ლაშა ბუღაძის ბლოგი: ფირფიტები "მშრალი ხიდიდან"
კლასიკური მუსიკა დაბადებამდე შემყვარებია. განსაკუთრებით – მოცარტის ოცდამეერთე საფორტეპიანო კონცერტი.
ჯერ კიდევ მუცელში ვმჯდარვარ, როცა რობერ კაზადესიუსის შესრულებულ მოცარტის C-major-ულ კონცერტს ვისმენდი.
ასევე, თურმე, მესმოდა, როგორ წრიპინებდა ნემსი საბჭოთა ფირფიტაზე და როგორ ხტოდა ერთსა და იმავე გაფუჭებულ ადგილას მაინც და მაინც კადენციის დროს.
ჩემი ნება რომ ყოფილიყო, ისტორიული ჭორების სიყვარულის გამო, ამავე კონცერტს დიდი სიამოვნებით მოვისმენდი ექსცენტრული მარია იუდინას შესრულებით, რომლის ამბავიც – თუ როგორ მოუსმინა სტალინმა იუდინას, როგორ მოითხოვა სასწრაფოდ ჩანაწერი და როგორ ჩაწერეს იმ ღამესვე შიშისგან აცახცახებული დირიჟორის ხელმძღვანელობით (რადგან სტალინს ჰგონებია, რომ რადიოში ჩანაწერს უსმენდა და არა ცოცხალ შესრულებას), მხოლოდ დაბადების მერე შევიტყე.
ამიტომ დაბადებამდე იმ შესრულებას უნდა დავჯერებოდი, რომელიც 20 წლის მამაჩემმა შეურჩია 19 წლის ფეხმძიმე დედაჩემს.
- რას ამბობს თბილისი. ვიდეო
- ხელოვნება თუ სოციალური პროტესტი – რა ამოძრავებთ ქართველ სტრიტ არტისტებს
- სოხუმელი მოქანდაკის, არქიფ ლაბახუას დაუჯერებელი ისტორიები
მამაჩემი თავად ცვლიდა ფირფიტას, ფრთხილად აშორებდა ნემსს გაფუჭებულ კადენციას და ისე ცდილობდა ამ მუსიკის გაჟღერებას, რომ, ერთი მხრივ, საბჭოთა საინფორმაციო პროგრამა “ვრემიას” მაცქერალი ბაბუაჩემი არ შეეწუხებინა და, მეორე მხრივ, მის მინუს-რვა თვის შვილს მკაფიოდ ჩასმოდა ცოლის მუცლიდან.
როგორც აღმოჩნდა, წარმატებით ჩამესმოდა, რადგან დაბადებიდან ცამეტი წლის შემდეგ, თბილისის “მშრალ ხიდთან” სწორედ მოცარტის საფორტეპიანო კონცერტებით დავიწყე ფირფიტების შეგროვება და იმის მერე აღარც გავჩერებულვარ.
მართალია, კლასიკური მუსიკა ჩემში დედაჩემიდან შემოვიდა, მაგრამ მამაჩემთან შედარებით, ის მაინც პასიური მსმენელი იყო.
მამაჩემი აქტიური მსმენელია. სიმულაციური დირიჟორობაც კი მისგან ვისწავლე, რადგან ვისაც სიმფონიური მუსიკის მოსმენა უყვარს, შეუძლებელია ერთხელ მაინც არ ეცადოს დირიჟორობა.
თუნდაც ფირსაკრავთან. თუნდაც სახლში. თუნდაც ცოდნის გარეშე. ზოგი შხაპის ქვეშ მღერის (არც მე ვარ გამონაკლისი), ზოგიც ტყუილად დირიჟირობს – სიამოვნებისთვის და ვნებების მოძალებისგან.
ჩემი ერთ-ერთი პირველი ცნობიერი მოგონება მამაჩემის მხრებს უკავშირდება: მამაჩემი თავის უშუქო, დაბალჭერიან და მხატვრისთვის მოუქნელ სახელოსნოშია, ტილოსთან დგას და ხატავს, მე კი მის მხრებზე ვზივარ და ყველაფერს ზევიდან დავყურებ. მეხსიერება ორ შეგრძნებას მახსენებს: ზეთის საღებავის სუნს და ბგერებს, რომელიც ძირს ჩამოდებული ფისრასკრავიდან ისმის. მუსიკა არ მახსოვს, მახსოვს განცდა, თუმცა ახლა ვიცი, რომ მამაჩემი მაშინ თავის საყვარელ მალერს უსმენდა.
