ვინ იყო 1999 წელს პარლამენტის დახვრეტის დამკვეთი? სომხეთში გამოძიება განახლდა
სომხეთის პროკურატურამ განაახლა საქმე პარლამენტის დახვრეტის ორგანიზატორების შესახებ, რომელიც შეიარაღებულ პირთა ჯგუფმა 1999 წლის 27 ოქტომბერს განახორციელა.
[su_pullquote align=”right”]20 წლის შემდეგ ისევ არ არის ცნობილი, თუ ვინ იყო სომხეთის პარლამენტის დახვრეტის ორგანიზატორი[/su_pullquote]
ჯგუფი სომხეთის ეროვნული საკრებულოს სხდომათა დარბაზში შეიჭრა და რვა ადამიანი დახვრიტა. მათ შორის – პარლამენტის სპიკერი და ორი ვიცე-სპიკერი, პრემიერ-მინისტრი, სამი დეპუტატი და ერთი მინისტრი იყვნენ.
ამავდროულად ტერორისტებმა მძევლად აიყვანეს დაახლოებით 50 ადამიანი – დეპუტატები და მინისტრები.
ჯგუფმა განაცხადა, რომ ეს აქცია იმისთვის მოაწყვეს, რომ პრემიერ-მინისტრ ვაზგენ სარკსიანისთვის გადადგომა ეიძულებინათ, და როგორც თავად გამოთქვეს, „ქვეყანა დანგრევისგან გადაერჩინათ“.
აქამდე ცნობილი არ არის, თუ ვინ იყო სომხეთის პარლამენტის დახვრეტის ორგანიზატორი, ანუ „დამკვეთი“.
გენერალურმა პროკურატურამ საქმის განახლების გადაწყვეტილება 20 წლის წინათ მოკლული სპიკერის იური ბახშიანის ქვრივის ანაიტ ბახშიანის საჩივრის საფუძველზე მიიღო.
• ტერორისტების მეთაური გათავისუფლებას ითხოვდა, მაგრამ ის ციხეში დარჩება
რას მოითხოვს ანაიტ ბახშიანი
ანაიტ ბახშიანმა გენერალურ პროკურატურას მიმართა მოთხოვნით, რომ ტერაქტის ორგანიზატორებთან დაკავშირებული საქმის შეწყვეტის გადაწყვეტილება გაუქმდეს და ახალი გამოძიება დაიწყოს.
გამოძიების ეს ნაწილი ტერაქტთან დაკავშირებულ ძირითად საქმეს 2000 წელს გამოეყო. მაგრამ, ოთხი წლის შემდეგ გენერალურმა პროკურატურამ, „დანაშაულის შემადგენლობის არარსებობაზე“ დაყრდნობით, ამ საქმის შეწყვეტა გადაწყვიტა.
საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელის მონაცემებით, ტერაქტის ორგანიზაციის თაობაზე ახალი ფაქტებისა და შესაძლო მონაწილეების გამოსავლენად ყველა საგამოძიებო-ოპერატიული მეთოდი ამოწურული იყო.
25 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ გენერალურმა პროკურატურამ ანაიტ ბახშიანის საჩივარი დააკმაყოფილა. თავის Facebook–გვერდზე მან განაცხადა, რომ საქმის განახლების მიღწევა მისი ადვოკატის მიერ მომზადებული 37-გვერდიანი შუამდგომლობის წყალობით გახდა შესაძლებელი.
ანაიტ ბახშიანი ქმრის სიკვდილის შემდეგ პოლიტიკით დაკავდა, ის 2007 წლიდან 2012 წლამდე სომხეთის პარლამენტის დეპუტატი იყო.
რა მოხდა 1999 წლის 27ოქტომბერს
პარლამენტის სხდომათა დარბაზში შეჭრილი ჯგუფის ლიდერი ნაირი უნანიანი იყო.
როგორც მოგვიანებით სხდომათა დარბაზში მყოფი ჟურნალისტები ჰყვებოდნენ, უნანიანი პრემიერ-მინისტრ ვაზგენ სარკსიანისკენ გაემართა და შემდეგი ფრაზა წარმოთქვა: „გეყოთ ჩვენი სისხლის სმა“. მან უპასუხა: „ყველაფერი შენთვის და შენი შვილებისთვის კეთდება“.
ამის შემდეგ ნაირი უნანიანმა ცეცხლი გახსნა. პრემიერ-მინისტრი დაიღუპა.
• გაუხსნელი საქმის დეტალები, რომელსაც „ჩვეულებრივი უბნის რწმუნებულიც გახსნიდა“
მოწმეები აღნიშნავენ, რომ სროლის ხმა ქუჩაში ისმოდა. ნახევარ საათში პარლამენტის შენობასთან ათასობით ადამიანი შეიკრიბა, გამოიყვანეს შინაგან საქმეთა სამინისტროს დიდი ძალები.
ტერორისტები პრეზიდენტ რობერტ კოჩარიანთან პირდაპირ მოლაპარაკებებს მოითხოვდნენ.
მოლაპარაკება შედგა. ტერორისტებმა პირდაპირ ეთერში გასვლის შესაძლებლობა, ასევე – მათთვის სამართლიანი სასამართლოს გარანტია მოითხოვეს. საუბრის დეტალები აქამდე უცნობია.
28 დეკემბერს მძევლები გაათავისუფლეს, შეიარღებული ჯგუფის წევრები კი დააკავეს.
სასამართლომ გადაწყვეტილება პარლამენტის დახვრეტიდან ხუთი წლის შემდეგ მიიღო. ჯგუფის ყველა წევრს, ერთის გამოკლებით, სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.
სომხეთში ახსოვთ, რომ სასამართლოში, დასკვნით სიტყვაში დამნაშავეთაგან არც ერთს წუხილი ან მონანიება არ გამოუხატავს.
ვერსიები ორგანიზატორების შესახებ
ტერორისტების მეთური ნაირი უნანიანი ირწმუნებოდა, რომ ბანდის უკან არავინ იდგა.
თუმცა, სომხეთში ცოტას თუ სჯერა, რომ ეს ტერაქტი უბრალოდ ფანატიკოსების ჯგუფის მიერ დაიგეგმა და განხორციელდა.
• იმ რვა ადამიანის სიკვდილი, რომლებიც 1999 წლის ტერაქტთან იყვნენ კავშირში
არსებობს განსხვავებული ვერსიები, მაგრამ მთლიანობაში საზოგადოება იმ აზრისკენ იხრება, რომ ტერაქტი საზღვარგარეთიდან იყო დაკვეთილი – ზოგიერთი კვალის ძებნას რუსეთში სთავაზობს, ზოგი – ამერიკაში.
არსებობს ასეთი ვერსიაც, რომ ტერაქტი იმ დროს მოქმედი პრეზიდენტის რობერტ კოჩარიანის მიერ იყო დაკვეთილი.