თბილისის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა
ქართულმა სასამართლომ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე პირველი განაჩენი გამოაცხადა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სააკაშვილი დამნაშავედ სცნო სანდრო გირგვლიანის საქმეზე და მას სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სააკაშვილს დამატებითი სასჯელის სახით თანამდებობის დაკავების უფლება ერთი წლითა და ხუთი თვის ვადით ჩამოერთვა. სხდომას მოსამართლე გიორგი არევაძე თავმჯდომარეობდა. სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილს ბრალად ედებოდა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.
გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველი პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლება – შეწყალება გახდა. კონკრეტულად კი, გამოძიების თანახმად, პრეზიდენტმა სააკაშვილმა შეწყალების კომისიის გვერდის ავლით, უკანონოდ შეიწყალა ოთხი ადამიანი, რომლებიც სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე იხდიდნენ სასჯელს.
სასამართლომ ერთ დეტალზე გაამახვილა ყურადღება: გამოძიების ვერსიით, სააკაშვილმა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის იმჟამინდელ ხელმძღვანელს დათა ახალაიას სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალების უკანონო დაპირება მისცა და შემდეგ ეს პირობა შეასრულა, რაც უკანონო იყო. “ამით სააკაშვილმა შექმნა სამართლებრივი ბერკეტი, მსჯავრდებულების პირობით ვადამდე გათავისუფლებისთვის”, – მიიჩნევს სასამართლო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა თავად მიხეილ სააკაშვილი. მისი თქმით, „პრეზიდენტის გასამართლება იმის გამო, რომ მან შეწყალების უფლება გამოიყენა, ამ პროცესის პოლიტიზებულობაზე მიანიშნებს. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ ხუთი წლის განმავლობაში ჩემ წინააღმდეგ ვერანაირი კომპრომატი ვერ მოიპოვა, ვერც კორუფციისა და ვერც სხვა სახის სამართალდარღვევის,“- წერს სააკაშვილი ფეისბუკზე.
სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება, რომელსაც საფუძვლად დაედო პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლება შეწყალების თაობაზე, დღეს არა მარტო სააკაშვილის მხარდამჭერებმა, არამედ მისი პოლიტიკური ოპოზიციის ნაწილმა და თავად საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც გააკრიტიკა.
“შემაშფოთებელია, რომ პროკურატურამ დევნის საფუძვლად გამოიყენა კონსტიტუციური მუხლი შეწყალების უფლების შესახებ,” – განაცხადა მარგველაშვილმა.
მისი თქმით, საქმე გვაქვს კონსტიტუციური უფლების არასწორი ინტერპრეტაციის და პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტების მცდელობასთან, რაც “სერიოზულ კითხვის ნიშნებს და სერიოზულ ზიანს აყენებს საქართველოს პოლიტიკურ იმიჯს”:
“ყურადღებით დავაკვირდებით ამ პროცესს, რადგან გვიჩნდება ეჭვი, რომ სწორედ ამ მუხლით დევნის განხორციელება ემსახურება კიდევ ერთხელ პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვას და იმ პრეროგატივების შესუსტებას, რაც გააჩნია პრეზიდენტს”, – განაცხადა მარგველაშვილმა.
მისი თქმით, ის და მისი ადმინისტრაციის წევრები გაეცნენ მსოფლიო პრაქტიკას და ვერც ერთი ქვეყნის ისტორიაში ვერ აღმოაჩინეს შემთხვევა, როდესაც შეწყალების კანონი გახდა სასამართლოს გადაწყვეტილების მთავარი მოტივი.
სააკაშვილის სასამართლო პროცესს მისი მხარდამჭერები ესწრებოდნენ. აქცია იყო სასამართლოს შენობასთანაც. მათი აზრით, სასამართლომ “ქართული ოცნების” ხელისუფლების დაკვეთა შეასრულა.
სააკაშვილის ადვოკატი სოფიო გოგლიჩიძე აცხადებს, რომ “დღეს სასამართლომ საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია”.
„მიხეილ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს. შეუძლებელი იყო, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით გამამტყუნებელი განაჩენი დამდგარიყო“, – განაცხადა გოგლიჩიძემ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი და მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლი ხატია დეკანოიძე არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააკაშვილის უკრაინიდან ექსტრადირების საფუძველი გახდეს.
