ლამაზი სახელის მქონე მავნებელი
სომხეთში ფილოქსერამ 20 ჰექტარის ფართობზე გაშენებული ვენახები დააზიანა
არმავირის ოლქის ნორაპატის თემის მკვიდრი, აშოტ სააკიანი აღშფოთებული და გაოგნებულია. აღშფოთებულია იმიტომ, რომ მალე, მის გარდა, ყველა საკუთარი ბაღების დამუშავებას დაიწყებს; გაკვირვებული კი იმიტომაა, რომ ფილოქსერას გამო, ვენახი გაუჩეხეს, თუმცა ვენახის ის უბნები, რომლებსაც ეს დაავადება მოგვიანებით შეეყარა, ხელუხლებელი დატოვეს და მფლობელს უფლება მისცეს, ამ ტერიტორიაზე არსებული ნარგავების ბედი თავად გადაეწყვიტა.
აშოტის თქმით, მალე მევენახეები ხვნასა და სხვლას დაიწყებენ, მას კი 3 წლის მანძილზე იმის უფლებაც კი არ აქვს, რომ საკუთარ ნაკვეთს მიუახლოვდეს.
6,5 ჰექტარის ფართობზე გაჩეხილი ვენახების ტერიტორიაზე, რომელსაც აშოტი და მისი სამი მეზობელი ფლობენ, დაკვირვებას ატარებენ და მასზე სამწლიანი კარანტინია დაწესებული. საკუთარი ნაკვეთების დამუშავება მეპატრონეებს მხოლოდ ამ ვადის გასვლის შემდეგ შეეძლებათ.
შეთანხმების მიხედვით, მეოთხე წელს მიწების მესაკუთრეებს უფლება ეძლევათ, აღნიშნულ ნაკვეთებზე ერთწლიანი კულტურები გაახარონ. ვენახის გაშენების უფლებას კი მხოლოდ მეხუთე წელს მისცემენ.
ფილოქსერა არარატის ველზე პირველად 2009 წელს გამოჩნდა და გაის თემის კუთვნილი 3,5 ჰექტარის ფართობზე გაშენებული ვენახები დააზიანა. რეგიონში ამ ტიპის მავნებლის შესახებ არაფერი იცოდნენ. სპეციალისტებმა არსებული მდგომარეობა შეისწავლეს და დაასკვნეს, რომ ეს ერთჯერად შემთხვევა იყო. სახელმწიფოს მესვეურებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, დაავადებული ნაკვეთების მეპატრონეებს საკუთარი მიწების დამუშავება 3 წლით აეკრძალათ. ამასთან, მესაკუთრეებს თითოეულ ჰექტარზე, ყოველწლიური კომპენსაციის სახით, მილიონი დრამი (დაახლოებით 2 ათასი დოლარი) გამოუყვეს.
ხელისუფლების გადაწყვეტილებით, აშოტმა (მისი ნაკვეთის ფართობი 1 ჰექტარია) კომპენსაციის სახით, 6 ათასი დოლარი მიიღო, მაგრამ მევენახეს ეს გარემოება სულაც არ ახარებს. მისი თქმით, მას წელიწადში საშუალოდ 17-20 ტონა ყურძენი მოჰყავდა. ყველაზე უფრო პესიმისტური გამოთვლებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ის ყურძნის 1 კილოგრამს 150 დრამად (30 ცენტად) გაყიდდა, წელიწადში დაახლოებით 6 ათას დოლარს მიიღებდა _ იმდენივეს, რაც მას სამწლიანი უმოქმედობის საზღაურად მისცეს.
მოგვიანებით ფილოქსერა არმავირის სხვა თემებშიც (აჰვანათუნში, გაიში და ნორაპატში) აღმოაჩინეს და შედეგად 20 ჰექტარის ფართობზე გაშენებული ვენახები გაიჩეხა.
ასე ანადგურებდნენ ვენახებს
რა არის ფილოქსერა
ფილოქსერა ყურძნის ტილია, რომელიც შეუიარაღებელი თვალით ვერ შეიმჩნევა. განარჩევენ ფესვის, ფოთლის, ფრთოსან და ორსქესიან ფილოქსერას. ფესვის ფილოქსერა ვაზის ფესვებზე ცხოვრობს. სომხეთში მავნებლის სწორედ ეს სახეობა აღმოჩნდა, რომელიც მკურნალობას არ ექვემდებარება. ეს მავნებელი ძალიან სწრაფად ედება სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს _ დაავადების კერიდან 50 კილომეტრის რადიუსშიც კი შეიძლება გავრცელდეს.
ფილოქსერას ლარვა ზამთარს ვაზის ფესვებზე ატარებს. გაზაფხულზე კი იღვიძებს და მცენარის წვენს წოვს. თითოეული მდედრი 45-255 კვერცხს დებს და წელიწადში 5-6 თაობას აჩენს. დაავადება შეიძლება ნიადაგის სხვადასხვა ფენაში გავრცელდეს (10 სანტიმედრიდან 4,5 მეტრის სიღრმემდე). ფილოქსერა მხოლოდ ვაზს ედება, რადგან სხვა მცენარის ფესვებზე ვერ ვითარდება.
არმავირის ოლქში ვენახები დაახლოებით 7 ათას ჰექტარს იკავებს
დღესდღეობით, დაავადების კერა ოლქის ბევრ თემშია აღმოჩენილი. თუმცა, შეიცვალა სახელმწიფოს მიდგომა. ვენახების ლიკვიდაცია სავალდებულო აღარაა.
