ბლეკაუტი აზერბაიჯანში: როგორ მოხდა, ვისი ბრალია და როგორ დაისჯებიან დამნაშავეები?
თბოელექტროსადგურში მომხდარმა ერთადერთმა ავარიამ ქვეყანა ორი დღით „გამორთო“. ენერგომომარაგება, წყლის მიწოდება, შუქნიშნების ფუნქციონირება და მეტროპოლიტენის მუშაობა შეწყდა. რატომ მოხდა ეს?
ქრონიკა
2-3 ივლისის ღამე — ითიშება ელექტროენერგია. კონდიციონერები ითიშება. ხალხი სიცხისგან იხუთება (ქვეყანაში საშუალო ტემპერატურა 41 გრადუსს აღწევს). სამაგიეროდ შეუფერხებლად მუშაობს სამივე მობილური ოპერატორი და მობილური ინტერნეტი არ ითიშება. სოციალურ ქსელებში მომხმარებლები არკვევენ, რომ ელექტროენერგია მთელ ქვეყანაში გაითიშა.
3 ივლისის დილა — თითქმის ყველგან აღდგა ელექტროენერგიის მიწოდება. გაჩნდა „აზერენერჯის“, ენერგომომარაგების ოპერატორის ოფიციალური განცხადება, რომლის მიხედვითაც ყველაფერი ქალაქ მინგეჩაურში, თბოელექტროსადგურ „აზერბაიდჟანსკაიაზე“ მომხდარი ავარიის გამო მოხდა. ავარია სიცხის გამო მოხდა. მთელ ქვეყანაში ჩართული კონდიციონერების გამო ენერგობლოკი გადახურდა და გადაიწვა.
თბოელექტროსადგური „აზერბაიდჟანსკაია“ წარმოადგენს სამხრეთი კავკასიის ყველაზე დიდ თესს, რომლის საერთო სიმძლავრეც 2400 მეგავატით განისაზღვრება. მშენებლობა 1974 წელს დაიწყო. ობიექტი შედგება 8 ბლოკისგან, რომელთაგანაც პირველი 1981 წელს ამუშავდა, მერვე კი – 1990 წელს.
3 ივლისი, დღე — შუქი ჩართეს, მაგრამ წყალსადენის წყლის მოწოდება შეწყდა. „აზერსუმ“. რომელიც წყლის მიწოდებას უზრუნველყოფს, არსებული შეფერხება ელექტროენერგიის მიწოდებას დაუკავშირა და აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნული მიზეზის გამო მდინარე მტკვარსა და ჯეირანბათანის წყალსატევზე მდებარე საწმენდი დანადგარებში წყლის გადამუშავება შეწყდა.
3 ივლისის საღამო —. ბაქოს უდიდესი ნაწილი და ზოგიერთი სხვა რაიონი ისევ უშუქოდ რჩება. ამჯერად შეფერხება ალტერნატიულ სადგურებზე დაფიქსირდა.
4 ივლისი — დილით მეტრო დაკეტილი იყო. საღამოს მეტროპოლიტენის მუშაობა აღდგა. წყლისა და შუქის მიწოდება გარდამავალი წარმატებით ხორციელდებოდა. წყლის მოწოდება სრულად მხოლოდ 6 ივლისს აღდგა.
ამჟამად თბოელექტროსადგური არ მუშაობს. ქვეყნის ელექტრომომარაგება სხვა ჰესების სიმძლავრეების ზრდის ხარჯზე წარმოებს. დეფიციტურ ენერგიას აზერბაიჯანი საქართველოდან და რუსეთიდან იღებს.
ხელისუფლების რეაქცია
ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი მედიასაშუალებები თავიდან მხოლოდ კონკრეტული უწყებების რეაქციებს გადმოსცემდნენ და აცხადებდნენ, რომ „პრეზიდენტმა სპეციალური კომისია შექმნა“.
4 ივლისს სახელმწიფო ტელეარხმა მაყურებელს ამ სპეციალური კომისიის სხდომის ტრანსლაცია შესთავაზა და მაშინ ილჰამ ალიევმა პირველად მიმართა უშუალოდ მოქალაქეებს და მადლობა გადაუხადა მოთმინებისა და იმის გამო, რომ პრობლემას გაგებით ეკიდებიან.
