თქვენც გინახავთ ჟირაფი თბილისის ზოოპარკში? ანუ როგორ მუშაობს ჩვენი მეხსიერება
Grazing Jiraffe. Sue Dickinson
ამერიკელი ნევროლოგის, მწერლისა და მედიკოსის, ოლივერ საქსის 2017 წელს გამოცემული წიგნი “ცნობიერების მდინარე” ბესტსელერად იქცა. იგი მილიონობით ადამიანმა წაიკითხა, მათაც, ვისაც არავითარი შეხება არ აქვს ნეირომეცნიერებასთან.
JAMnews-ის ავტორი ეკა ჭითანავა გვიყვება, თუ რას ამტკიცებს ამერიკელი მეცნიერი – რისგან შედგება ჩვენი მეხსიერება და შეიძლება თუ არა მას ვენდოთ.
ბევრი რამ თქვენთვის მოულოდნელი იქნება.
__________________
არ ვიცი, საიდან დაიწყო მსჯელობა, მაგრამ დაახლოებით ორი წლის წინ, ფეისბუქზე ბევრი იხსენებდა, რომ ბავშვობაში თბილისის ზოოპარკში ჟირაფი ჰყავდა ნანახი. დაიწერა უამრავი პოსტი და კომენტარი. [ეს მსჯელობა, სავარაუდოდ, მოჰყვა “რადიო თავისუფლების” სტატიას “ჟირაფები თბილისში”_JAMnews]
“შეიძლება დღეს გავგიჟდე, ისიც კი მახსოვს როგორ შეაფურთხა ვიღაც კაცს ბავშვობაში”
“არამგონია, ბაბუაჩემს თავისი მაღალი ძმაკაცი ენახებინა ჟირაფის მაგივრად. უეჭველი მახსოვს“.
საბოლოოდ გაირკვა, რომ მოზარდი ჟირაფი თბილისის ზოოპარკში მხოლოდ 1960-იან წლებში და ისიც რამდენიმე დღით ან კვირით ყოფილა, მერე მომკვდარა. ზოგიერთი მკვლევარი ამ ინფორმაციასაც არ ადასტურებს.
ჟირაფი საბჭოთა პერიოდში თბილისის ზოოპარკში რომც ყოფილიყო, 1970-80-იან წლებში დაბადებული ადამიანები მას მაინც ვერ ნახავდნენ.
• ლაშა ბუღაძის ბლოგი: ფირფიტები “მშრალი ხიდიდან”
• დიანა ანფიმიადი: “ეს წერილი მათთვისაა, ვისაც სიტყვა აუტიზმის ეშინია”
• ქართლის ცხოვრება. მარგო ლესკოს ბლოგი და ფოტოები
მაშ რატომ ამტკიცებენ ადამიანები, რომ თბილისის ზოოპარკში ჟირაფი საკუთარი თვალით ნახეს?
მათ ვერც ზოოპარკის ადმინისტრაცია თუ ზოოლოგების არგუმენტები არწმუნებენ საპირისპიროში, რადგან საკუთარი მოგონებები უფრო დამაჯერებელი ჩანს, ვიდრე ექსპერტების მოსაზრება.
სინამდვილეში, უჩვეულო არც არაფერი მომხდარა. მათ ნამდვილად ახსოვთ ჟირაფი, რომელიც არასდროს უნახავთ.
“შენ ეს დაბომბვა არასოდეს გინახავს”
ამერიკელი ნევროლოგი ოლივერ საქსი (Oliver Sacks) წიგნში The River of Consciousness (ცნობიერების მდინარე) ვრცლად აღწერს ცრუ მოგონებებს.