საქმე ისაა, რომ დაავადება იმდენად დიდ ფართობზეა გავრცელებული, რომ სახელმწიფოს ყველა ასეთი ვენახის გაჩეხვისა და კომპენსაციების გაცემის საშუალება არ აქვს.
სპეციალისტებს საფიქრალი გაუჩნდათ
სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის საოლქო ცენტრის დირექტორი, ლოვა ალექსანიანი დარწმუნებულია, რომ ვენახის განადგურება არამხოლოდ სომხურ ჯიშებს, არამედ, ზოგადად, სომხური ღვინისა და კონიაკის პოპულარობას შეუქმნის საფრთხეს.
საკვები პროდუქტების უსაფრთხოების სახელმწიფო სამსახურის მავირის ოლქის ცენტრის უფროსი, ალექსან მკრტიჩიანი დარწმუნებულია, რომ მავნებელთან ბრძოლა და მასათან ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ. ცენტრის უფროსმა ამერიკის შეერთებული შტატებისა (რომელიც ამ მავნებლის სამშობლოდ ითვლება) და ევროპის გამოცდილებაც გაიხსენა. თუკი ამ შემთხვევებს გავითვალისწინებთ, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სომხეთში ფილოქსერას მიმართ მდგრადი ვენახების გაშენების დრო დადგა.
სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის საოლქო ცენტრი მევენახეებს ფილოქსერასთან ბრძოლისა და ტრადიციული სომხური ჯიშების ნებისმიერ ფასად შენარჩუნებისკენ მოუწოდებს. ცენტრის ექსპერტების აზრით, სწორად მოვლის შემთხვევაში, ვენახს მოსავალი 25 წლის მანძილზე ექნება.
საკვები პროდუქტების უსაფრთხოების სახელმწიფო სამსახურის საოლქო ცენტრის სპეციალისტები თვლიან, რომ ვენახების შენარჩუნების შემთხვევაში მოსავალი წლიდან წლამდე სულ უფრო შემცირდება და შედეგად მაინც სომხური ღვინისა და კონიაკის წარმოება დაზარალდება. ექსპერტები მევენახეებს ფილოქსერას მიმართ მდგრადი ჯიშების დარგვას ურჩევენ.
ფიტოსანიტარიის ინსპექტორის, დავიდ კაზარიანის აზრით, ახალ ჯიშებზე გადასვლა „პარალელურად“ მოხდება. დაავადებული ვაზის გვერდით ახალი ძირები „ჩაიყრება“. დაავადებული ვაზი კი მხოლოდ 4-5 წლის შემდეგ გაიჩეხება.
იმავე ცენტრის კიდევ ერთი სპეციალისტი, არტურ ასატრიანი კი მევენახეებს სთავაზობს, სომხური ჯიშები ახალ, ფილოქსერას მიმართ მდგრად ჯიშებთან შეაჯვარონ (დაამყნონ).
სომხური ყურძენი, თუ ჰიბრიდი?
სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის საოლქო ცენტრის სპეციალისტების მსგავსად, პროდუქტების უსაფრთხოების სამსახურის მუშაკებიც დარწმუნებულნი არიან იმაში, რომ ყურძნის სომხური ჯიში ყველა შემთხვევაში დაზარალდება.
მყნობის მეთოდი სომხურ ყურძენს მხოლოდ გარეგნულ იერს შეუნარჩუნებს, პროდუქტის გემოვნებითი თვისებები და ხარისხი კი შეიცვლება. ფიტოსანიტარიის ინსპექტორის, მეჰაკ მკრტიჩიანის თქმით, უნდა შევურიგდეთ იმ ფაქტს, რომ მავნებელმა ყურძენი დააზიანა. მისი აზრით, გამოსავლის ძიებაში დაბადებული ის საკამათო მოსაზრებები, რომლებიც ამჟამად განიხილება, ყურძნის სომხურ ჯიშს ვერ გადაარჩენს, მაგრამ თავის ასახვას ღვინისა და კონიაკის წარმოებაზე ჰპოვებს.
ფილოქსერის მონიტორინგის, აღმოჩენისა და მასთან ბრძოლის სახელმძღვანელო
გამომდინარე იქედან, რომ გამოსავლად ფილოქსერას არსებობასთან შეგუება იქცა, ფიტოსანიტარიის იმ ექსპერტებმა, რომლებიც კვების პროდუქტების უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობენ, შეიმუშავეს ფილოქსერასთან ბრძოლის სახელმძღვანელო , რომელსაც მევენახეებს გააცნობენ.
ფიტოსანიტარიის ექსპერტის, აბრაამ აკოფიანის თქმით, ბრძოლის მეთოდები ევროპის ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით შემუშავდა. ამასთან, აკოფიანი არ არის დარწმუნებული იმაში, რომ რბილი კლიმატის მქონე ევროპის გამოცდილება არარატის ველის ცხელ ნახევარუდაბნოში გამოდგება.
სომეხ სპეციალისტებს 7 წელი დასჭირდათ იმისთვის, რომ დაავადების მასშტაბები და სერიოზულობის ხარისხი განესაზღვრათ
ამ მოვლენის შედეგად ბევრი ოჯახი დაზარალდა. სამწლიანი კომპენსაცია ნაწილობრივაც კი ვერ წყვეტს არსებულ პრობლემას. აშოტს 5 წელი და დიდი ინვესტიციები დასჭირდება იმისთვის, რომ ახალი ვენახი გააშენოს; ხოლო ამ ხუთი წლის მანძილზე ოჯახი როგორ უნდა არჩინოს, სახელმწიფოს ამაზე არ უფიქრია.