აქ არამხოლოდ სძინავთ
როდესაც სოხუმზე ლაპარაკობენ, პირველ რიგში, მაიმუნების საშენი, ბოტანიკური ბაღი და, რა თქმა უნდა, სახელგანთქმული „ბრეხალოვკა“ გახსენდება.
თუმცა, სოხუმის მოსახლეობის უმეტესობა აქ არ ცხოვრობს. 80 ათასი მოქალაქედან, დაახლოებით მესამედი „ეკონომ კლასის“ გარეუბანში, „ახალ რაიონში“ ცხოვრობს, რომელიც აფხაზეთის დედაქალაქის უკიდურეს დასავლეთ ნაწილში მდებარეობს.
სახელიდანაც ჩანს, რომ „ახალი რაიონი“ შედარებით ახალი უბანია. პირველი ხუთსართულიანი სახლები აქ 60-იან წლებში ააშენეს.
“ახალ რაიონს“ ადგილობრივები უბრალოდ „რაიონს“ ეძახიან. თუ ტაქსის მძღოლს კითხვაზე, „სად მივდივართ“, – უპასუხებთ, რომ „რაიონშ“მიდიხართ, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ის „ახალ რაიონში“ მიგიყვანთ. ფაქტობრივად, ეს არის ქალაქი ქალაქში. სოხუმელები ამ უბანს ხუმრობით „პარალელურ ქალაქს“ უწოდებენ.
‘ვინც ქალაქის ცენტრში ცხოვრობს, აქ მხოლოდ ქორწილებისა და გასვენებების დროს უწევთ მოსვლა, და ამიტომ, ხშირად ორიენტირება უჭირთ. ერთნაირი მრავალსართულიანი სახლები დიდ ფართობზე ისეა განლაგებული, რომ სახლების ნუმერაციაც კი ვერ ეხმარება სტუმარს საჭირო მისამართის მიგნებაში. საათობით შეგიძლიათ იტრიალოთ აქ, ვიდრე რომელიმე ადგილობრივი ხელს არ ჩაგკიდებთ და იმ სახლთან მიგიყვანთ, რომელსაც ეძებთ. ჩემი ცოლისძმა წელიწადში რამდენჯერმე მოდის ჩემთან სტუმრად, მაგრამ ყოველ ჯერზე თითქოს ლაბირინთში ხვდება’, – ამბობს ტაქსის მძღოლი არმენი.
ცხადია, რომ თავად „ახალრაიონელები“ მშვენივრად ახერხებენ უბანში ორიენტირებას. სამუშაო ადგილების უმრავლესობა სოხუმის ცენტრშია თავმოყრილი და „ახალი რაიონის“ მაცხოვრებლებს ყოველდღე აქეთ-იქით უწევთ სიარული.
აქ ვერ ნახავთ არქიტექტურულ ძეგლებს. ეს უბანი კლასიკურ საბჭოთა მასივს წარმოადგენს, რომლის შექმნის პრინციპი იყო: „ იაფად და სწრაფად დაკმაყოფილდეს მოქალაქე საცხოვრებელი ფართით“. თუმცა, „ახალი რაიონი“ სოხუმის ყველაზე ხალხმრავალი უბანია და მას სხვაგან მუშაობის, სწავლისა და გართობის შემდეგ დასაძინებლად მოაშურებენ ხოლმე. არადა, ახალი რაიონი საკმაოდ კეთილმოწყობილია. აქ სკოლებიცაა, საბავშვო ბაღებიც, მაღაზიებიც, ფეხბურთის მოედნებიც… ცალკე ზღვაზე გასასვლელიც აქვს, ახალ წელს კი ამ უბნის მცხოვრებნი საკუთარ საახალწლო ნაძვის ხესაც რთავენ. სოხუმის სხვა უბნებთან შედარებით, აქ საზოგადოებრივი ტრანსპორტიც უფრო ხშირად და გვიანობამდე დადის.
ასიდა უნივერსიტეტის სტუდენტია. წარმოშობით გუდაუთიდანაა, მაგრამ იმის გამო, რომ სახლიდან სასწავლებელში მისასვლელად დიდი დრო სჭირდება, „ახალ რაიონში“ მეგობართან ერთად ბინას ქირაობს. ჯერჯერობით მხოლოდ ბინის ქირის რაოდენობა ახარებს. ოროთახიან ბინას გოგონები 3 ათას რუბლად (დაახლოებით 40 აშშ დოლარი), ფაქტობრივად, უფასოდ ქირაობენ. სოხუმის ცენტრში მსგავსი საცხოვრებელი ფართის ქირაობა ათჯერ უფრო ძვირი ჯდება.