საქსმა მსგავსი შემთხვევა თავის სხვა, ადრე გამოცემულ ავტობიოგრაფიულ წიგნში Uncle Tungsten: Memories of a Chemical Boyhood აღმოაჩინა, რომელშიც იგი 1941 წელს ლონდონის დაბომბვის შემთხვევას იხსენებს:
“ნაღმი ჩვენს ეზოში, სახლის წინ დაეცა და ხანძარი გაჩნდა. მამაჩემი და ძმები გარეთ გაცვივდნენ და წყლის ჭავლით ცდილობდნენ ცეცხლის ჩაქრობას, მაგრამ ცეცხლი კიდევ უფრო სწრაფად ვრცელდებოდა და ცხელი ლითონის ნაწილები გარშემო ცვიოდა,” – აღწერს ის წიგნში თავის მოგონებას.
წიგნის გამოქვეყნებიდან რამდენიმე თვის შემდეგ ოლივერი თავის ძმას, მაიკლს მოუყვა ამ მოგონებების შესახებ. მაიკლი ოლივერზე ხუთი წლით უფროსი იყო.
ოლივერი გაოცდა, როდესაც მაიკლმა უთხრა, “შენ ეს დაბომბვა არასდროს გინახავს, რადგან იქ არ იყავიო”.
– რას გულისხმობ? როგორ არ მინახავს? ცხადად მახსოვს მამა თავისი ტუმბოთი, მარკუსი და დავიდი წყლის სათლებით. ახლაც თვალწინ მიდგას! რანაირად, თუკი იქ არ ვიყავი? – აღშფოთდა ოლივერი.
– შენ ეს არასდროს გინახავს, რადგან მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე მშობლებმა მე და შენ სასწავლო პანსიონში გადაგვიყვანეს. ორივე ბრიფილდში ვიყავით. დევიდმა მოგვწერა წერილი, რომელშიც დაწვრილებით გვიყვებოდა ამ ამბებზე.
ოლივერი მიხვდა, რომ გონებაში ხანძრის კონსტრუირება უფროსი ძმის წერილის წაკითხვის შემდეგ მოახდინა და მერე ეს მოგონება უნებურად „მიითვისა“.
ჩვენი მეხსიერება ცდომილებებით არის სავსე. არარსებული ფაქტების მოგონებებად წარმოსახვა გავრცელებული შემთხვევაა. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ სხვისი მოგონებები, ნათქვამი და შემოქმედებაც კი საკუთარ გამოცდილებად ან ნააზრევად გვეჩვენება.
ჯორჯ ჰარისონის “მოპარული” სიმღერა
უცხო სიტყვათა ლექსიკონი პლაგიატს ასე განმარტავს: „ლიტერატურული ან სხვა ნაწარმოების მითვისება; საკუთარ ნაშრომში სხვისი ნაწარმოების გამოყენება ავტორის დაუსახელებლად.“
1971 წელს მუსიკალურმა კომპანიამ Bright Tunes Music Corporation-მა, “ბითლზის” გიტარისტს, მუსიკოს ჯორჯ ჰარისონს სასამართლოში საავტორო უფლებების დარღვევისთვის უჩივლა. საქმე ეხებოდა სიმღერას My Sweet Lord.
მოსარჩელის მტკიცებით, ჰარისონის ეს სიმღერა ჟღერადობით ძალიან ჰგავდა ამერიკული ჯგუფის The Chiffons-ის 1962 წლის ჰიტს He’s So Fine, რომლის საავტორო უფლებებსაც კომპანია ფლობდა.
სიმღერები მთავარ მელოდიურ კომპონენტებად დაშალეს და გაირკვა, რომ ორივე თითქმის იდენტურ მუსიკალურ ფრაზას შეიცავს.
ჰარისონმა აღიარა, რომ The Chiffons-ის სიმღერა 1960-იან წლებში ჰქონდა მოსმენილი, როცა ის ბრიტანეთის ოც საუკეთესო სიმღერას შორის დასახელდა. თუმცა, ამტკიცებდა, რომ მელოდია არ მოუპარავს.