როგორც ხატია დეკანოიძემ განაცხადა, დღეს ორი ქვეყნის ადმინისტრაციული რესურსი მიმართულია მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ.
„ მიხეილ საააკაშვილის ექსტრადირებას არ გამოვრიცხავ, რადგან ორი ქვეყნის ადმინისტრაციული რესურსი მიმართულია ერთი ადამიანის წინააღმდეგ“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურ შურისძიებად აფასებს სააკაშვილის ყოფილი თანამებრძოლი, “ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავაც. “სამწუხაროდ, დღეს ბოლო ათი წლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედია, სასამართლომ ფარსად აქცია. პრეზიდენტის მხრიდან შეწყალება შეუზღუდავი უფლებაა, ასეა ყველგან და სხვანაირად ვერც იქნება. ამ უფლების ბუნებაა ასეთი. პასუხისმგებლობა მხოლოდ პოლიტიკური და მორალური შეიძლება იყოს,” – დაწერა უგულავამ თავის ფეისბუკ-გვერზე.
სააკაშვილი უკვე ოთხი წელია საქართველოში ვერ ჩამოდის. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ოთხ ეპიზოდზეა აღძრული – სამსახურეობრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენება; მშვიდობიანი მიტინგის დარბევა და ტელევიზიაში შეჭრა, დეპუტატის ცემა და საბიუჯეტო თანხების გაფლანგვა.
სანდრო გირგვლიანის საქმე
სანდრო გირგვლიანის მკვლელობა ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული კრიმინალური საქმეა თანამედროვე საქართველოს ისტორიაში. ამ მკვლელობამ და მასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლების მწვავე კრიტიკა გამოიწვია. ამ საქმემ ეჭვქვეშ დააყენა ქართული მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა და ზოგადად, მთავრობის მიერ გატარებული დემოკრატიული რეფორმების სიმტკიცე.
“გაერთიანებული ქართული ბანკის” საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელი, 28 წლის სანდრო გირგვლიანი 2006 წლის 28 იანვარს თბილისის შემოგარენში, ოქროყანაში გარდაცვლილი იპოვეს მრავალჯერადი დაზიანებებით. თუმცა, ამ ამბის შესახებ საზოგადოებამ მხოლოდ 2006 წლის 12 თებერვალს, ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გასული სიუჟეტით შეიტყო.
გარდაცვალებამდე გირგვლიანს თბილისის ცენტრში, ერთ-ერთ ბარში შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებთან კონფლიქტი მოუვიდა. საქმეში ფიგურირებდნენ იმდროინდელი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მეუღლე და კუდ-ის იმჟამინდელი ხელმძღვანელი დათა ახალაია, რომლებიც ასევე ბარში იმყოფებოდნენ.
ოფიციალური ინფორმაციით, სანდრო გირგვლიანის მკვლელობა შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელსა და გირგვლიანს შორის მომხდარი კამათის შედეგი იყო.
გირგვლიანის საქმეზე კუდ-ის ოთხი მაღალჩინოსანი – გერონტი ალანია, მიხეილ ბიბილურიძე, ავთანდილ აფციაური და ალექსანდრე ღაჭავა დააკავეს. ისინი გაასამართლეს და 8 და 7 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა, გირგვლიანის ოჯახი და ადვოკატები აცხადებდნენ, რომ სასამართლომ ნამდვილ დამნაშავეებს ხელი დააფარა.