თუმცა, გოგონებს ამ პატარა სიხარულს უნივერსიტეტამდე მისასვლელი და უკან დასაბრუნებელი გზა ‘აშხამებს’.
‘სასწავლებელში ყოველთვის სპორტული, ან უქუსლო ფეხსაცმლით მივდივარ. სხვანაირის ჩაცმას აზრი არ აქვს. ჩემი სახლიდან გაჩერებამდე სამი ეზო უნდა გაიარო დახეთქილი ტროტუარსა და ხრეშის სქელი ფენაზე. მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით ვერ ისეირნებ. როგორც წესი, უნივერსიტეტში მისასვლელად მიკროავტობუსით ვმგზავრობ და ტრანსპორტის შეცლა მიწევს. როდესაც საკმარისი ფული არ მაქვს, ტროლეიბუსში ავდივარ, რომელიც, სამწუხაროდ, უნივერსიტეტის შენობამდე არ მიდის, და სამასმეტრიან აღმართზე ფეხით მიწევს ასვლა’, – ამბობს ასიდა.
პირველ კურსზე ჯერ კიდევ ცდილობდა, ლექციებზე მაღაქუსლიანი ფეხსაცმლით ევლო, მაგრამ ერთ დღეს ტრანსპორტიდან ჩასვლისას ფეხსაცმელს ქუსლი მოტყდა და ფეხიც იღრძო. იმის შემდეგ მხოლოდ სპორტულ ფეხსაცმელს იცვამს.
ამ ადგილებში ფასები მართლაც შედარებით დაბალია. აქ ერთოთახიანი ბინა 400 ათას რუბლი (დაახლოებით 5 300 აშშ დოლარი) ღირს. ოროთახიან ბინას 700 ათას რუბლად (დაახლოებით 9 000 აშშ დოლარად) შეიძენთ. ახალგაზრდა ოჯახების უმრავლესობა ბინას სწორედ ამ უბანში ყიდულობს. ისინიც, ვინც ბინის საყიდელი ფულის შეგროვება ვერ მოახერხა, ოთახებს აქ ქირაობენ.
ახალმოსახლეები „ახალ რაიონს“, როგორც წესი, დროებით ნავსაყუდლად აღიქვამენ. იმედოვნებენ,რომ რამდენიმე წელიწადს აქ იცხოვრებენ, ფულს მოაგროვებენ და ცენტრში გადავლენ. თუმცა, ამ გეგმას მხოლოდ ერთეულები თუ ასრულებენ.
‘ადამიანები აქაურობას ეჩვევიან და აღარ უნდათ რაიმეს შეცვლა. ზოგიერთს, მაგალითად მე, რაიმეს შესაცვლელად მარადიული ფინანსური პრობლემები უშლის ხელს.თუმცა, ვერც იმას ვიტყვი, ორიოდე წლის შემდეგ საშუალება რომ გამიჩნდეს, მაიცდამაინც ქალაქის ცენტრში მოვინდომებ ბინის ყიდვას. ადგილს შევეჩვიე, კარგი მეზობლები მყავს, რემონტი გავაკეთე და არც ის მინდა, რომ ჩემმა შვილებმა სკოლა შეიცვალონ. მოკლედ, ღუზის ჩასაშვებად ბევრი მიზეზი მაქვს ‘, – ამბობს ვიქტორი.
ბავშვობაში ზედ ზღვასთან ცხოვრობდა, ქალაქის ცენტრში. როდესაც ვიქტორი წლის გახდა, მშობლებმა ბინა „ახალ რაიონში“ მიიღეს და ამის შემდეგ, როსტოვში გატარებულ სტუდენტობას თუ არ ჩავთვლით, საცხოვრებელი ადგილი არ შეუცვლია. ოცდაათი წელია გასული, ვიქტორი კი მაინც ვერ ეგუება არსებულ რეალობას. განათლებით ინჟინერია, თუმცა მისი პროფესიით მისაღები სამუშაოს პოვნა შეუძლებელია და ამიტომ თავისი სპეციალობით, დიდი ხანია, აღარ მუშაობს. ამჟამად ექსკურსიების ბიზნესშია ჩართული.