ქვეყნის მოსახლეობამ მართლაც გამოავლინა მოთმინება და ზუსტად ჩაწვდა პრობლემის არსს. ხალხი ამბობდა, რომ „ჩინოვნიკებმა ამჯერადაც შეჭამეს ობიექტის რეაბილიტაციისათვის განსაზღვრული თანხა და ამიტომაც განადგურდა ყველაფერი“, მაგრამ საერთო აღშფოთება სრულიად უმისამართო იყო და მთლიანობაში საზოგადოებამ „შუქის წასვლა“ ერთგვარ სტიქიურ უბედურებად აღიქვა. არავინ ითხოვდა ბოდიშს და არავის მოუხდია ბოდიში ხალხის წინაშე.
ისტორიები ივლისის აპოკალიფსის შესახებ JAMnews-ის ფოტორეპორტაჟშია წარმოდგენილი
ამის შემდეგ პრეზიდენტმა მინისტრებსა და კომისიის სხვა წევრებს პასუხი მოსთხოვა და თითოეულმა მათგანმა წარმოადგინა ანგარიში იმის შესახებ თუ რა ღონისძიებები გატარდა იმ სფეროში, რომელსაც იგი (ანუ კონკრეტული ჩინოვნიკი) კურირებს.
ენერგეტიკა
იაგუბ ეიუბოვმა, რომელიც მთავარი მინისტრის პირველი მოადგილისა და კომისიის თავმჯდომარის თანამდებობებს იკავებს, განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილს ეწვია და ინციდენტის ზონა პირადად დაათვალიერა. მან ელექტროსადგურზე მომხდარი სიტუაცია აღწერა. თავიდან მწყობრიდან გამოვიდა ერთი ტრანსფორმატორი, რომლიდანაც დაახლოებით ათასი კილოგრამი ზეთი გადმოიღვარა. სითხე უშუალოდ მოწყობილობებსა და ტრანსფორმატორის მახლობლად გაჭიმულ კაბელებს დაესხა. ეს ყველაფერი აალდა. იმავე ელექტროსადგურის მეექვსე ელექტრობლოკმა მუშაობა შეწყვიტა, მაგრამ გაჩერებულ ობიექტს მაინც მიეწოდებოდა გაზი. შედეგად გაზიც აალდა.
ავარიამ მოსახლეობის სიმშვიდე დაარღვია და, ამას გარდა, ქვეყნის ეკონომიკასაც დიდი ზარალი მიაყენა. მაგალითად, ნავთობმომპოვებელმა საწარმოებმა 4,2 ათასი ტონით ნაკლები ნავთობი მოიპოვეს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას კი ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხების შედეგების აღმოსაფხვრელად 8 დღე სჭირდება.
შუქის ჩასართავად ელექტროენერგიის რუსეთისგან და საქართველოსგან შეძენა გახდა საჭირო.
მეორე მომხსენებლად ბედნავსი „აზერენერჯის“ ხელმძღვანელი, ეთიბარ პირვერდიევი გამოვიდა.
და ამ შემთხვევაში აზერბაიჯანის მოქალაქეები დატკბნენ სანახაობით, რომლის მთავარ ფიგურადაც „თანამდებობაზე მყოფი ადამიანი“ მოგვევლინა. ჩინოვნიკი თავჩაქინდრული იდგა და ძალიან ჰგავდა სკოლის მოსწავლეს, რომელმაც რაღაც დააშავა. ამ სცენას თან ერთვოდა დიალოგი:
“— … უღრმეს მადლობას მოგახსენებთ იმის გამო, რომ თბოლექტროსადგურზე მომხდარ ავარიის გამო სიტუაცია პირად კონტროლზე აიყვანეთ. ბოლო 15 წლის მანძილზე თქვენი ხელმძღვანელობით…
— ყველამ კარგად ვიცით, თუ რა გაკეთდა ბოლო 15 წლის მანძილზე. უმჯობესი იქნება, გვითხრა, თუ რატომ მოხდა ავარია და რატომ, რა მიზეზით აღმოჩნდა ქვეყანა სიბნელეში?”
ამის შემდეგ პრეზიდენტმა ქვეყნისათვის მიყენებული ზიანის, ზარალისა და ტანჯვის გამო დატუქსა და დეტალური გამოძიება მოითხოვა.
საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელის, ქემალედდინ ჰეიდაროვის გამოსვლის შემდეგ კატასტროფის გამომწვევი მიზეზები მეტ-ნაკლებად გასაგები გახდა. მან განაცხადა, რომ მინგეჩაურის თბოელექტროსადგური მორალურად და ფიზიკურად მოძველდა და ზემოაღნიშნული ობიექტი უსაფრთხოების ნორმების პერმანენტული დარღვევებით მუშაობდა. ყოველი შემოწმების შემდეგ საგანგებო საქმეთა სამინისტრო „აზერენერჯის“ ხელმძღვანელობას აღმოჩენილი გადაცდომების შესახებ ატყობინებდა ხოლმე. ნათქვამის დასადასტურებლად მინისტრმა დოკუმენტების სქელი დასტა ააფრიალა – დასტა, რომელიც ზემოაღნიშნული გაფრთხილებებისგან შედგებოდა.
ვინ როგორ გაუმკლავდა ივლისის აპოკალიფსს
ჯანდაცვა
ბევრ საავადმყოფოში გენერატორი ან საერთოდ არ იყო, ან არ მუშაობდა. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ჭორები ლეტალური შედეგის მქონე არაერთი ინციდენტისა და სანთლის შუქზე მშობიარე დედების შესახებ. ჯანდაცვის სამინისტროს ყველა ამ ჭორს უარყოფს და ამტკიცებს, რომ ლეტალური შედეგები არც ახალშობილებს შორის დაფიქსირებულა, და არც მოზრდილებს შორის.
მაგრამ თვითმხილველები ამბობენ, რომ საავადმყოფოები მზად არ იყვნენ „ფორსმაჟორული სიტუაციისთვის“.
ბაქოს ერთ-ერთ გარეუბანში მდებარე სასწრაფო დახმარების საავადმყოფოს ექთანი აღნიშნავს, რომ მათ კლინიკაში გენერატორი მხოლოდ საოპერაციო განყოფილებასა და რეანიმაციაში მუშაობდა. სტომატოლოგიური კლინიკის ექიმმა კი აღნიშნა, რომ იძულებული გახდა, უარი ეთქვა ყველა იმ პაციენტის მიღებაზე, რომლებსაც ვიზიტი 6 ივლისს ჰქონდათ დანიშნული – იმიტომ რომ სასწრაფო წესით ამონტაჟებენ გენერატორს, რომელიც მანამდე კლინიკაში საერთოდ არ ჰქონდათ.
ტრანსპორტი
სატრანსპორტო სისტემა აზერბაიჯანელებისთვის ყველაზე „არაკომფორტული“ გამოდგა – მეტწილად სიცხის გამო.
- რამდენიმე ათასი ადამიანი მეტროში გაიჭედა და მათი ევაკუაცია სარკინიგზო ხაზების გავლით, სიბნელესა და დახუთულ სივრცეში მოხდა. აშკარა გახდა, რომ მეტროპოლიტენს „სათადარიგო გეგმა“ არ ჰქონია;
- შუქნიშნები გაითიშა და გზებზე არეულობა დაიწყო. თუმცა, საგზაო პოლიციამ ამ პრობლემას თავი გაართვა და სერიოზული ავტოკატასტროფები არ მომხდარა;
- ვინც მეტროში ვერ მოხვდა, ავტობუსებისკენ გაეშურა, რამაც ჭყლეტა გამოიწვია;
- მომდევნო დღეს მეტრო საღამომდე არ მუშაობდა. ავტობუსების დატვირთვა რამდენიმეჯერ გაიზარდა. კონდიცირება კი მხოლოდ ქალაქის ცენტრში მოძრავ ავტობუსებს აქვთ.
წყალი
საწარმო „აზერსუს“ ხელმძღვანელმა, რომელიც წყლის მიწოდებაზეა პასუხისმგებელი, პრეზიდენტს მოახსენა, რომ მისმა სტრუქტურამ წარმატებით გაართვა თავი მასზე დაკისრებულ ამოცანას. ყველა ის რეგიონი, რომელსაც წყალი ტუმბოების საშუალებით მიეწოდება, „ეკონომიურ რეჟიმზეა“ გადასული. იმ რაიონებში, სადაც წყალსადენის სისტემა არ მუშაობს, წყალს ცისტერნებით გზავნიდნენ.
უცნაურია, მაგრამ სიტუაცია სულაც არ იყო მძიმე, იმიტომ რომ აზერბაიჯანის მთელ მოსახლეობა არ არის უზრუნველყოფილი წყალსადენის წყლით. ბაქოელების სულ ცოტა ორმოცი პროცენტი წყალს „გრაფიკით“ იღებს – ანუ მათ წყალი დღეში მხოლოდ რამდენიმე საათით მიეწოდებათ. ბევრ სოფელსა და ქალაქში ხალხი ჭიდან ამოღებულ გრუნტის წყალს იყენებს. მათთვის მთავარ პრობლემას წარმოადგენდა ის, რომ ელექტროენერგიის გარეშე არ მუშაობდა ტუმბოები, რომელთა საშუალებითაც წყალს ჭიდან იღებენ და ავზებში გადააქვთ. ავზები ქალაქის ბინებშიც აქვთ, და სახლის სახურავებზეც. ანუ წყალთან დაკავშირებით ხალხს ყოველთვის აქვს საკუთარი „სათადარიგო გეგმა“.
