საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტების შეხვედრა: რა მთავარ საკითხებზე ისაუბრეს მათ?
სომხეთისა და საქართველოს პრეზიდენტებმა შეხვედრის დროს, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიების გავლით, რუსეთში ტვირთის გადატანის შესაძლებლობის საკითხს გვერდი ვერ აუარეს. სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი 25 დეკემბერს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა. სომეხი ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის დღის წესრიგში, სხვა საკითხების გარდა, ეს საკითხიც შედიოდა, თუმცა ამის შესახებ საჯარო განცხადებები არ ყოფილა.
უკანასკნელი რამდენიმე დღეა, სომხეთის მასობრივი საინფორმაციო საშუალებები წერენ საქართველოს მიერ შევეიცარიულ სამონიტორინგო კომპანია SGS-თან შეთანხმებაზე, რომელიც სამხრეთ ოსეთის გავლით ტვითის რუსეთში გატანის შესაძლებლობას გულისხმობს. ხელშეკრულებაში აღნიშნულია: ტვირთის გადატანა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუკი რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, ყაზბეგი-ზემო ლარსის გზაზე ფორს-მაჟორული სიტუაცია შეიქმნება.
სომხური მედია ასევე ციტირებდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვლის სიტყვებსაც:
„თურქეთს, სომხეთსა და სხვა ქვეყნებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალით სარგებლობენ, შეუძლიათ ფორს-მაჟორულ სიტუაციებში ამ კორიდორით ისარგებლონ. მაგრამ, ვიმეორებ, ეს მხოლოდ ცალმხრივი ხელმოწერაა. ჩვენ მოლაპარაკებებს ვაგრძელებთ, რადგან რუსეთის მიერ შემოთავაზებული ზოგიერთი პირობა ჩვენთვის მიუღებელია“.
ხელშეკრულების ძალაში შესასვლელად, რუსეთმა ასევე უნდა მოაწეროს ხელი შვეიცარიულ სამონიტორინგო კომპანია SGS-თან. სომეხი ექსპერტების აზრით, თუკი ყველა მხარე შეთანხმდება, მაშინ სომხეთი-რუსეთის რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის აღდგენის შესაძლებლობა გაჩნდება.
სომხეთის საგარეო ვაჭრობის დაახლოებით 80% საქართველოს ტერიტორიის გავლით ხორციელდება. სომხეთიდან რუსეთისკენ მიმავალი ერთადერთი სახმელეთო გზა გადის ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე, რომელიც უამინდობის გამო, პერიოდულად იკეტება. სომხური პროდუქციით სავსე სატვირთო მანქანებს დღეების განმავლობაში უწვთ აქ დგომა, რის გამოც, საქონელი ხშირად ფუჭდება.
„ლარსისთვის ალტერნატივის მოძებნის საკითხი სომხეთისთვის პერსპექტიული გადაწყვეტის მნიშვნელობას იძენს. სომხეთს რეალური სარგებლის მიღება შეუძლია, თუკი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გავლით ექსპორტი შესაძლებელი გახდება, რადგან, როგორც ცნობილია, ლარსზე რიგები დგება, მეწარმეები ჩივიან, რომ დღეების განმავლობაში უწევთ გამშვებ პუნქტთან დგომა, და უკეთეს შემთხვევაში, საქონელი რუსეთში დაგვიანებით ჩადის.
„საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სომხეთს შეუძლია ამ გზით ისარგებლოს. ხოლო ის, თუ რა ფორმატითა და მოცულობით მოხდება ეს, ამის შესახებ იმსჯელებენ და შეთანხმდებიან. რადგან ასეთი განცხადება გაკეთდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა მხარემ, თუნდაც ზეპირსიტყვიერად, ამაზე თანხმობა განაცხადა“, – თქვა საქართველოს საკითხების ექსპერტმა ალიკ ეროიანცმა.
ეკონომისტების თქმით, რუსეთისკენ მიმავალი ალტერნატიული გზა მოქმედზე 80 კილომეტრით გრძელია, თუმცა ის უფრო უსაფრთხოა, რადგან კეთილსაიმედო კლიმატურ ზონაში მდებარეობს. ისინი ასევე იხსენებენ, რომ 2016 წლის ზამთარში, როდესაც ლარსი ისევ 10 დღით დაიკეტა, სომხეთის ეკონომიკური მოწყვლადობა თვალსაჩინო გახდა. ამის გამო, საქონელი გაძვირდა და ისევ მცირე და საშუალო ბიზნესი დაზარალდა.
სხვათა შორის, სომხეთის პოლიტიკურ წრეებში შემთხვევითი არ ჰგონიათ ის, რომ საქრთველოში ვიზიტის შემდეგ სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი მაშინვე რუსეთში, დსთ-ს წევრი ქვეყნების მეთაურთა არაოფიციალურ შეხვედრაზე გაემგზავრა.