კომპანიის „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები“ ხელმძღვანელობა სომეხი მგზავრებისთვის ავიაბილეთების ფასის გაიაფებას დათანხმდა.
„უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებთან“ მრავალგზის გამართული მოლაპარაკების შედეგად ორმხრივად სასარგებლო შთანხმებამდე მივედით – „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებით” სომხეთში ან სომხეთიდან გამგზავრებულთათვის ავიაბილეთების ძალიან მნიშვნელოვან გაიაფებას მივაღწიეთ; და თან ფასმა ყველა მიმართულებით დაიკლო – საკითხი საბოლოოდ გადაწყდა!“ – გვაუწყა უკრაინაში სომხეთის ელჩმა ანდრანიკ მანუკიანმა.
სომხეთიდან ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში კიევის გავლით უფრო სწრაფად შეიძლება ჩასვლა, ვიდრე სხვა სატრანიზტო მიმართულებებით. თუმცა, აქამდე ბილეთების ფასი საკმაოდ მაღალი იყო.
ექსპერტებს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ ეს ფაქტორი სომხეთის მოქალაქეებს სხვა ქვეყნებში სამოგზაუროდ გამგზავრებისა და ევროპული კულტურის გაცნობის საშუალებას არ აძლევს, ასევე ამუხრუჭებს სომხეთში ტურიზმის განვითარებასაც.
„ავიაბილეთების ფასები ტურიზმის განვითარებას აფერხებს. ტურისტები არჩევანს ავიაბილეთის ფასის მიხედვით აკეთებენ, რაც ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ არ მოქმედებს“, – მიაჩნია ტურიზმის მხარდამჭერი საზოგადოებრივი ორგანიზაციის „ტრანსკავკასიური ხეივანის“ ხელმძღვანელს ვააგან ვარდუმიანს.
ეროვნული პრეს-კლუბის თავმჯდომარის ნარინე მკრტიჩიანის აზრით, „გახსნილი ცის“ პოლიტიკა, რომელსაც სომხეთი ატარებს, ღრუბლებით არის დაფარული, რადგან ავიაბილეთების ბაზარზე გაბატონებულია განუკითხაობა, რის გამოც, მოქალაქეების ჯიბე საზღვარგარეთ გამგზავრებას ვერ წვდება.
სომხეთის მოქალაქეები სხვა ქვეყნებში გამგზავრებას ამჯობინებენ მეზობელი საქართველოდან, სადაც ავიაბილეთების ფასი უფრო დაბალია. ორ მეზობელ ქვეყანაში ბილეთების ფასებს შორის განსხვავებას სომხეთის ეკონომიკის სამინისტროში შემდეგნაირად განმარტავენ:
„გახსნილი ცის“ პოლიტიკის გატარება საქართველომ სომხეთზე ადრე დაიწყო, ამიტომაც, ბუნებრივია, რომ საქართველოში ამის შედეგები უფრო თვალსაჩინოა“.
თუ რამდენად დაიკლებს ავიბილეთების ფასი, ამას ჯერჯერობით არ აცხადებენ. აქამდე „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები“ ბილეთებს ასეთ ფასად სთავაზობდნენ, მაგალითად, პარიზში -196.000 დრამიდან ($404), ამსტერდამში – 215.000 დრამიდან ($444).