საბჭოური მუსიკალური გამომცემლობა “მელოდია” ლურჯ ფირფიტებს უშვებდა, რომლებიც მერე ჩემს კოლექციაში აღმოჩნდნენ: ცხრა ფირფიტა თმაგაჩეჩილ-თმაგაცვენილი რაფაელ კუბელიკის სახით და ერთი ცალი ლუჯი ფირფიტა ყდაზე ლექტორივით მოლაპარაკე თუ მოდირიჟორე ვილჰელმ მენჰელბერგის ფოტოთი.
სხვა მალერი საბჭოთა საქართველოში არც შემოსულა. ყოველ შემთხვევაში, მამაჩემს არ ჰქონია. ის ამ ლურჯი ფირფიტების მალერს უსმენდა და თავის ტრილოგიას ხატავდა, რომლის ტილოებზეც დღესაც მალერის სიმფონიების სხვადასხვა ნაწილის სახელებია მიწერილი: Urlicht – მეორე სიმფონია, პირველი და ბოლო ნაწილი და მეხუთე სიმფონიის adagietto.
საბჭოთა საქართველოში ბევრით ვერაფრით გაერთობოდი, ამიტომ ოჯახის წევრები ყოველთვის იგონებდნენ რაღაც ისეთს, რაც ოდნავ მაინც უცნაურს გახიდა ერთფეროვან საბჭოურ ყოფას: მაგალითად, დეიდაჩემმა თოჯინების თეატრი შექმნა ძველი სავარძლისგან და იქ დიდი წვალებით და ნერვებისშლით წარმოადგინა “ჯადოსნური ფლეიტა”, სადაც მისივე შეკერილი თოჯინები მონაწილეობდნენ.
დეიდაჩემს სქესების დიფერენცირება არ გამოუდიოდა და ამიტომ ვერაფრით მიხვდებოდი, ვინ კაცი იყო და ვინ ქალი – პამინა და ზარასტრო ერთმანეთს ჰგავდნენ, რაც ჩემს აღშფოთებას და პროტესტს იწვევდა.
მამაჩემს ჰყავდა მეგობარი, მუსიკოსი, თავად ცნობილი ქართველი კომპოზიტორის შვილი, რომელსაც გრძელი კეხიანი ცხვირი, ცოცხი-თმა და წინ გამოშვერილი კბილები ჰქონდა: ამ მუსიკოსთან თითქმის მკრეხელობად ითვლებოდა კარაიანის ხსენება, და ალბათ ყველასი, კნაპერსბუშის გარდა, თუმცა დირიჟორების მსგავსად, როგორც ჩანს, ბავშვებიც აღიზიანებდა, რადგან როცა ერთხელ მანაც მოიწადინა “ჯადოსნური ფლეიტის” დილეტანტური დადგმა ვიღაცის მაღალჭერიან სახელოსნოში ნუცუბიძის პლატოზე და მამაჩემმა მეც თან წამიყვანა პრემიერაზე (მას ფარდა მოეხატა თავისი მეგობრის “დადგმისთვის”), უკმაყოფილოდ ჩამომხედა და საყვედურით უთხრა:
– ჩვენ ხომ ვთქვით, რომ ბავშვებს არ მოვიყვანდით. უდროო დროს იწყებენ ლაპარაკს და ხმამაღლა მთქნარებას.
მე მინდოდა მეთქვა, რომ მოცარტს, დიდი ბოდიში, მაგრამ დაბადებამდე ვისმენდი, მაგრამ რახან 6 წლის ვიყავი და თან ასე თუ ისე ზრდილობიან ბავშვად ვითვლებოდი, თავი შევიკავე. მის “ჯადოსნურ ფლეიტაზე” კი, უბრალოდ, ჩამეძინა. მთქნარების გარეშე.
მამაჩემმა ყოველთვის კარგად იცოდა მუსიკის მოყოლა. ოპერა თხრობით შემაყვარა. სიუჟეტებს ენთუზიაზმით ჰყვებოდა და დროდადრო ფუნჯით დირიჟორობდა.
ასე მომიყვა “დონ ჯოვანის” ბოლოსწინა სცენა, როცა დონ ჯოვანის კომანდორის ქანდაკება მიადგება ვახშამზე. კომანდორის შემოსვლის აკორდები ჩემი ყველაზე დიდი მუსიკალური შთაბეჭდილება გახდა და ამის შემდეგ რასაც მივწვდებოდი, ყველგან და ყველაფერზე კომანდორის შემოსვლას ვხატავდი – ფურცლებზე, მაგიდაზე, კედელზე, სამზარეულოს კარზეც კი.
– რატომ გადარიე ეს ბავშვი, თავზე მახატავს უკვე! – ეჩხუბებოდა ბებიაჩემი მამაჩემს.
ფირფიტების შეგროვება “დონ ჯოვანიმ” დამაწყებინა: ზუსტად მახსოვს ის დრო, როცა მათი ყიდვა დავიწყე “მშრალი ხიდის” ბაზრობაზე: ეს 1992 წლის მაისი იყო – ობიექტურად უმძიმესი და დეპრესიული დრო.
საბჭოთა კავშირი რამდენიმე თვით ადრე გაუქმდა (რაც კარგი იყო), მაგრამ სწორედ იმ დროს თბილისში შეიარაღებული ოპოზიცია და საქართველოს პრეზიდენტის მომხრეები ეომებოდნენ ერთმანეთს, ჰოდა ამის გამო ყველას გამოეპარა ის, რასაც წლების განმავლობაში ელოდნენ საქართველოში: საბჭოთა კავშირის დანგრევას და საქართველოს გათავისუფლებას.
საშინელი წლები იყო: არ იყო დენი, არ იყო ფული, არ დადიოდა ტრანსპორტი… ციოდა. არ ვიცი, როგორ გაუძლეს ამ ყველაფერს ჩემმა მშობლებმა. მე მწყინდა, რომ დენი არ გვქონდა, მაგრამ ჩემი მშობლებისგან განსხვავებით, ცხადია, არ ვფიქრობდი, როგორ უნდა გვეარსება. უცნაურია, არც მახსოვს, მართლაც როგორ ვახერხებდით ცხოვრებას.
დენი არასდროს არ იყო, ან თუ იყო, მხოლოდ რამდენიმე საათით – ისიც ნაშუაღამევს, დილის ორიდან ოთხამდე, რის გამოც, აქტიური ცხოვრება (სარეცხვის რეცვა, ბანაობა, რაიმე საჭმლის მოფიქრება და უგადაცემებო ტელევიზორის ჩართვა) მხოლოდ ამ ორ საათით იყო შესაძლებელი.
მამაჩემი როგორღაც ახერხებდა ნახატების გაყიდვას (პატარა პეიზაჟების, რომელთაც კრიმინალური გზით გამდიდრებული ქართველების ესთეტი ცოლები ყიდულობდნენ), ბაბუაჩემმა სახაჭაპურეს მსგავსის გახსნა მოიწადინა თავის ყოფილ თანამშრომლებთან ერთად “შრომის დაცვის ინსტიტუტიდან” (ასეთი აბსურდული დაწესებულება, ალბათ, მხოლოდ საბჭოთა კავშირში თუ იარსებობდა), მაგრამ რამდენიმე თვეში სამარცხვინოდ ჩაფლავდა და მდუმარე და პასიურ დეპრესიაში ჩაიძირა: ცხოვრების სტილის ასეთმა რადიკალურმა ცვლილებამ საგონებელში ჩააგდო.
თუმცა მამაჩემს (მადლობა ღმერთსა და კრიმინალების ესთეტ ცოლებს) ყოველთვის ჰქონდა ჩემთვის მოსაცემი ორი-სამი ფირფიტისთვის სამყოფი ფული, რის მოსმენასაც დილის ორი საათიდან ოთხამდე ვცდილობდით.
რადგან მუსიკა ჩვენი თავშესაფარი იყო.
