რა არის აგრესიული ტესტირება
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში კორონავირუსზე მოსახლეობის მასობრივი ტესტირება დაიწყება
მინისტრის თქმით, აგრესიული ტესტირების საშუალებით ბევრი ფაქტის ადრეულ ეტაპზე გამოვლენა შეიძლება.
ტიკარაძის განმარტებით, სწრაფი ტესტების შესყიდვის თაობაზე მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს როგორც კორეასთან, ისე ჩინეთთან.
„კორეა არის ის ქვეყანა, რომელმაც აგრესიული ტესტირების საშუალებით მოახდინა ძალიან ბევრი ფაქტის ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და შემდეგ ყოველივე ამის ეფექტური მენეჯმენტი. გვაქვს მოლაპარაკებები სახელმწიფოს დონეზე როგორც კორეასთან, ასევე ჩინეთთან. გვაქვს იმის დამაიმედებელი პასუხები, რომ კვირის ბოლოს შეგვეძლება აგრესიული ტესტების კონკრეტულ რაოდენობებზე საუბარი. ჩვენი საელჩო უზრუნველყოფს ტვირთის ჩამოტანას საქართველოში და საჭიროების შემთხვევაში, როდესაც უკვე მოსახლეობის რაოდენობაში ჩვენ დავაფიქსირებთ გარკვეულ უკონტროლო ზრდას, გვექნება რესურსი, რომ მოვახდინოთ მოსახლეობის მასობრივი ტესტირება“, – განაცხადა ტიკარაძემ.
რა არის აგრესიული ტესტირება და როგორია სამხრეთ კორეის გამოცდილება
სამხრეთ კორეამ ახალი კორონავირუსის ტესტირებისთვის ლაბორატორიების მთელი ქსელი შექმნა. ქსელში სულ 96 ლაბორატორიაა.
ე. წ. drive-through – მობილური ლაბორატორიული ცენტრები კარვებშია განთავსებული. ამ ცენტრებში ყოველდღიურად კორონავირუსზე 20 000 ადამიანი მოწმდება. ტესტირებას მთლიანად სახელმწიფო აფინანსებს.
მოქალაქეებს მანქანიდან გადმოსვლა არ უწევთ. მათთან სპეციალურ კომბინიზონში ჩაცმული სპეციალისტები მიდიან და ცხვირ-ხახიდან ნაცხს უღებენ. ტესტი იქვე კეთდება.
ანალიზის გაკეთებას 5-დან 6 საათამდე დრო სჭირდება და პასუხი მოქალაქეებს ტელეფონზე ეგზავნებათ. თუ პაციენტს კორონავირუსი უდგინდება, მას უკვე ექიმები უკავშირდებიან.
აგრესიული ტესტირების ფარგლებში მოწმდება ყველა, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა კორონავირუსით გამოწვეული დაავადების მკვეთრად გამოხატული სიმპტომები.
ჯანდაცვის ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ აგრესიული ტესტირების მეთოდმა სამხრეთ კორეაში ბევრი სიცოცხლე იხსნა. კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების სიკვდილიანობის მაჩვენებელი ამ ქვეყანაში 0,7%-ია, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი მსოფლიოში.
18 მარტის მონაცემებით, სამხრეთ კორეაში კორონავირუსით სულ დაინფიცირებულია 8413 ადამიანი, აქედან 1540 სრულად გამოჯანმრთელდა, 84 კი დაიღუპა.
• გორი, ბათუმი, ქუთაისი – როგორ შეცვალა კორონავირუსმა საქართველოს რეგიონების ცხოვრება
• როგორია კორონავირუსის ფაქტები და რიცხვები კავკასიის რეგიონში. განახლებადი
• 14 მარტიდან საქართველო აზერბაიჯანთან და სომხეთთან მიმოსვლას წყვეტს
• საქართველოს მთავრობა აქვეყნებს კონკრეტულ გეგმას ეკონომიკის გადასარჩენად. რა წერია გეგმაში
• მუშაობა სახლიდან, თვითიზოლაცია, კარანტინი – რა რეკომენდაციებს გასცემს საქართველოს მთავრობა
რა უპირატესობა აქვს სწრაფ ტესტს?
ადამიანი აღარ მიდის კლინიკაში ან სპეციალურ ლაბორატორიაში, სადაც, დაინფიცირების რისკი ძალიან მაღალია, რადგან შეიძლება იქ ახალი კორონავირუსით დაავადებული ადამიანებიც იყვნენ.
დაავადების გამოვლენა ხდება ადრეულ ეტაპზე. ასეთ შემთხვევაში მკურნალობაც უფრო ეფექტიანია და დაავადების გავრცელების პრევენციაც.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში არსებობს PSR ტესტი, რომლის მარაგი 3 000-ია. შესყიდვის ფაზაშია დამატებით კიდევ 20 000-მდე ტესტი. თამარ გაბუნიას განმარტებით, დღე-ღამეში საქართველოში 100 ტესტის ჩატარებაა შესაძლებელი.
18 მარტის მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 38 შემთხვევა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1130 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 81.
კორონავისრუსით დაინფიცირებულთა შორის 4 არასრულწლოვანია. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.