მოსამართლემ აღნიშნა: “მჯერა, რომ მიზანმიმართულად არ გაუკეთებია […] თუმცა კანონით ეს ქმედება საავტორო უფლებების დარღვევაა […], თუნდაც ქვეცნობიერად, უნებლიედ იყოს ჩადენილი.“
ჰარისონმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა, მაგრამ პროცესი წააგო.
ამერიკის სააპელაციო სასამართლოს სწორედ ეს გადაწყვეტილება დაედო საფუძვლად ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა ხელყოფის პრეცედენტს.
„ფიცჯერალდი წაკითხული გაქვს?”
მსგავსი რამ ჩემს მეგობარსაც შეემთხვა. ორიოდე წლის წინ, ის განუხორციელებელი უნებლიე „პლაგიატის“ შესახებ მომიყვა.
“ერთმა იდეამ წამომიარა, მივხვდი, რომ რაღაც დიდს და გენიალურს მივადექი. რას მოვითმენდი, ზურას დავურეკე, მეთქი, გამო ღვინო დავლიოთ. სინამდვილეში, დალევა კი არა, ამ ამბის განდობა მინდოდა. ყოველდღე ხომ არ მოგდის ადამიანს გენიალური იდეები.
ჰოდა, ვეუბნები, ესე იგი იდეა მომივიდა დიდზე დიდი, უკვე ფილმადაც კი მაქვს წარმოდგენილი-მეთქი. ბიჭო, ისეთი იდეაა, ჰოლივუდი აქეთ შემეხვეწება-მეთქი. მოკლედ, ვუყვები, ვუყვები და მიყურებს პირდაღებული.
„ფიცჯერალდი წაკითხული გაქვს?“- მკითხა. არა-მეთქი. ჰოდა, ახლა რაც შენ მოყევი, ეგ არის „ბენჯამინ ბატონის უცნაური თავგადასავალი“ ფიცჯერალდის ავტორობით, მეტსაც გეტყვი, ჰოლივუდმა უკვე გადაიღო მაგაზე ფილმიო.“
მარკ ტვენის “მოპარული” მიძღვნა
უნებლიე პლაგიატის შესახებ მარკ ტვენიც ჰყვება ერთ-ერთ მოგონებაში.
„ჩემი წიგნი ახალი გამოსული იყო, როდესაც მეგობარმა მითხრა: ძალიან კარგი მიძღვნაა, სულ მომწონდა, მანამდეც, სანამ შენს წიგნში „მიამიტები საზღვარგარეთ“ ვნახავდი.“
მარტკ ტვენი მეგობრის კომენტარმა გააოცა.
– კი მაგრამ, მანამდე სად ნახე? – ჰკითხა მან მეგობარს.
– პირველად ზუსტად იგივე მიძღვნა ოლივერ ვენდელ ჰოლმსის ლექსების კრებულში Songs in Many Keys წავიკითხე, – მიიღო პასუხი.
მარკ ტვენი თავიდან გაბრაზდა და მეგობარს სთხოვა უახლოეს წიგნის მაღაზიაში შესულიყვნენ, რომ მისი ბრალდების აბსურდულობაში დარწმუნებულიყო.
“გადავშალე წიგნი და რას ვხედავ! სიტყვა-სიტყვით მოპარული მაქვს მთელი ტექსტი,“ – იხსენებს მწერალი.
ამ უხერხული ინციდენტის შემდეგ მარკ ტვენმა ჰოლმსს ვრცელი წერილი მისწერა, მოუბოდიშა და აუხსნა, რომ პლაგიატზე არც უფიქრია. ჰოლმსი ამ აღიარებას მშვიდად შეხვდა. მისი აზრით, მწერლები იდეებს აგროვებდნენ კითხვის, სმენისა და წარმოსახვისას, ამუშავებდნენ გონებაში და ზოგჯერ ორიგინალურადაც მიიჩნევდნენ.
