქმე იქამდე მივიდა, რომ მრავალსართულიანი შენობის მესამე სართულის ნებისმიერ მობინადრეს შეუძლია, თავისი ოროთახიანი ბინა გააფართოვოს და ხუთოთახიან საცხოვრებლად აქციოს. და ამის გამო, საერთოდ არ შეექმნება პრობლემები. უბრალოდ, ქალაქმშენებლობის ინსპექციისა და მერიის რჩევით, უმჯობესი იქნება, თუკი მშენებლობა საღამოს, უქმე დღეებში დაიწყება.
უკანონო მშენებლობის შედეგები
აშკარაა, რომ მშენებლობები, არქიტექტურული თვალსაზრისით, ქალაქის იერსახეზე ახდენს ზეგავლენას. მაგრამ, ამ პრობლემის გარდა, რეალური საფრთხეებიც არსებობს.
პირველ რიგში, ზარალდება ქალაქის მოსახლეობა – შენობების ეზოებში დიდი ავტომობილების (მაგალითად, სახანძრო მანქანების) შესვლა რთულდება, ზოგჯერ კი საერთოდ შეუძლებელი ხდება.
ამას გარდა, ირღვევა შენობის მდგრადობა, რაც არაერთხელ აღნიშნულა და დამტკიცებულა. მაგალითად, მიშენების გამო ავარიული გახდა ანრაპეტუტიანის №1 შენობის პირველი და ბოლო სადარბაზოები. მობინადრეები იძულებულნი გახდნენ, დაზიანებული სადარბაზოს აღდგენითი სამუშაოები სამეზობლო თემის ბიუჯეტიდან დაეფინანსებინათ.
ყურადსაღებია, რომ არმავირის მერია უკანონო მშენებლობასთან დაკავშირებით ათობით ოქმს ადგენს, მაგრამ ერთხელაც არ მიუმართავს სასამართლოსთვის მოთხოვნით, დაინგრეს უკანონოდ აგებული ესა თუ ის შენობა და მშენებლობისათვის გამოყენებულ ტერიტორიას პირვანდელი სახე დაუბრუნდეს.