გამოდის, რომ წყალსადენის მუშაობის შეფერხებამ ყველაზე მეტად იმ რაიონების „გაზულუქებული“ მოსახლეობა დაზარალდა, სადაც ყოველთვის არის წყალსადენის წყალი.
ვის დასჯიან და როგორ
სოციალურ ქსელებში თავიდანვე გამოიკვეთა ორი ტენდენცია: “ნუ ქმნით პანიკას, ხელისუფლება ყველაფერზე იზრუნებს ” და “ქვეყნის მესვეურებს ჩვენი ბედი არ აღელვებთ”.
პრეზიდენტისა და მაღალჩინოსნების „საჩვენებელი“ გამოსვლის ნახვის შემდგომი რეაქცია სრულად შეესაბამებოდა იმ „ბანაკს“ რომელსაც ესა თუ ის ადამიანი მიეკუთვნებოდა:
- აი, ხომ ხედავთ! ახლა ყველას დასჯიან;
- რატომ ტუქსავენ ამ პირვერდიევს? რატომ უცხადებენ საყვედურს იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ გაათავისუფლონ?
ორივე ბანაკში არსებობს ეჭვი, რომ „აზერენერჯის“ ხელმძღვანელს თანამდებობიდან გაათავისუფლებენ. თუმცა, სავარაუდოდ, მას უბრალოდ „ქუჩური კანონების“ შესაბამისად „დასჯიან“, ან უბრალოდ „გალანძღავენ და აპატიებენ“.
მიუხედავად ამისა, აზერბაიჯანის მთავარმა პროკურორმა, ზაქირ გარალოვმა აღნიშნა, რომ პროკურატურამ რამდენიმე მუხლით ( კერძოდ კი “სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება“, „უსაფრთხოების ნორმების დარღვევა“ და „დანაშაულებრივი გულგრილობა“) აღძრა სისხლის სამართლის სამართლის საქმე.
მაგრამ, როგორც გამოცდილება გვაჩვენებს, აზერბაიჯანში სისხლის სამართლის საქმის გახსნა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ რამდენიმე თვის შემდეგ ვინმე ამ აღძრული საქმის ანგარიშს წარმოადგენს.
კიდევ რამდენიმე საკითხი რჩება ღიად:
[yes_list]
- რატომ აგრძელებდა მუშაობას მინგეჩაურის თბოელექტროსადგური – მიუხედავად იმისა რომ ზემოაღნიშნული ობიექტი „ფიზიკურად და მორალურად“ გაცვდა?
- საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელი გამოვიდა წინადადებით, რომლის მიხედვითაც ელექტროსადგურის შემოწმება სერიოზულ საერთაშორისო კომპანიას უნდა დაევალოს. ინიციატივის გაჟღერებამდე მან განაცხადა, რომ ენერგომომარაგების სხვადასხვა რგოლები ერთმანეთთან შეუთანხმებლად მოქმედებენ და, შესაბამისად, პრობლემას სუსტი მმართველობა და სუსტი კოორდინაცია წარმოადგენს. სად არის გარანტია, რომ ამ სისტემას რაიმე სახის მონიტორინგი, ან თუნდაც ხელმძღვანელობის ცვლილება შეცვლის?
- ილჰამ ალიევის თქმით, უკვე 15 წელია, რაც ენერგეტიკის განვითარებისათვის უზარმაზარი თანხები იხარჯება. აშენდა 30 ელექტროსადგური , მაგრამ „ივლისის აპოკალიფსის“ დროს კატასტროფის შედეგების ლიკვიდაცია მაინც ვერ მოხერხდა . უკვე 17 წელია, რაც პირვერდიევი ამ პოსტს იკავებს. მაშ სად აბანდებდნენ ფულს მთელი ამ ხნის მანძილზე, თუკი – როგორც აღმოჩნდა – ქვეყანას მხოლოდ ერთი ელექტროსადგური ჰქონდა და ახლა კი საერთოდ აღარ აქვს?
[/yes_list]