ახალგორი ისევ ჩაიკეტა სულ მცირე ორი თვით
6 თებერვალს იყო ბოლო დღე, როდესაც თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მყოფ ახალგორელებს, უკან ახალგორში, საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა ჰქონდათ. დღეიდან ანუ 7 თებერვლიდან, ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დაბა კვლავ ჩაიკეტა.
• იზოლაციის 142 დღე. ცხინვალმა ჩაკეტილი ახალგორი გახსნა პენსიონერებისა და მძიმე ავადმყოფებისთვის
• 10 წელი მავთულხლართებს მიღმა
ახალგორი – ცხინვალის მიერ კონტროლირებადი ერთადერთი რაიონია სამხრეთ ოსეთში, სადაც 2008 წლის ომის შემდეგ ეთნიკურ ქართველებს საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლება მისცეს.
ახალგორის მოსახლეობის დიდი ნაწილი ეთნიკური ქართველია. რეგიონს ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლება აკონტროლებს. იქ მცხოვრები ქართველები საქართველოს მოქალაქეები არიან (ზოგს ადგილობრივი მოქალაქეობაც აქვს), რომლებიც იღებენ ქართულ პენსიას.
2019 წლის აგვისტომდე ახალგორელები შედარებით თავისუფლად გადაადგილდებოდნენ თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მიმართულებით. თუმცა, აგვისტოში, მას შემდეგ, რაც თბილისმა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან (ეს სოფელი სამხრეთ ოსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიას ესაზღვრება) ახალი ქართული საგუშაგო გახსნა, პასუხად ცხინვალმა სრულად ჩაკეტა ახალგორი ყველანაირი სახის გადაადგილებებისთვის.
შედეგად რეგიონი ჰუმანიტარული კატასტროფის პირას აღმოჩნდა – პენსიონერები ვერ იღებდნენ პენსიას, ავადმყოფები ვერ გადმოდიოდნენ სამკურნალოდ, რაიონში ადამიანები დარჩნენ ფული, მედიკამენტების და ხშირ შემთხვევაში სურსათის გარეშე.
ამ სიტუაციის გათვალისწინებით, 24 იანვარს ცხინვალმა 10 დღის ვადით გახსნა ახალგორის რაიონთან თითქმის ხუთი თვის დაკეტილი ე.წ. საზღვარი, თუმცა არა ყველასთვის. ახალგორიდან გასვლის საშუალება მხოლოდ პენსიონერებს და ავადმყოფებს მისცეს.
24 იანვარს ახალგორი რამდენიმე ათეულმა ადამიანმა დატოვა – მათ 10 დღე მისცეს უკან დასაბრუნებლად.
ცხინვალი აცხადებს, რომ მხოლოდ მას შემდეგ გახსნის სრულად “საზღვარს”, თუ თბილისი ჩორჩანასთან პოსტს აირებს.
7 თებერვალს ე.წ. საზღვარი კვლავ ჩაიკეტა.
როგორც ახალგორის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა “რადიო თავისუფლებას” უთხრა, ზოგიერთი ახალგორელი, რომელიც იანვრის ბოლოს გადმოვიდა, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩა, თუმცა უმეტესობა დაუბრუნდა საკუთარ სახლებს.
„მცირე ნაწილი დარჩა, უდიდესი ნაწილი დაბრუნდა“, – აღნიშნა თინიკაშვილმა.
როგორც ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი ამბობს, ძირითადად, დარჩნენ ისინი, ვისაც მკურნალობის გაგრძელება სჭირდება ან საშუალება აქვს ნათესავებთან გამოიზამთროს.