თავშესაფარი იყო საბჭოთა დროსაც, როცა ჩემი მშობლები კლასიკური მუსიკის წყალობით ცდილობდნენ საბჭოური ყოფისგან დისტანცირებას ან, მეტიც, იქ გადასახლებას, სადაც ეს მუსიკა შეიქმნა ოდესღაც, და ასე ხდებოდა ახლაც, რადგან “მშრალ ხიდზე” არანორმალურად იაფად ნაყიდი ჩემი პირველი ფირფიტები (ცხადია, ნახმარები, მაგრამ მაინც სათუთად შენახულები) – მოცარტის საფორტეპიანო კონცერტები, ნაწყვეტები ოპერებიდან Don Giovanni, Cosi fan tutte და ბასტიანინის ბარიტონით ნამღერი “რიგოლეტო” – მძიმე რეალობას გვწყვეტდა.
ჩემთვის ყველაზე აუტანელი ის იყო, როცა დენი ზოგჯერ ამაზრზენად დაბალი სიმძლავრით მოდიოდა – ანუ თან იყო, თან არა… ნათურა ბჟუტავდა, ტელე-ეკრანი საწყლად ციმციმებდა, ხოლო ფირფიტა გამაღიზიანებლად ნელა ტრიალებდა, რადგან ფირსაკრავს ძალა არ ჰყოფნიდა. ამის შედეგად მომღერლებს კიდევ უფრო უბოხდებოდათ ხმა და ტემპები ხუთჯერ მეტად ნელდებოდა.
– გამორთე, კაცო, ტანჯვაა ასე მოსმენა, – მეუბნებოდა მამაჩემი, მაგრამ მე მაინც ვერ ველეოდი უღონო და რეგლამენტირებულ ელექტროობას.
საბჭოთა კავშირი სტატიკური დროის ქვეყანა იყო.
დამოუკიდებლობის პირველი წლები ჩემი ძალაგამოცლილი ფისრაკრავივით დუნე და მძიმე სვლის წლებად მახსენდება. თუმცა, მაინც სვლის და არა სტატიკის.
სტატიკა ყოველთვის თავს ესხმოდა ქართულ ისტორიას: რუსეთის იმპერიის იდეოლოგებსა და ცენზორებს ჰქონდათ მცდელობა, რომ მრავალსაუკუნოვანი ქართული პოლიფონია იმპერიული ერთხმოვანებით ჩაენაცლებინათ. ზუსტად ისევე, როგორც ქართულ ფრესკებს შლიდნენ უძველესი ეკლესიების კედლებიდან და მათ თეთრად ღებავდნენ, რათა ისტორია გაეუქმებინათ.
საქართველოში ვეღარ უნდა ემღერათ მეფე დემეტრე პირველის სიტყვებზე შექმნილი სამ-ხმიანება “შენ ხარ ვენახი”, ათობით “მრავალჟამიერი”, და კიდევ მრავალი სხვა, რაც მრავალხმიანი საქართველოს იდენტობის ნაწილი იყო.
თუმცა ბგერები მაინც გადარჩა. გადარჩა მეხსიერება.
მუსიკა ჩვენთვის ყოველთვის თავშესაფარი იყო. საუკუნეების წინაც, ოთხმოცდაათიან წლებშიც, როცა შეშინებული და დათრგუნული ადამიანების სახლებიდან მაინც გაისმოდა სიმღერის ხმა (ან ფორტეპიანოსი, რაც თბილისის ძველი უბნების ხმოვანი მახასიათებელია) და დღესაც, როცა, მართალია, ფირფიტები დუნედ აღარ ბრუნავენ, მაგრამ, სამწუხაროდ, არცთუ უმწეო ადამიანებს ჯერაც ამოძრავებთ ისტორიის შენელების ან, საერთოდ, შეჩერების სურვილი.
თუმცა, არ მგონია, აქედან რამე გამოვიდეს. არამუსიკალური კულტურა მუსიკალურს ვერაფრით დაჯაბნის.
ეს ჯერ კიდევ მაშინ ვიცოდი, როცა მინუს-რვა თვის ასაკში ვიჯექი დედაჩემის მუცელში და მოცარტის ოცდამეერთე კონცერტს ვუსმენდი.
ეს ცოდნა იმ დროიდანაა.
ტექსტი დაიწერა პროექტისთვის RCO (Royal Consertgebouw Orchestra) MEETS EUROPE – ევროპული ღირებულებების ჩამოყალიბებაში მუსიკალური კულტურის მნიშვნელობის შესახებ. ტექსტის წაკითხვა ინგლისურ და ნიდერლანდურ ენებზე შესაძლებელია RCO-ს საიტზე