გირგვლიანის დედა, ირინა ენუქიძე პრეზიდენტთან პირადად შეხვედრას ეცადა. იგი ამბობდა, რომ შვილის მკვლელობის გამოძიების საქმეში მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის და მისი სამართლიანობის იმედი ჰქონდა. პრეზიდენტი ირინა ენუქიძეს არ შეხვდა, გახმაურებულ საქმეზე პირველი კომენტარი მხოლოდ მკვლელობიდან თვენახევარში – 16 მარტს გააკეთა. მან თქვა: “ნებისმიერი ასეთი საქმე ჩემი პირადი ტრაგედიაა“ – ამავე გამოსვლაში სააკაშვილმა ოპოზიციის მოწოდებებს შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის გადაყენების თაობაზე “ძალიან სასაცილო“ უწოდა და განაცხადა, რომ იგი მხარს დაუჭერს მერაბიშვილს დანაშაულთან ბრძოლის გზაზე – “რა თქმა უნდა, როცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური პირები აღმოჩნდნენ ჩარეული, საქმე ორმაგად მძიმდება. მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ ასეთი ფაქტი შეიძლება მომხდარიყო ინგლისში, საფრანგეთში და ძალიან ხშირად ამგვარი ფაქტები ამერიკაშიც ხდება. საქართველომ ისევე უპასუხა ამ დანაშაულს, როგორც უპასუხებდნენ ამ ქვეყნებში… ვინც დასაჭერი იყო, დაჭერილია. თუ კიდევ ვინმე იქნება, იმათაც ვაგებინებთ პასუხს. რაც გამოსაძიებელია, გამოძიებული იქნება ბოლომდე“, _ განაცხადა სააკაშვილმა.
2009 წელს ტელეკომპანია “მაესტროს” მიერ ფარული კამერით გადაღებულმა კადრებმა დაადასტურა ეჭვი, რომ დაკავებულებს ხელისუფლება მფარველობდა. კადრებში ჩანს, თუ რა განსაკუთრებულ პირობებში იხდიდნენ სასჯელს გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდადებული ოფიცრები. სასჯელს ისინი იზოლირებულ, სპეციალურად მათთვის შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე იხდიდნენ. მათთან ხშირად დადიოდნენ მნახველები, ღია ცის ქვეშ ეწყობოდა პიკნიკები, წვავდნენ მწვადებს. კადრებში ჩანს, რომ დაკავებულებს რამდენიმე ადამიანი ემსახურებოდა კიდეც.
2009 წლის 7 სექტემბერს, ოქროყანაში მომხდარი მკვლელობიდან სამნახევარი წლის შემდეგ, სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდადებულმა შსს-ს ოთხმა ოფიცერმა საპატიმრო იმ 384 პატიმართან ერთად დატოვა, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტმა 2008 წლის 24 ნოემბერს შეიწყალა.
თუმცა, შეწყალების კომისიის ყველა წევრი კატეგორიულად უარყოფდა გირგვლიანის მკვლელების შეწყალებაში საპარლამენტო კომისიის მონაწილეობას. ორმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა კომისია პროტესტის ნიშნად დატოვა. შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ელენე თევდორაძემ კი განაცხადა, რომ გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდადებული 4 ყოფილი მაღალჩინოსანი პირადად პრეზიდენტმა სააკაშვილმა შეიწყალა.
საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ ოთხივე ყოფილი მსჯავრდებული საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მიიღო. ტელევიზიით გავრცელდა სამების საკათედრო ტაძარში გადაღებული კადრები, სადაც ოთხივე ყოფილი მსჯავრდებული სანთლებით ხელში დგას.
სტრასბურგის განაჩენი
გირგვლიანის ოჯახმა სარჩელი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში შეიტანა. ოთხწლიანი განხილვის შემდეგ, 2011 წლის 26 აპრილს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი სახელწოდებით “ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ” და საქართველოს ხელისუფლებას მოსარჩელე მხარისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 50 000 ევროს გადახდა დააკისრა.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს სახელმწიფო არ არის დამნაშავე სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში, თუმცა გამოძიების პროცესსა და სხვა მოვლენებს, რომელიც ამ გახმაურებულ მკვლელობას მოჰყვა, ევროსასამართლო “გამაოგნებელს” და “მიუღებელს” უწოდებს.
“საქართველოს ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო ეფექტიანი გამოძიების წარმოება სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე”, _ წერია ევროსასამართლოს განაჩენში. გირგვლიანის მკვლელობის საქმის გამოძიებას “აშკარად აკლდა საჭირო დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, ობიექტურობა და საფუძვლიანობა“, _ აღნიშნულია იქვე.
სტრასბურგი გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულთა შეწყალების საკითხსაც შეეხო: “სასამართლო შეძრა… საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის არაგონივრულმა თანაგრძნობამ მსჯავრდადებულთა მიმართ,” – წერია ევროპის სასამართლოს 2011 წლის 26 აპრილის განაჩენში.