სავაჭრო ცენტრში არდაკარგულები
ამერიკელი ნეირომეცნიერი დევიდ იგლმანი ტვინის პლასტიკურობას, დროის პერცეფციას, სინესთეზიასა და ნეიროსამართალს იკვლევს.
თავის წიგნსა და BBC-ის დოკუმენტურ ფილმში The Brain: The Story of You, იგლმანი მეხსიერების თავისებურებებზეც გვიყვება.
“მეხსიერება არ არის ცხოვრების მონაკვეთის ვიდეოჩანაწერი, ეს არის ტვინის მოწყვლადი მდგომარეობა წარსულში, რომელიც უნდა აღდგეს იმისთვის, რომ ამბავი გაიხსენო“, – ამბობს იგლმანი.
მეხსიერების პლასტიკურობის შესახებ მნიშვნელოვანი აღმოჩენები კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორ ელიზაბეტ ლოფტუსს (Elizabeth F. Loftus) ეკუთვნის.
შეიძლება თუ არა გონებაში სრულიად მცდარი მეხსიერების ჩატვირთვა?
ამის გასარკვევად, ლოფტუსმა ჩაატარა ექსპერიმენტი: შეარჩია ცდის პირები და მათ ოჯახის წევრებს დაუკავშირდა ბიოგრაფიების შესასწავლად.
მკვლევრებმა მოიფიქრეს ოთხი ამბავი ცდის პირების ბავშვობის შესახებ, აქედან სამი ფაქტებზე დაფუძნებული, ერთი კი გამოგონილი. მეოთხე, გამოგონილ ამბავში ბავშვი იკარგება სავაჭრო ცენტრში, შემდეგ მას პოულობს კეთილი ბებო და ბოლოს დედას ახვედრებს.
ინტერვიუების დროს, ექსპერიმენტის მონაწილეებს ოთხივე ამბავს მოუყვნენ. დაახლოებით მეოთხედმა თქვა, რომ ახსოვდათ, როგორ დაიკარგნენ სავაჭრო ცენტრში, მიუხედავად იმისა, რომ ეს არასდროს მომხდარა.
ლოფტუსის თქმით, ერთი კვირის შემდეგ მონაწილეებს მეტი დეტალის „გახსენება“ შეეძლოთ – „მოხუც ქალს უცნაური ქუდი ეხურა“, „თან მქონდა ჩემი საყვარელი სათამაშო“, „დედაჩემი ძალიან გაბრაზდა“ და ა.შ.
იგლმანი ამბობს, რომ ჩვენი წარსული არა ფაქტების ზუსტი ჩანაწერი, არამედ მითოლოგიზებული რეკონსტრუქციაა.
მოგონებები შედგება ამბებისგან, რომლებსაც სხვები მოგვიყვნენ ჩვენზე, ზოგი ამბავი ვარაუდია იმის შესახებ, თუ რა უნდა მომხდარიყო, ზოგი ლიტერატურის, კინოს და წარმოსახვის ნაზავია.
ტვინის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი, ჰიპოკამპუსი და მეხსიერება ქმნის იდენტობას, რომელიც მუდმივად განახლებადი და დაუსრულებელი ნარატივია ჩვენ შესახებ.
______________
ჟირაფის ამბავს დავუბრუნდეთ.
ჩვენს კოლექტიურ მეხსიერებაში კოპლებიანი გრძელკისერა არსებები დასეირნობენ. ისინი თბილისის ზოოპარკში ცხოვრობდნენ.
რაც უფრო მეტი ადამიანი იტყვის, რომ ნანახი ჰყავს ბავშვობაში, მით მეტი დაიჯერებს საკუთარი მოგონების სისწორეს.
„აშკარად მახსოვს ჟირაფი თბილისის ზოოპარკში. დღეც კი მახსოვს – პატარა ვიყავი და მამას ვყავდი წაყვანილი. კოლექტიური ჰალუცინაცია გვქონდა?“