დატოვებს თუ არა ტრამპი თანამდებობას? მისი იმპიჩმენტი პირველ ეტაპზე დამტკიცებულია
CNN-ის ცნობით, 18 დეკემბერს, აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატამ მხარი დაუჭირა იმპიჩმენტს – პრეზიდენტის უფლებამოსილების შეჩერებას ორი ბრალდების გამო: ძალაუფლების ბოროტად გამოყენება უკრაინაზე ზეწოლისას და კონგრესის გამოძიებისთვის ხელის შეშლა.
თუმცა, ექსპერტების აზრით, ეს გადაწყვეტილება ნაკლებად ნიშნავს, რომ დონალდ ტრამპი საკუთარ პოსტს 2020 წლის შემოდგომაზე დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებამდე დატოვებს. საბოლოო გადაწყვეტილება აშშ-ის სენატმა უნდა მიიღოს, იქ კი უმრავლესობას ტრამპის თანაგუნდელები, რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები ფლობენ.
უფრო მეტიც, ბევრი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ იმპიჩმენტთან დაკავშირებულმა ისტორიამ, შესაძლოა, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, ტრამპის გამარჯვების შანსები გაზარდა, რადგან მისი მომხრეები დააახლოვა.
• თვალსაზრისი: რატომ არ ენდობა ტრამპი არავის?
რაში ადანაშაულებენ დონალდ ტრამპს
პრეზიდენტს ორი მუხლის დარღვევაში ადანაშაულებენ – სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და კონგრესისთვის ხელის შეშლა.
ბრალდება 1
ტრამპმა აშშ-ის სახელმწიფო სამხედრო დახმარება შეუჩერა უკრაინას და მისი განახლების სანაცვლოდ, დაჟინებით მოითხოვა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისგან განეახლებინა გამოძიება ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შვილს საქმიანობაზე ამ ქვეყანაში. იმ ჯო ბაიდენის, რომელიც, შესაძლოა, მისი მოწინააღმდეგე იყოს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე.
ბრალდება 2
როდესაც ამის შესახებ გახდა ცნობილი და კონგრესმა საქმის გამოძიება დაიწყო – ტრამპმა თეთრი სახლის თანამშრომლებს კონგრესთან თანამშრომლობა აუკრძალა და უთხრა, რომ არ გამოცხადებულიყვნენ გამოკითხვაზე გამოძახების შემთხვევაში.
წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობამ ტრამპი დამნაშავედ სცნო ბრალდების ორივე ნაწილში.
რას ამბობენ მთავარი მოწმეები
რამდენიმე მაღალი რანგის დიპლომატმა, მათ შორის, უკრაინაში აშშ-ის ყოფილმა და მოქმედმა ელჩებმა, ყურადღება არ მიაქციეს თეთრი სახლის აკრძალვას და ჩვენება მისცეს წარმომადგენელთა პალატას.
მათ ყველამ განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ტრადიციული დიპლომატიური კომუნიკაციის გზების გვერდის ავლით, არაოფიციალური არხებით დაამყარა უკრაინის ხელისუფლებასთან კავშირი.
მოწმეთა თქმით, ტრამპის მიზანი იყო, ეიძულებინა უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი, გამოსულიყო და საჯაროდ განეცხადებინა აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების თაობაზე.
ზეწოლის ინსტრუმენტად აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინისთვის 300 მილიონი დოლარის ოდენობის ამერიკული სამხედრო დახმარების შეჩერება გამოიყენა. დახმარება მხოლოდ მას შემდეგ აღდგა, რაც ამ საქმის გარშემო საჯარო სკანდალი აგორდა.
რა მოხდება მომავალში
სავარაუდოდ, უკვე 2020 წლის იანვარში, იმპიჩმენტის საკითხს კონგრესის ზედა პალატა – სენატი განიხილავს. იქ უმრავლესობას რესპუბლიკელები ფლობენ (ტრამპის პარტია) და მათ უკვე განაცხადეს, რომ შეეწინააღმდეგებიან ამ გადაწყვეტილებას.
ამრიგად, ტრამპი გახდება მესამე პრეზიდენტი ენდრიუ ჯექსონისა და ბილ კლინტონის შემდეგ, რომელსაც იმპიჩმენტი გამოუცხადა წარმომადგენელთა პალატამ, მაგრამ გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა სენატმა.
თუმცა, მიმომხილველების უმრავლესობა თანხმდება, რომ დემოკრატებმა კონგრესში რეალურად შეაფასეს საკუთარი შანსები. ისინი არ ელოდნენ, რომ სენატი იმპიჩმენტს დათანხმდება.
ექსპერტების აზრით, მათი მთავარი მიზანი იყო, მაქსიმალურად შეესუსტებინათ ტრამპის ხელახლა არჩევის შანსები 2020 წელს.
მაგრამ არის განსხვავებული მოსაზრებაც – იმპიჩმენტთან დაკავშირებულმა სკანდალმა, შესაძლოა, მხოლოდ განამტკიცა მისი პოზიციები მომავალ არჩევნებზე.