‘ერთ სეზონზე არც ისე ცუდ შემოსავალს ვიღებ ხოლმე. ნაშოვნი ფულით ქალაქის ცენტრშიც შემიძლია ბინის ყიდვა, თუმცა შემდეგ ზაფხულამდე ოჯახის სარჩენად ფული აღარ დამრჩება; სტუდენტი ვაჟი მყავს, ქალიშვილი კი სკოლას ამთავრებს. ჩემი ცოლი არ მუშაობს. მოკლედ, როგორც ჩანს, ჩემი ბედი არ არის,’ – ამბობს ვიქტორი.
‘ერთ ჩემს მეგობარს მშვენიერი შემოსავალი აქვს – დიდ სასურსათო მაღაზიას ამუშავებს, მაგრამ ახალი რაიონიდან ვერ გააგდებ. ორი მეზობელი ბინა იყიდა, თავისას შეუერთა და სასახლე გამოუვიდა. სამი მანქანის სამყოფი ავტოფარეხი აიშენა. მისი ოჯახის ყველა წევრი მანქანით დადის. მართლაც, რა საჭიროა რაიმეს შეცვლა, თუკი ყველა (მათ შორის ცოლიც)კმაყოფილია?’
1992-92 წლების ქართულ-აფხაზური ომის დროს „ახალი რაიონი“ ქალაქის სხვა უბნებზე მეტად დაზიანდა, რადგან გუმისთას ფრონტის ხაზის სიახლოვეს მდებარეობდა. ბევრ სახლს დღემდე ეტყობა ნასროლის კვალი. ბევრი ბინა (აქა-იქ მთელი სახლებიც კი) არავის აღუდგენია და უპატრონოდაა მიგდებული.
დღეს „ახალი რაიონის“ თანდათანობით აღდგენა ხდება. ზოგიერთ უბანს თავად მოსახლეობა უვლის, სხვა უბნების კი სახელმწიფოს ბიუჯეტი ეხმარება.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, სხვადასხვა პროგრამების საშუალებით, ხელისუფლებამ ეს უბანი საცხოვრებლად ვარგის ადგილად აქცია. ბევრგან ასფალტი დააგეს, გაჩნდა სკვერები და პარკები, აშენდა რამდენიმე თანამედროვე სპორტული და საბავშვო მოედანი.
შეკეთდა ყველა მრავალსართულიანი სახლის სახურავი და ლიფტი (ზოგიერთ კორპუსში საერთოდ ახალი ლიფტები დაამონტაჟეს).
‘ადრე, როდესაც ხელისუფლებას ჩვენი ბედი არ ადარდებდა, ადგილობრივი მაცხოვრებლებიც ასევე იქცეოდნენ _ ნაგავს იქ ყრიდნენ, სადაც მოუხდებოდათ, საკუთარი სახლების ეზოებსა და სადარბაზოებს არ ალაგებდნენ. აქაურობა ჭუჭყსა და ნაგავს მიჰქონდა. ზოგმა ცარიელი ბინა პირუტყვის სადგომადაც კი გადააკეთა’, – ამბობს პენსიონერი ვალენტინა კულაკოვა.
‘ჩემი ერთი მეზობელი პირველ სართულზე მდებარე ერთ ბინას რამდენიმე წლის განმავლობაში ღორების სადგომად იყენებდა. საშინელი სიმყრალე და ანტისანიტარია მთელ ტერიტორიაზე ვრცელდებოდა, მაგრამ მეზობელს ეს არ ადარდებდა. ბევრგან მივედით საჩივრებით, მაგრამ ვერავინ გვიშველა _ მილიციაც კი ვერ დაგვეხმარა. ან რა უნდა ეღონათ იმ საცოდავებს, როცა ახალი რაიონის თითქმის ყველა სახლში მსგავსი სიტუაცია იყო? ახლა, როდესაც სახელმწიფომ რაიონის კეთილმოწყობაზე ზრუნვა დაიწყო და ღორებიც გაქრნენ, მოსახლეობის შეგნებაც თანდათან ამაღლდა. ხუთი წლის წინათ ყველაფერი სხვაგვარად იყო,დღეს სულ სხვაა.’
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო