აფხაზეთში აგრძელებენ დავას 2019 წელს არჩეული პრეზიდენტის ლეგიტიმურობაზე
აფხაზეთში, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით დავა, როგორც მინიმუმ, 2020 წლის იანვრამდე გაგრძელდება. საკასაციო სასამართლო, რომელსაც 2019 წლის სექტემბერში არჩეული პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას ლეგიტიმურობის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება უნდა გამოეტანა, პრეზიდენტის ადვოკატების შუამდგომლობით, 9 იანვრისთვის გადაიდო.
ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ასაჩივრებს, მიაჩნია რა, რომ გამარჯვებულ რაულ ხაჯიმბას არ დაუგროვებია ხმათა აუცილებელი რაოდენობა – 50%+1 კენჭისყრაში მონაწილეთა საერთო რაოდენობიდან.
სასამართლოში ოპოზიციამ პირველი რაუნდი წააგო. 2019 წლის ოქტომბერში, უზენაესმა სასამართლომ კანონიერად ცნო ცესკოს გადაწყვეტილება რაულ ხაჯიმბას პრეზიდენტად აღიარების შესახებ. მაგრამ ოპოზიციის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ საკასაციო სასამართლოში კარგი შანსები აქვთ.
19 დეკემბერს, სპეციალურად საკასაციო სასამართლოს ამ სხდომისთვის, აფხაზეთში, მოსკოვიდან ჩაფრინდა ოპოზიციის ლიდერი, ასლან ბჟანია, რომელმაც ერთი დღით შეწყვიტა სარეაბილიტაციო პროცედურები.
ასლან ბჟანია 2019 წლის აგვისტოში, საპრეზიდენტო არჩევნებზე, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი უნდა ყოფილიყო, თუმცა, მოულოდნელად, მძიმე მეტალით მოწამვლის ნიშნებით, კრიტიკულ მდგომარეობაში, საავადმყოფოში აღმოჩნდა.
თავად ბჟანია და მისი მხარდამჭერები დარწმუნებული არიან, რომ ეს მისი მოწამვლის მცდელობა იყო, რათა ჩამოეშორებინათ საპრეზიდენტო რბოლიდან. მართალია პირდაპირ ეს არასოდეს უთქვამთ, პირველი ეჭვმიტანილი ამ შემთხვევაში, შესაძლოა, აფხაზეთის პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა იყოს – რადგან ის იყო ბჟანიას ძირითადი კონკურენტი არჩევნებზე.
საბოლოოდ, მის ნაცვლად არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ოპოზიციური პარტია „ამცახარას“ თავმჯდომარემ, ალხას კვიცინიამ.
• თუკი ასლან ბჟანია მაინც მოწამლეს – ვინ და რატომ?
არჩევნების მეორე ტურში, კვიცინიამ ხმათა 46% მიიღო. მისმა მთავარმა კონკურენტმა, მოქმედმა პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ – 47%. ცესკომ ხაჯიმბა ახალ პრეზიდენტად გამოაცხადა, თუმცა, კვიცინიამ ეს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. ოპოზიცია, მათ შორის, ასლან ბჟანია ამტკიცებს, რომ კანონმდებლობის თანახმად, ეს შედეგები რეალურად იმაზე მეტყველებს, რომ არჩევნებში არავის გაუმარჯვია და კენჭისყრა ახლიდან უნდა ჩატარდეს.
ოპოზიციას იმედი აქვს, რომ სასამართლო საბოლოოდ მათ მხარეს დაიჭერს და აფხაზეთში ახალი საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნება, სადაც ოპოზიცია ახალ კანდიდატს – ასლან ბჟანიას წარადგენს.
სასამართლოს დარბაზში იმყოფებოდნენ მოსარჩელე, პარტია „ამცახარას“ თავმჯდომარე ალხას კვიცინია, პარლამენტის დეპუტატი ასლან ბჟანია, პარტია „ერთიანი აფხაზეთის“ ლიდერი სერგეი შამბა და საზოგადოების წარმომადგენლები.
თავიდანვე დავა წარმოიშვა მოსამართლე რომან კვარჩიას გარშემო. მოსარჩელის ადვოკატმა ინგა გაბილაიამ მისი აცილება მოითხოვა და განაცხადა, რომ მისი სამოსამართლეო უფლებამოსილების ვადა რამდენიმე კვირით ადრე ამოიწურა.
თუმცა, სასამართლომ რაულ ხაჯიმბას მხარე დაიჭირა, დაადგინა, რომ მოსამართლეს უფლება აქვს, გააგრძელოს საკუთარი უფლებამოსილების შესრულება იმ საქმის დასრულებამდე, რომელიც მისი მონაწილეობით დაიწყო და მოპასუხის მოთხოვნით, საქმის განხილვა იანვრისთვის გადადო.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო